მსოფლიო ბანკმა 2026 წლის გლობალური ეკონომიკური პერსპექტივების ივნისის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 0.5 პროცენტული პუნქტით 5%-მდე არის შემცირებული.
ამავე დოკუმენტის თანახმად, შემცირებულია მთლიანად 2026 წლის გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზიც იანვარში ნავარაუდევი 2.7%-დან, 2.5%-მდე. შესაბამისად, WB-ის თანახმად, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი გლობალურ ეკონომიკურ ზრდას 0.2 პროცენტული პუნქტით შეამცირებს.
დოკუმენტში არაა კონკრეტული ჩანაწერი უშუალოდ საქართველოში ეკონომიკური ზრდის მოლოდინის კლების განმარტებასთან დაკავშირებით. ასევე რეგიონის ქვეყნებიდან გაზრდილია ნავთობის ექსპორტიორი აზერბაიჯანის ზრდის პროგნოზი 2%-მდე (მატება 0.2 პ.პ) და ყაზახეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.6%-მდე (მატება 0.1 პ.პ. წინა პროგნოზთან). ამასთან, გაზრდილია სომხეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.3%-მდე (მატება წინა პროგნოზთან 0.4%). ამ შემთხვევაშიც არაა მითითებული თუ რატომ მოხდა სომხეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის მატება.
გლობალური ეკონომიკური პერსპექტივების თანახმად, 2026 წელს რეგიონის ქვეყნებში ეკონომიკური ზრდა ასეთი იქნება:
- საქართველო: 5.0% (სხვაობა: -0.5 პ.პ)
- სომხეთი: 5.3% (სხვაობა: +0.4 პ.პ)
- აზერბაიჯანი: 2.0% (სხვაობა: +0.2 პ.პ)
- ყაზახეთი: 4.6% (სხვაობა: +0.1 პ.პ)
- მოლდოვა: 1.9% (სხვაობა: -0.8 პ.პ)
- მონტენეგრო: 2.9% (სხვაობა: -0.3)
- რუსეთის ფედერაცია: 0.8% (სხვაობა: 0 პ.პ)
- თურქეთი: 2.8% (სხვაობა: -0.9 პ.პ)
- უკრაინა: 1.2% (სხვაობა: -0.8 პ.პ).
BMG-მ სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ ოფისს მიმართა კითხვით - რამ განაპირობა საქართველოსთვის ზრდის პროგნოზის შემცირება, სომხეთში კი მისი გაუმჯობესება.
მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა, მაშინ როდესაც IMF-მა, EBRD-მა, ADB-მა გაზარდეს
მაისში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-დან 6.5%-მდე გაზარდა, ივნისში კი ზრდის პროგნოზს გაუმჯობესების მიმართულებით გადახედა საქართველოს მთავრობამაც - 5%-დან 6.3%-მდე. 3 ივნისს კი საქართველოს ეკონომიკური ზრდის 2026 წლის პროგნოზი გააუმჯობესა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) 5.5%-დან 6%-მდე. აპრილში აზიის განვითარების ბანკმა (ADB) საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-დან 5.5%-მდე გაზარდა. 10 ივნისს 2026 წლის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც 5.3%-დან 6.5%-მდე გაზარდა .
ფაქტობრივი შედეგები - 2026 წლის 4 თვეში საქართველოს ეკონომიკური ზრდა 8.3%-ს შეადგენდა
საქსტატის თანახმად, 2026 წლის იანვარ-აპრილში საქართველოს ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 8.3% შეადგინა. უწყებას ხუთი თვის ეკონომიკური ზრდის სტატისტიკა 30 ივნისს ექნება.
სწორედ ეკონომიკური ზრდის 4 თვის შედეგები იყო მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი, რომლის გათვალისწინებითაც როგორც მთავრობამ, ასევე სებ-მა, აზიის განვითარების ბანკმა, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა მაკროეკონომიკურ პროგნოზს გადახედეს და ის საქართველოსთვის ზრდის მიმართულებით დააკორექტირეს.



























