მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი მკვეთრად შეუმცირა

625407f5b8240
ნინო ტაბატაძე
11.04.22 14:50
982

რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა რეგიონზე მნიშვნელოვანი იქნება. მსოფლიო ბანკმა რეგიონის ქვეყნების, მათ შორის, წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი მკვეთრად შეამცირა.

ბანკის ანალიტიკოსების შეფასებით, 2022 წელს საქართველოს ეკონომიკა მხოლოდ 2.5%-ით გაიზრდება, რაც იანვარში გაკეთებულ პროგნოზთან (5.5%) შედარებით 3 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული. გადაიხედა 2023 წლის პროგნოზიც - მშპ -ის ზრდის ტემპი 6%-ის ნაცვლად 5.5% იქნება.

მსოფლიო ბანკის ახალ ანგარიშში ნათქვამია, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის ნეგატიური გავლენა საქართველოს 3 არხით გადმოეცემა: საგარეო ვაჭრობა, ტურიზმი და ფულადი გზავნილები.

მსოფლიო ბანკი აღნიშნავს, რომ რუსეთი და უკრაინა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორები არიან, განსაკუთრებით ღვინის და წყლების სექტორში. ამ საექსპორტო პროდუქციისთვის ალტერნატიული ბაზრების მოძიება კი, მოკლე ვადაში რთული იქნება. ამასთან, საქართველო დამოიკიდებულია რუსეთსა და უკრაინიდან რამდენიმე მთავარ საიმპორტო პროდუქტზეც. ნეგატიური გავლენა ექნება სასაქონლო ნედლეულზე ფასების ზრდას.

უარყოფითი ფაქტორების დაბალანსება მსოფლიო ბანკის შეფასებით შესაძლებელი იქნება ბუნებრივი გაზის გრძელვანიანი ხელსაყრელი კონტრაქტებით და შუა დერეფანში ტვირთბრუნვის გაზრდის პერსპექტივით.

"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ველით 2022 წლისთვის ეკონომიკური ზრდის შესუსტებას, საქართველო კარგ პოზიციაში იმყოფება რომ მართოს ომით გამოწვეული ზემოქმედება გონივრული ფისკალური და გარე ბუფერების მეშვეობით და მტკიცე მაკრო-საფინანსო ჩარჩოთი. საბანკო სექტორი კრიზისში შედარებით ძლიერი პოზიციით შედის, სამთავრობო დეპოზიტები მნიშვნელოვანი მოცულობისაა და ვალი მდგრადობას ინარჩუნებს. ახლა საჭიროა გაგრძელდეს ეკონომიკის გონივრული მართვა, დაზარალებული ბიზნესებისა და ოჯახების მხარდაჭერა, და ამავდროულად, სტრუქტურული რეფორმების გაძლიერება პროდუქტიულობის გაზრდის, ადამიანური კაპიტალის გაუმჯობესებისა და კლიმატის ცვლილების შედეგებზე რეაგირების მიზნით,“ - აცხადებს მსოფლიო ბანკის წარმომადგენელი სებასტიან მოლინეუსი.

ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონი ბოლო 2 წელიწადში უკვე მეორე შოკის წინაშეა. ექსპერტები პანდემიიდან ახალ შოკში გადასული რეგიონის ეკონომიკის 4.1%-იანი შემცირებას ელიან. ბანკის პროგნოზით, უკრაინის ეკონომიკა 45.1%-ით შემცირდება. სანქციების გავლენით კი, 2022 წელს, რუსეთის მშპ-ს 11.2%-იანი ვარდნაა ნავარაუდევი.

„ჩვენი ანალიზის შედეგები ძალიან დამაფიქრებელია. პროგნოზები აჩვენებს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრამ რეგიონის პანდემიისგან აღდგენის ტემპი შეცვალა “, - ამბობს მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ანა ბიერდე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები