კვირის მთავარი ავტო სიახლეების წარმდგენია "თეგეტა ჰოლდინგი"
გერმანია ელექტრომობილების წარმოების სუბსიდირებას წყვეტს
გერმანია ელექტრომობილების წარმოებას აღარ დაასუბსიდირებს. მიზეზი, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაა, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ბიუჯეტი რიგი პროგრამების შეწყვეტის ხარჯზე უნდა შემცირდეს.
პროგრამის დაფინანსება 2016 წელს დაიწყო და ელექტრომობილების სუბსიდირებისთვის გერმანიამ 7 წელიწადში დაახლოებით 10 მილიარდი ევრო გადაიხადა. საერთაშორისო მედიის ცნობით, გადაწყვეტილება 2024 წლის განახლებული ბიუჯეტის მიღების შემდეგ ე.წ ქამრების შემოჭერის პირველი ნიშანია.
ელექტრომობილების სუბსიდია თავდაპირველად 2024 წლის ბოლომდე იყო გამიზნული. მწარმოებელთა მოლოდინით, ნაადრევად შეწყვეტილი პროგრამა, გერმანულ ელექტრომობილებზე ფასის ზრდას გამოიწვევს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით გერმანია, საქართველოში ელექტრომობილების იმპორტიორი ქვეყნების ჩამონათვალში მეოთხე ადგილს იკავებს. იანვარ-ოქტომბერში გერმანიიდან საქართველოში 100 ერთეული 7,561 მლნ აშშ დოლარის ელექტრო ძრავის მანქანა შემოვიდა. პირველი სამეული კი ასეთია: აშშ, ჩინეთი, იაპონია.
მსოფლიოს უმსხვილესი ავტომწარმოებელი კომპანიების რეიტინგი
მსოფლიოს მასშტაბით 100-მდე ავტომწარმოებელი კომპანიაა რეგისტრირებული, რომელთა ჯამური საბაზრო კაპიტალიზაცია 2 ტრილიონ 190 მილიარდ დოლარს აღწევს.
უმსხვილესი ავტომწარმოებელი კომპანიების რეიტინგში პირველ ადგილს ამერიკული Tesla იკავებს, რომელიც ელექტრომობილების ინდუსტრიაში ნამდვილი პიონერია და ის ბაზრის თითქმის 60%-ს აკონტროლებს. კომპანია ბირჟაზე 760 მილიარდ დოლარადაა შეფასებული, მისი ხელმძღვანელი, ილონ მასკი კი პლანეტის უმდიდრესი მეწარმეა.
მეორე ადგილს იაპონური გიგანტი Toyota იკავებს, რომელიც ბირჟაზე 250 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. Toyota წლიურად საშუალოდ 10 მილიონ ავტომობილს აწარმოებს და გაყიდვების მიმართულებით ის უდავო ლიდერია.
უმსხვილესი ავტომწარმოებელი კომპანიების რეიტინგში მესამე ადგილზე გერმანული Porsche გვხვდება, რომელიც ბირჟაზე 82 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. Porsche-ს შემთხვევაში მთავარი ფოკუსი სპორტულობაზე, მოქნილობასა და კომფორტზეა გაკეთებული;
მეოთხე ადგილზე წარმოდგენილია ჩინური გიგანტი BYD, რომლის კაპიტალიზაცია $77 მილიარდს აღწევს. ელექტრომობილების წარმოების მიმართულებით BYD მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს, თუმცა კონკურენტებისგან განსხვავებით, ის შედარებით ბიუჯეტურ ავტომობილებს ქმნის.
ჩამონათვალში მეხუთე ადგილზეა კომპანია, რომელმაც თავად შექმნა მსოფლიოში პირველი ავტომობილი, ცხადია, საუბარი გვაქვს Mercedes-Benz-ზე, რომელიც ბირჟაზე $70 მილიარდადაა შეფასებული.
Volkswagen-ი და Renault-ი დაბალბიუჯეტური ელექტრომობილის წარმოებას გეგმავენ?!
დაბალბიუჯეტური ელექტრომობილების წარმოებაში გერმანული Volkswagen, პოტენციურ პარტნიორად Renault-ს განიხილავს. ინფორმაციას გერმანული გამოცემა Handelsblatt ავრცელებს სანდო წყაროზე დაყრდნობით. გამოცემის ცნობით, ავტომწარმოებლებს შორის მოლაპარაკებები ადრეულ სტადიაზე და ჯერ კონკრეტული არაფერია ცნობილი.
არსებული ინფორმაციით, ავტომობილების რაოდენობის სამიზნე მაჩვენებელია, 200 250 ათასი ერთეული, მისი ფასი კი 20 000 ევროს არ უნდა აღემატებოდეს. საკითხზე კომენტარისგან თავს იკავებს Volkswagen-იც.
ფაქტი ერთია, ევროპული ავტომწარმოებლები იაფი და ბიუჯეტური ელექტრომობილების წარმოებაზე კიდევ უფრო აქტიურად ფიქრობენ, რადგან კონკურენცია საკმაოდ მძაფრია ამერიკულ TESLA-თან და დაბალბიუჯეტურ ჩინურ ელექტრომანქანებთან. მით უმეტეს იმ ფონზე, რომ JATO Dynamics-ის კვლევის მიხედვით, 2023 წლის პირველ ნახევარში ევროპაში ელექტრომობილების საშუალო საცალო ფასი 65 000 ევროზე მეტი იყო, ჩინეთში კი ეს მაჩვენებელი საშუალოდ 31 000 ევროა.
Xspace - Geely-ის პირველი კომერციული მინივენი
Geely-ის პირველი კომერციული მინივენის ექსტერიერი და მახასიათებლების დეტალები ცნობილია. ჩინური მწარმოებელი კომერციულ მინივენზე მუშაობას ასრულებს, რომლის სახელწოდებაც Xspace იქნება. თუმცა მისი მშობელი ბრენდის Geely-ის ნაცვლად მინივენს მწარმოებლად ბრიტანული LEVC ეწერება.
მინივენი სამ ან ოთხრიგიან ინტერიერს, ელექტროძრავას და 600 კილომეტრამდე მანძილის დიაპაზონს აერთიანებს. Xspace მინივენის ერთი ელექტროძრავა 272 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, ასევე თქვენს განკარგულებაშია 73-დან 120 კილოვატ/საათამდე სიმძლავრის ელემენტები. სწრაფ დამუხტვას 10-დან 80 პროცენტამდე ნახევარ საათში გვპირდებიან, ხოლო ათ წუთში შეგიძლიათ შეავსოთ ენერგიის რეზერვი 200 კილომეტრის ექვივალენტით.
ბრენდი LEVC ცნობილია, როგორც ლონდონის ტაქსების მწარმოებელი, ამიტომ ახალი მინივენი შეიძლება ჩაითვალოს ცნობილი შავი კაბინების არაოფიციალურ მემკვიდრედ.
“ავტომობილების ღირებულება 10-15%-ით შემცირებულია” - "კავკასუს ავტო იმპორტი"
საქართველოს ბაზარზე ავტომობილების სიჭარბეა. ავტოიმპორტიორები ამბობენ, რომ მსუბუქ ავტომობილებზე მოთხოვნა მზარდია, თუმცა მიწოდების დაბალანსება მაინც ვერ ხერხდება, რასაც ავტომობილების ღირებულებაზეც აქვს გავლენა.
"კავკასუს ავტო იმპორტის" მარკეტინგის მენეჯერი აცხადებს, რომ ავტომობილების ბაზარზე შექმნილი პროფიციტის გამო ფასები უკვე 10-15%-ით არის შემცირებული. კახა ლომიძე აცხადებს, რომ მიუხედავად ადგილობრივ ბაზარზე არსებული სიჭარბისა, მოთხოვნა შუა აზიიდან მაინც მზარდია, განსაკუთრებით ყაზახეთის ბაზარზე. ეს კი ბიზნესს მოლოდინს უჩენს, რომ ფასები 2024 წლის გაზაფხულიდან ზრდას დაიწყებს.