საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასი მცირდება, თუმცა თვიურ ჭრილში ზრდა მაინც 40%-ს აღწევს. ნედლ ნავთობზე ფასი 89 დოლარამდე, Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი კი 100 დოლარამდეა შემცირებული. იკლო რუსული ნავთობის ფასმაც და ბარელზე 100 დოლარს შეადგენს, თუმცა ურალსი თვიურ ჭრილში 70%-ით არის გაძვირებული. რაც შეეხება WTI-ს [West Texas Intermediate], მისმა ფასმა 89 დოლარამდე იკლო.
24 მარტს ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ წევრ ქვეყნებს მოუწოდა, ნავთობზე ფასების მკვეთრი ზრდისა და მოსალოდნელი დეფიციტის ფონზე, საგანგებო შეზღუდვები დააწესონ. სააგენტოს რეკომენდაციით, მთავრობებმა უნდა შეამცირონ სიჩქარის ლიმიტები ავტომაგისტრალებზე, წაახალისონ დისტანციური შრომა და შეზღუდონ კერძო ავტომობილების გადაადგილება დიდ ქალაქებში. აღნიშნული ზომები პირდაპირ უკავშირდება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტსა და ჰორმუზის სრუტის ბლოკირებას, რამაც გლობალური ენერგობაზარი ბოლო ათწლეულების ყველაზე მძიმე კრიზისის წინაშე დააყენა.
როგორც ირკვევა, IEA-ს მიერ შემუშავებული 10-პუნქტიანი გეგმა მიზნად ისახავს საწვავზე მოთხოვნის მყისიერ შემცირებას, რათა შენარჩუნდეს ენერგოუსაფრთხოება ხანგრძლივი დეფიციტის პირობებში. სააგენტო ქვეყნებს სთავაზობს ავტომობილების ნომრების მიხედვით მოძრაობის გრაფიკის დაწესებას, საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოპულარიზაციას და ავიაფრენების მაქსიმალურ შეზღუდვას. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ავსტრალიამ, გაერთიანებულმა სამეფომ და აშშ-მა უკვე დაიწყეს ნავთობის სტრატეგიული რეზერვების გამოყენება, თუმცა ექსპერტები შიშობენ, რომ მიწოდების აღდგენას ირანთან კონფლიქტის გამო ხანგრძლივი დრო დასჭირდება.
ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ განხორციელებულმა იერიშებმა საწვავის ყველა სახეობაზე - ბენზინზე, დიზელსა და თხევად აირზე ფასების რეკორდული ზრდა გამოიწვია. აქვე უნდა ითქვას, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ, მათ შორის საბერძნეთმა და ავსტრიამ, საწვავის საცალო ვაჭრობაზე მოგების მარჟა უკვე შეზღუდა, რათა მომხმარებლები ფასების შოკისგან დაიცვას. IEA-ს აღმასრულებელი დირექტორი, ფატიჰ ბიროლი აცხადებს, რომ კონფლიქტის დროულად მოუგვარებლობის შემთხვევაში, მსოფლიო ეკონომიკაზე დარტყმა კიდევ უფრო მწვავე იქნება.
13 მარტს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ერთი თვით გააუქმა. 28 თებერვლიდან მსოფლიო ახალი მასშტაბური სამხედრო დაპირისპირების წინაშე აღმოჩნდა. ყველაფერი ირანზე ისრაელისა და აშშ-ის სამხედრო ოპერაციით დაიწყო, რასაც ირანმა რეგიონის სხვა ქვეყნებზეც საპასუხო დარტყმებით უპასუხა. ირანი, ისრაელის გარდა, არაერთ მეზობელს არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, საუდის არაბეთს, კატარს, ერაყს, ქუვეითსა და ბაჰრეინს რაკეტებით უტევდა. ახლო აღმოსავლეთში ნებისმიერი დაძაბულობა, მით უფრო ასეთი მასშტაბის კონფლიქტი ბუნებრივია, გავლენას ახდენს ენერგეტიკულ ბაზრებზე, რადგან ეს ქვეყნები მსოფლიოში ნავთობის უმსხვილესი ექსპორტიორები არიან. ჩაკეტილი რჩება ჰორმუზის სრუტეც, ვიწრო გასასვლელი სპარსეთის ყურიდან ოკეანეში, რომელიც წლიურად მსოფლიო ნავთობის მეხუთედს ატარებს.




























