მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოს ეკონომიკასა და ბიზნესში

ალიევი ივანიშვილი

6-10 აპრილის კვირა, მიუხედავად უქმე დღეების სიმრავლისა, ეკონომიკური მოვლენებით დატვირთული გამოდგა. აზერბაიჯანის პრეზიდენტის ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტი, IMF-ის მისიის შეჯამება, მთავრობის სხდომა და მიღებული გადაწყვეტილებები... – BM.GE გასული კვირის მნიშვნელოვან ეკონომიკურ მოვლენებს გთავაზობთ:

  • აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში

6 აპრილს აზერბაიჯანის პრეზიდენტი საქართველოს ერთდღიანი ვიზიტით ეწვია. ილჰამ ალიევმა შეხვედრები მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან გამართა. ამასთან, გაფართოებულ ფორმატში ორი ქვეყნის მთავრობების წარმომადგენლები ერთმანეთს შეხვდნენ, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივ განცხადებები გაკეთდა.

ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების "კიდევ უფრო გაღრმავების" მოლოდინი დააფიქსირა და აღნიშნა, რომ საქართველო-აზერბაიჯანმა დავამტკიცეთ, რომ ენერგეტიკულ და სატრანსპორტო პროექტებში სანდო პარტნიორები ვართ.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო და აზერბაიჯანი მესამე ქვეყნებში ერთობლივ ინვესტირებას განიხილავენ, თუმცა კონკრეტული ქვეყნები და პროექტები არ დაუსახელებია. ილჰამ ალიევმა ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობაზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც ფართოვდება და მის ერთ-ერთ მთავარ საყრდენად „შუა დერეფანი“ დაასახელა.

საქართველოში ოფიციალური ვიზიტის დასრულებამდე აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი "ქართული ოცნების" დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. შეხვედრისას საუბარი შეეხო ენერგეტიკის, აზერბაიჯანული ინვესტიციების, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის და ზოგადად ეკონომიკური კავშირების საკითხებს. ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის მეგობრული ურთიერთობა უმაღლეს ნიშნულზეა.

მეორე დღეს კი ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ისფაჰანლის ქუჩაზე, ძველი აბანოს შენობის ტერიტორიაზე, რომელიც ამჟამად უფუნქციოა, ჰეიდარ ალიევის კულტურის ცენტრის მშენებლობა იგეგმება - ამის შესახებ მიწის ექსპროპრიაციის შესახებ ეკონომიკის მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა .

7 აპრილს, საქართველოს ეროვნულ ბანკში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტ ნათია თურნავასთან და ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან ერთად მისიის შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართა. ალეხანდრო ჰაჟდენბერგმა საქართველოში 2026 წელს მოსალოდნელ ეკონომიკურ პარამეტრებზეც ისაუბრა - ფონდი ზრდის პროგნოზს უცვლელად 5.3%-ის ოდენობით ინარჩუნებს, ხოლო ირანში დაწყებული ომის ფონზე, IMF მოელის, რომ აღნიშნულს საქართველოს ინფლაციაზეც ექნება გავლენა. რაც შეეხება სტრუქტურული რეფორმების კომპონენტს, ანგარიშში კვლავ მითითებულია, რომ ევროკავშირთან დაძაბულმა ურთიერთობებმა ინვესტორთა განწყობებზე შეიძლება მოახდინოს გავლენა. ასევე მითითებულია სახელმწიფო საწარმოების რეფორმის და სებ-ის მმართველობის დამოუკიდებლობის ხელშეწყობის ღონისძიებების მნიშვნელობა.

  • 8 აპრილს მთავრობის სხდომაზე მინისტრმა კაბინეტმა რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღო

8 აპრილს გამართულ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პლასტიკის ბოთლებით სასმლის იმპორტი, წარმოება და რეალიზაციის აკრძალვა 4 წლით გადავადდება.

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ მთავრობის მიერ შექმნილ ახალ ინსტიტუციას არა „ეკონომიკის განვითარების ბანკი“ არამედ „ეკონომიკის განვითარების კორპორაცია“ დაერქმევა;

სააგენტო „აწარმო საქართველოში“ რეფორმირების პარალელურად, ირაკლი კობახიძის მთავრობა 9 წლის წინ გაუქმებულ საინვესტიციო სააგენტოსაც დააბრუნებს.

ამავე სხდომიდან გაცხადდა, რომ ენერგეტიკული პროექტების მხარდაჭერის ფარგლებში დაწყებული ჯარიმებისა და საურავების ამნისტიის პროცესი დასრულდა და მთავრობის გადაწყვეტილებით, შეღავათებით 157-მა კომპანიამ ისარგებლა.

