საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის გადაწყვეტილებით, საქართველოში ყოველ წელს ჩატარდება მსოფლიო თასის ეტაპები - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გუდაურში, ზამთრის ტურისტული სეზონის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.
ვიცე-პრემიერის თქმის, მიზანი, ქართული ზამთრის კურორტების ცნობადობის ზრდაა, რადგან საერთაშორისო მედიაში ღონისძიება ფართოდ გაშუქდება .
"საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციამ, ჩვენი მაღალ დონეზე ორგანიზების შედეგად, მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოში მსოფლიო თასის ეტაპები ყოველ წელს ჩატარდეს. წელს, უახლოეს ხანში ჩატარდება პირველი ეტაპი ბაკურიანში. შემდეგ გვექნება თებერვლის თვეში მსოფლიო თასის ეტაპი გუდაურში. მონაცვლეობით გვექნება ზამთრის კურორტზე მსოფლიო თასის ეტაპები და რა თქმა უნდა, საქართველოში ეს მაღალი დონის ღონისძიება გაშუქდება მსოფლიო დონეზე და გაზრდის ჩვენი ზამთრის კურორტების ცნობადობას. ეს კიდევ უფრო მეტი მაღალი მსყიდველობითი უნარის მქონე ტურისტს მოიყვანს ჩვენს ქვეყანაში. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ჩვენი ტურიზმის დინამიკური განვითარებისთვის კეთდება", - განაცხადა დავითაშვილმა.