საერთაშორისო ბირჟაზე ოქროს ფასი, ბოლო წლების განმავლობაში, მზარდი ტენდენციით გამოირჩევა. ბოლო მონაცემებით, უნცია მეტალის ღირებულება ამჟამად 2,344 დოლარს შეადგენს, რაც ერთწლიან პერიოდში 20%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
ძვირფას ლითონზე ფასი იმ არეულობის ფონზე გაიზარდა, რომელიც თავიდან კოვიდპანდემიამ, შემდეგ კი გეოპოლიტიკურმა კონფლიქტებმა და ინფლაციასთან საბრძოლველად საპროცენტო განაკვეთების ზრდამ განაპირობა.
გარემოებებიდან გამომდინარე, ოქრო ინვესტორთა ნაწილისთვის მათი პორტფოლიოს განუყრელი აქტივი გახდა და არც სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკები იკავებენ თავს, შეიძინონ ყვითელი მეტალი.
ამ ფონზე საინტერესოა, მსოფლიოს რომელ ქვეყნებში მოიპოვებენ ყველაზე მეტ ოქროს? Nasdaq.com აშშ-ის გეოლოგიური კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, იმ ქვეყნების რეიტინგს აქვეყნებს, რომლებმაც 2023 წელს ყველაზე დიდი ოდენობის ოქრო აწარმოვეს. მათივე ინფორმაციით, გასულ წელს ოქროს გლობალური წარმოება 3 000 ტონას შეადგენდა, 60 ტონით ნაკლებს, ვიდრე 2022-ში.
1. ჩინეთი - 370 ტონა
მართალია, ჩინეთში ოქროს წარმოებამ მაქსიმალურ ნიშნულს 2016 წელს, 455MT-ით მიაღწია, თუმცა მას შემდეგ მოპოვებული ოქროს მოცულობა 300 ტონას ყოველთვის აღემატება. სწორედ ამიტომ, ჩინეთი უკვე მრავალი წელია ინარჩუნებს ოქროს უმსხვილესი მწარმოებლის ტიტულს.
მიუხედავად იმისა, რომ სექტორში 1990-იან და 2000-იან წლებში უცხოური ინვესტიციები წახალისებული იყო თავად მთავრობის მიერ, დღეს ოქროს მომპოვებელი ინდუსტრია სახელმწიფო ოპერატორებითაა დომინირებული. მსხვილ კომპანიებს შორისაა: China Gold International Resources, Shandong Gold და Zijin Mining Group.
გარდა იმისა, რომ ჩინეთი ოქროს უმსხვილესი მწარმოებელია, 2023 წელს ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა მსოფლიოში ყველაზე მეტი ოქრო შეისყიდა და საკუთარ მარაგს 225 ტონა ძვირფასი ლითონი შესძინა, რითაც რეზერვის მოცულობა 2 235 MT-მდე გაიზარდა.
2. ავსტრალია - 310 ტონა
მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა რეიტინგში მეორე ადგილს იკავებს, 2023 წელს ავსტრალიაში ოქროს წარმოება შემცირდა და 314-დან, 310 ტონამდე ჩამოვიდა.
ავსტრალიაში ოქროს საბადოებს ბევრგან შეხვდებით, რის გამოც TOP 5 მთავარი საბადოდან ხუთივე ქვეყნის სხვადასხვა რეგიონშია მოწყობილი. მხოლოდ 2023 წლის პირველ სამ კვარტალში, ავსტრალიის ყველაზე მასშტაბური საბადო Boddington-იდან, ავსტრალიის TOP მწარმოებელმა Newmonts-მა 589 ათასი უნცია ოქრო მოიპოვა.
ავსტრალია ოქროს უდიდესი რეზერვის პატრონიცაა და 12 000 ტონა ოქროთი მას ძვირფასი ლითონით მსოფლიოს მომარაგების პროცესში მნიშვნელოვანი წვლილიც შეაქვს. ოქროთი ვაჭრობამ ავსტრალიის ეკონომიკაში 2022-23 წლებში 24 მილიარდი ავსტრალიური დოლარი შეიტანა.
3. რუსეთი - 310 ტონა
2023 წელს რუსეთში 310 MT ოქრო მოიპოვეს, ზუსტად იმდენი, რამდენიც 2022-ში. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყანაში ძვირფასი ლითონის წარმოება მნიშვნელოვნად გაიზარდა 2017 წლის შემდეგ, როდესაც მოპოვებული ოქროს მოცულობა მხოლოდ 255 ტონას უდრიდა.
კვლევის თანახმად, რუსეთში ოქროს რეზერვი 11 100 ტონა ოქროს ითვლის, რითაც რუსეთს, ავსტრალიის შემდეგ, ოქროს ყველაზე დიდი მარაგი აქვს. მიუხედავად ამისა, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, რუსული ოქრო მსოფლიო ბაზარზე თითქმის ვეღარ ხვდება. სანაცვლოდ, რუსეთმა ალტერნატიული ბაზრების მოძიება დაიწყო და ოქროს BRICS-ის ქვეყნებსა და სხვა აზიურ ბაზრებზე, მაგალითად, ყაზახეთში ყიდის.
4. კანადა - 200 ტონა
2022 წელთან შედარებით, ოქროს წარმოება კანადაში გასულ წელს 6 ტონით შემცირდა და 200 ტონა შეადგინა. მანამდე, 2019 წლიდან, კანადაში ოქროს მოპოვება მზარდი ტენდენციით გამოირჩეოდა.
ონტარიო და კვებეკი ქვეყნის მთავარი საბადო პროვინციები არიან - სწორედ აქ მოიპოვებენ ქვეყანაში წარმოებული ოქროს 70%-ს. კანადის მთავრობის თანახმად, ოქრო სახელმწიფოსთვის ყველაზე ძვირადღირებული მონაპოვარია - 2022 წელს ადგილობრივ ექსპორტში ძვირფასი ლითონის კონტრიბუცია 22.34 კანადური დოლარი აღმოჩნდა.
5. ამერიკის შეერთებული შტატები - 170 ტონა
2023 წელს აშშ-ში ოქროს წარმოება, წლიურ ჭრილში, მცირედით - 173-დან 170 ტონამდე შემცირდა. მიუხედავად მცირე სხვაობისა, 2023 ოქროს მოპოვების შემცირების ტენდენციით რიგით მეექვსე წელი აღმოჩნდა. 2017 წელს, 237 MT ოქროს მოპოვების შემდეგ, აშშ-ს მსგავსი წარმოება აღარ ჰქონია.
კვლევის თანახმად, შიდა წარმოების 73% ნავადის შტატზე მოდისმ, 13% კი - ალასკაზე. აღსანიშნავია ისიც, რომ ქვეყნის TOP 27 მწარმოებელი მოპოვებული ოქროს 97%-ზეა პასუხისმგებელი.
აშშ-ის ოქროს რესურსების შეფასებამ აჩვენა, რომ ქვეყნის მარაგი, იდენტიფიცირებული თუ აღმოუჩენელი წყაროებიდან, 33 000 MT-ია. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ანგარიშში ნათქვამია, რომ აღმოუჩენელ რესურსებში, ოქროს თითქმის მეოთხედი, სპილენძის პორფირის საბადოებში გვხვდება. აშშ-ის რეზერვი, საშუალოდ, 3 000 ტონა ოქროა.
6. ყაზახეთი - 130 ტონა
7. მექსიკა - 120 ტონა
8. ინდონეზია - 110 ტონა
9. სამხრეთ აფრიკა - 100 ტონა
10. უზბეკეთი - 100 ტონა