"მსოფლიო ბანკმა" საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 0.4 პროცენტული პუნქტით შეამცირა. განახლებული შეფასებით, 2026 წელს საქართველოს ეკონომიკა 5%-ით გაიზრდება.

რაც შეეხება 2027 წლის პროგნოზს, 5.5%-იანი ზრდაა მოსალოდნელი, რაც 0.5 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესებული პროგნოზია.

პროგნოზი ზრდის მიმართულებით გადაიხედა სომხეთის შემთხვევაში. მსოფლიო ბანკი ელის, რომ წელს ქვეყნის ეკონომიკა 5.3%-ით გაიზრდება, რაც წინა პროგნოზზე 0.4 პროცენტულ პუნქტიანი გაუმჯობესებაა.

აზერბაიჯანის შემთხვევაში პროგნოზი 0.2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 2%-ია.

აზიის განვითარების ბანკი (ADB) საქართველოში 2026 წელს 3.8%-იან ინფლაციას ვარაუდობს. თუმცა, ბანკი აფრთხილებს მთავრობას, რომ მიწოდების ჯაჭვების შეფერხებამ და ნავთობზე ფასების შესაძლო მატებამ, შესაძლოა, ინფლაციური წნეხი გააძლიეროს.

"ადრეული სტაბილიზაციის სცენარის პირობებში, 2026 წელს 3.8% ინფლაციას ვარაუდობენ, რაც ოდნავ ჩამოუვარდება 2025 წლის 3.9%-ს, ხოლო 2027 წელს 3.3%-მდე შემცირდება", - წერია ADB-ის წლიურ ეკონომიკურ გამოცემა "აზიის განვითარების პროგნოზი 2026-ის" აპრილის ანგარიშში.

საქართველოს საპენსიო ფონდმა 31 მარტის მდგომარეობით არსებული მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ფონდის აქტივებმა 8.8 მილიარდ ლარს, ხოლო დაგენერირებულმა ამონაგებმა 2.4 მილიარდ ლარს გადააჭარბა.

მარტის თვის მონაცემებით, კონსერვატიულმა პორტფელმა შედარებით მცირე, 0.39%-იანი კლება აჩვენა, სადაც აქციების პორტფელის წილი ნაკლებია, ხოლო დაბალანსებული და დინამიკური პორტფელების ამონაგები შესაბამისად -1.85% და -3.08% იყო.

2026 წლის I კვარტალში საქართველოს პორტების საკონტეინერო ტვირთბრუნვა 4%-ით გაიზარდა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში მიმდინარე წლის I კვარტალში გადამუშავებულმა კონტეინერების რაოდენობამ 188 149 TEU შეადგინა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4%-ით მეტია (180,177 TEU).

პორტების გაზრდილი დატვირთვის მაჩვენებლები თამარ იოსელიანმა შეაფასა. ეკონომიკის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ 2025 წელს ამ მიმართულებით არსებული პოზიტიური დინამიკა 2026 წელსაც გრძელდება. სამინისტროს პრესრელიზში ასევე აღნიშნულია, რომ თამარ იოსელიანის შეფასებით, რეგიონულ და გლობალურ ლოგისტიკაში საქართველოს როლი მზარდია.

2025 წელს საქართველოში სადაზღვევო კომპანიების მოზიდული პრემია და მოგება გაიზარდა. დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემების მიხედვით, გასულ წელს ჯამურად, ქვეყანაში მოქმედმა სადაზღვევო კომპანიებმა 1,4 მლრდ ლარის მოცულობის პრემია მოიზიდეს, მაშინ როცა 2024 წელს 1,2 მლრდ ლარი იყო.

რაც შეეხება მოგებას, გასულ წელს სადაზღვევო კომპანიებმა 348 მლნ ლარის მოგება ნახეს, მათ შორის წმინდა მოგება იყო 129 მლნ ლარი. 2024 წელს კი ეს მაჩვენებელი 307 და 127 მლნ ლარი იყო.


აზიის განვითარების ბანკის მოლოდინით, 2026 წელს საქართველოს ეკონომიკა 5.5%-ით გაიზრდება, მაშინ როცა ანგარიშის მიხედვით მოლოდინი 5% ზრდა იყო.

თუმცა, აზიის განვითარების ბანკი წერს, რომ 2026 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი 2025 თან შედარებით შემცირდება. ძირითად მიზეზებად მომსახურების სექტორის შენელება და საგარეო მოთხოვნის კლება სახელდება.

ADB-ის მთავარი წლიური გამოცემის, „აზიის განვითარების პროგნოზი 2026“-ის მიხედვით, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 2025 წლის 7.5%-დან 2026 წელს 5.5%-მდე შენელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები