აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო და აზერბაიჯანი მესამე ქვეყნებში ერთობლივ ინვესტირებას განიხილავენ - ამის შესახებ მან ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, თუმცა კონკრეტული ქვეყნები და პროექტები არ დაუსახელებია.
ილჰამ ალიევმა თბილისში ვიზიტისას განსაკუთრებული ყურადღება ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ კავშირებსა და საქართველოს შთამბეჭდავ ეკონომიკურ ზრდას დაუთმო. აზერბაიჯანის ლიდერის შეფასებით, საქართველოში არსებული ბიზნესგარემო და საინვესტიციო კლიმატი დამატებითი კაპიტალის მოსაზიდად ხელსაყრელ პირობებს ქმნის.
„ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში მხარს ვუჭერთ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და საზღვრების დაურღვევლობას. ასე იყო ოდითგანვე და ასე იქნება მომავალშიც. ეკონომიკურ სფეროში მნიშვნელოვანი მიღწევები გვაქვს. ჩემს ვიზიტამდე გადავხედე საქართველოს სტატისტიკურ მონაცემებს – ქვეყანაში მილიარდობით დოლარი იხარჯება, ზრდა არის შთამბეჭდავი. პირველი კვარტალის მაჩვენებლები გვაძლევს ამის იმედს. წლის ბოლოსთვის რამდენიმე მილიარდს გადავაჭარბებთ. საინვესტიციო კლიმატი გვაძლევს ამის საშუალებას, ბიზნესგარემოს აძლევს საშუალებას, ინვესტიციები კიდევ უფრო გაზარდოს. 3.6 მილიარდი დოლარია უკვე ჩვენი ქვეყნიდან საქართველოში ინვესტირებული. დღეს საუბარი გვქონდა ახალ საინვესტიციო პროექტებზე როგორც აზერბაიჯანის, ასევე საქართველოს მიმართულებით. შესაძლოა, ჩვენ მესამე ქვეყნებში საერთო ინვესტიციები განვიხილოთ. ჩვენ ამაზე გვქონდა საუბარი მასშტაბზე, რეგიონულ უსაფრთხოებაზე“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, საქართველო დინამიკურად ვითარდება, აქვს თვალსაჩინო ეკონომიკური ზრდა და კეთილგანწყობილი საინვესტიციო გარემო უცხოელი, მათ შორის, აზერბაიჯანელი ინვესტორებისთვის.
„ნება მიბოძეთ, მადლობა გადაგიხადოთ, ბატონო პრემიერ-მინისტრო მოწვევისთვის და მიღებისთვის. ყოველთვის დიდი პატივია მოძმე საქართველოში ჩამოსვლა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ვიზიტი კიდევ ერთ იმპულსს მისცემს ჩვენი ძმური ურთიერთობების განვითარებას. საკითხები, რომლებზეც ჩვენ დღეს ვისაუბრეთ, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ საქართველო და აზერბაიჯანი ერთად არიან, ერთი სულისკვეთებით არიან გამსჭვალულები. ჩვენი ისტორიული ფესვები გვაძლევს ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავების შესაძლებლობას. საუკუნეების განმავლობაში ასე იყო და ასე იქნება. მეგობრული, მეზობლური და ძმური ურთიერთობების განვითარებაში ვვითარდებით, როგორც დამოუკიდებელი სუვერენული ქვეყნები და წარმატებით ვავითარებთ ჩვენს რეგიონს. ვიყენებ ამ შესაძლებლობას და გილოცავთ ბატონო პრემიერ-მინისტრო თქვენ და თქვენს მთავრობას თქვენს მიღწევებს. საქართველო დინამიკურად ვითარდება, ეკონომიკური ზრდა აქვს ძალიან თვალსაჩინო. თქვენ ძალიან კეთილგანწყობილი საინვესტიციო გარემო შექმენით ქვეყანაში და ძალიან ბევრ უცხოელ ინვესტორს, მათ შორის, აზერბაიჯანელ ინვესტორებს ექმნებათ ძალიან კარგი გარემო, რომ ამ წარმატებაში დამატებითი წვლილი შეიტანონ, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს პოლიტიკურ სტაბილურობას და ეკონომიკურ ზრდას. თქვენ ხართ გარანტორი იმისა, რომ საქართველოს მთავრობის პოლიტიკა განვითარდება საქართველოს მოსახლეობის საკეთილდღეოდ. ჩვენ გვიხარია, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო მეტად განვითარდება თანმიმდევრულად და დინამიურად. ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში ორივე ვუჭერთ მხარს ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და დაურღვევლობას ჩვენი საზღვრებისა. ასე იყო ოდითგანვე და ასე იქნება მომავალშიც,“- აღნიშნა ილჰამ ალიევმა.
მასალა მომზადებულია სინქრონული თარგმანის მიხედვით.
როგორია საქართველოს ეკონომიკური კავშირი აზერბაიჯანთან
ცნობისთვის, დსთ-ს წევრი აზერბაიჯანიდან 2025 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 41.6%-ით 143.8 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა.
აზერბაიჯანიდან საქართველოში განხორციელებული ინვესტიციის მაქსიმალური მაჩვენებელი 2015 წელს იყო 581.7 მლნ აშშ დოლარი.
იქამდე კი, ბოლო 5 წლის მაჩვენებლები ასეთი იყო: 2024 - 83.9 მლნ აშშ დოლარი; 2023 - 99.02 მლნ აშშ დოლარი; 2022 - 5.1 მლნ აშშ დოლარი; 2021 - 3.4 მლნ აშშ დოლარი; 2020 - პანდემიურ წელს FDI-ს მაჩვენებელი უარყოფითი იყო, - 16.3 მლნ აშშ დოლარი.




























