მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოქროს და ვერცხლის ფასები იზრდება - მიზეზები

ოქრო და ვერცხლი

საერთაშორისო ბირჟაზე ოქროს ფასი იზრდება, უნცია მეტალის ღირებულება ამჟამად 2,344 დოლარს შეადგენს, რაც ერთწლიან პერიოდში 20%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

ოქროს პარალელურად, მკვეთრადაა გაზრდილი ვერცხლის ფასიც და მისი გაძვირების მაჩვენებელი ერთწლიან პერიოდში 33%-ს აჭარბებს. ოქროს მსგავსად, ვერცხლთან მიმართებით სადაზღვევო აქტივის არგუმენტი მოქმედებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოს მასშტაბით გეოპოლიტიკური თუ ეკონომიკური რისკების ზრდის პერიოდში ინვესტორები შედარებით უსაფრთხო ღირებულების შემნახველ აქტივებს ირჩევენ, ერთ-ერთი ასეთი კი ვერცხლია.

ოქროს რაც შეეხება, საერთაშორისო ბირჟაზე მის ფასს მოთხოვნა-მიწოდება ადგენს. ძირითადად, ოქროს ცენტრალური ბანკები, კერძო ინვესტორები და იუველირები ყიდულობენ. ინვესტორების მოთხოვნა პირდაპირაა დამოკიდებული ეკონომიკურ მდგომარეობაზე, იუველირების ქცევა კი ძვირფასი სამკაულების ბაზარზე არსებულ ვითარებასთან არის დაკავშირებული.

ასევე, აუცილებლად გასათვალისწინებელია ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური რეზერვის ფაქტორი. მოგეხსენებათ, ოქროსა და ამერიკულ დოლარს შორის საპირისპირო მიმართებაა. დოლარის გამყარება ოქროს გაუფასურებას იწვევს, ვალუტის დევალვაცია კი ძვირფასი ოქროს გაძვირებას უწყობს ხელს. თავად დოლარის სიმყარეზე გავლენას არაერთი ფაქტორი ახდენს, მათ შორისაა: გეოპოლიტიკური ვითარება, მონეტარული პოლიტიკა, სავალუტო შემოდინებები, სავაჭრო ბალანსი და ეკონომიკური ზრდა. ყველაზე მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, რეფინანსირების განაკვეთია, რომლის შემცირება ოქროზე პოზიტიურად აისახება.

ბოლო პერიოდის განმავლობაში ოქროს და ვერცხლის გაძვირება პირდაპირ კავშირშია გეოპოლიტიკური რისკების ზრდასთან, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, რასაც ირანის პრეზიდენტის ავიაკატასტროფაში დაღუპვა ამწვავებს.

ასევე, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ აშშ და ჩინეთი სავაჭრო ომს ამწვავებენ, ეს ყველაფერი კი ღირებულების შემნახველი აქტივების ღირებულებაზე პოზიტიურად აისახება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები