მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მსოფლიოს უდიდესი ბიბლიოთეკები - TOP 10

ბიბლიოთეკები

ქვეყნების განვითარება მხოლოდ ეკონომიკური და ტექნოლოგიური მაჩვენებლებით არ განისაზღვრება - მნიშვნელოვანი ფაქტორია მათი კულტურული მემკვიდრეობაც, მათ შორის წიგნები, ხელნაწერები, ციფრული არქივები და კვლევითი რესურსები. მსოფლიოს უდიდესი ბიბლიოთეკები არა მხოლოდ მილიონობით წიგნს ინახავენ, არამედ ვიზიტორებს იშვიათ ისტორიულ დოკუმენტებს, სპეციალურ კოლექციებსა და უახლეს ტექნოლოგიებს სთავაზობენ, განათლებისა და კვლევის ხელშესაწყობად.

გაგაცნობთ მსოფლიოს 10 უდიდეს ბიბლიოთეკას, რომლებიც თავიანთი შთამბეჭდავი კოლექციებით, არქიტექტურული სილამაზითა და საგანმანათლებლო წვლილით გამოირჩევიან. მსოფლიოს ეს 10 უდიდესი ბიბლიოთეკა არა მხოლოდ ვრცელი კოლექციების საცავია, არამედ კულტურული და საგანმანათლებლო ღირსშესანიშნაობაც. მილიონობით ექსპონატით, დაწყებული უძველესი ხელნაწერებიდან, დამთავრებული ციფრული არქივებით, თითოეული ბიბლიოთეკა უნიკალურ და ფასდაუდებელ რესურსს წარმოადგენს ცოდნისა და სწავლისთვის.

10.

ესპანეთის ეროვნული ბიბლიოთეკა (მადრიდი, ესპანეთი)

ესპანეთის ეროვნული ბიბლიოთეკა ქვეყნის უდიდესი წიგნსაცავია, რომლის კოლექციაც 33 მილიონზე მეტ ნივთს მოიცავს. ის 1712 წელს დაარსდა და ემსახურება ესპანურ ლიტერატურას, ისტორიულ დოკუმენტებსა და გამოცემებს. ბიბლიოთეკა ფლობს მრავალფეროვან კოლექციას, შუა საუკუნეების ხელნაწერებიდან დაწყებული, თანამედროვე პუბლიკაციებით დამთავრებული და ცნობილია ხელოვნებისა და ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით არსებული მნიშვნელოვანი ფონდებით.

9.

გერმანიის ეროვნული ბიბლიოთეკა (ლაიფციგი და ფრანკფურტი, გერმანია)

გერმანიის ეროვნული ბიბლიოთეკა, რომელიც ლაიფციგსა და ფრანკფურტში მდებარე ფილიალებს აერთიანებს, დაახლოებით 36 მილიონ ნივთს ინახავს. 1912 წელს დაარსებული ბიბლიოთეკა პასუხისმგებელია ყველა გერმანული პუბლიკაციის, ასევე გერმანულენოვანი სამყაროს შესახებ არსებული ნაშრომების დაარქივებაზე. ბიბლიოთეკის კოლექცია მოიცავს წიგნებს, პერიოდულ გამოცემებს, რუკებსა და სანოტო ჩანაწერებს.

8.

ჩინეთის ეროვნული ბიბლიოთეკა (პეკინი, ჩინეთი)

ჩინეთის ეროვნული ბიბლიოთეკა აზიის უდიდესი და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ბიბლიოთეკაა, რომელიც 41 მილიონზე მეტ ნივთს ითვლის. 1909 წელს დაარსებული ეს დაწესებულება ფლობს ჩინური წიგნების, ხელნაწერებისა და უძველესი ტექსტების ვრცელ კოლექციას, მათ შორის კონფუციანურ კლასიკურ ნაშრომებსა და ბუდისტურ სუტრებს. ბიბლიოთეკაში ასევე დაცულია დიდი რაოდენობით დასავლური პუბლიკაციები და სამეცნიერო ჟურნალები, რაც მას მნიშვნელოვან რესურსად აქცევს როგორც ჩინელი, ისე საერთაშორისო მეცნიერებისთვის.

7.

საფრანგეთის ეროვნული ბიბლიოთეკა (პარიზი, საფრანგეთი)

პარიზში საფრანგეთის ეროვნული ბიბლიოთეკა კოლექციაში 41 მილიონზე მეტ ნივთს უყრის თავს. 1461 წელს დაარსებული ბიბლიოთეკა ინახავს დოკუმენტების ფართო სპექტრს - შუა საუკუნეების ხელნაწერებს, სამეცნიერო ჟურნალებსა და თანამედროვე პუბლიკაციებს. ბიბლიოთეკის ონლაინ პლატფორმა, მისი არქივების მნიშვნელოვან ნაწილზე ციფრულ წვდომას გვთავაზობს, რაც ფრანგულ ლიტერატურულ და კულტურულ მემკვიდრეობას ხელმისაწვდომს მთელი მსოფლიოსთვის ხდის.

6.

ეროვნული პარლამენტის ბიბლიოთეკა (ტოკიო, იაპონია)

პარლამენტის ბიბლიოთეკა იაპონიაში დაახლოებით 42 მილიონიან კოლექციას იტევს. 1948 წელს დაარსებული დაწესებულება მხარს უჭერს იაპონიაში საკანონმდებლო ორგანოს (პარლამენტს) საქმიანობას და წარმოადგენს იაპონური პუბლიკაციების, იაპონიის შესახებ უცხოური გამოცემებისა და ოფიციალური სამთავრობო დოკუმენტების ყოვლისმომცველ საცავს. ბიბლიოთეკის მთავარი შენობა ტოკიოში და მისი ფილიალი კიოტოში, ვრცელ კოლექციებს გვთავაზობენ, თანამედროვე წიგნებიდან და ჟურნალებიდან დაწყებული, იშვიათი ისტორიული მასალებით დამთავრებული.

5.

რუსეთის სახელმწიფო ბიბლიოთეკა (მოსკოვი, რუსეთი)

რუსეთის სახელმწიფო ბიბლიოთეკა უდიდესია რუსეთში და ერთ-ერთი ყველაზე დიდი - მსოფლიოში, 47 მილიონზე მეტი ნივთით. ბიბლიოთეკა 1862 წელს დააარსდა და რუსული ლიტერატურის, სამეცნიერო ჟურნალების, სამთავრობო პუბლიკაციებისა და ისტორიული დოკუმენტების ვრცელ კოლექციას ინახავს.

4.

კანადის ბიბლიოთეკა და არქივები (ოტავა, კანადა)

კანადის ბიბლიოთეკა და არქივის კოლექცია 54 მილიონ ნივთს ითვლის, მათ შორის წიგნებს, ისტორიულ დოკუმენტებს, ფოტოებს, სამთავრობო ჩანაწერებსა და აუდიოვიზუალურ მასალებს. კანადის ეროვნული ბიბლიოთეკა და არქივი იცავს ქვეყნის დოკუმენტურ მემკვიდრეობას და ხელს უწყობს კვლევებსაც. მისი ვრცელი კოლექცია მოიცავს მკვიდრი მოსახლეობის ადრეულ დოკუმენტებს, კანადურ ლიტერატურასა და საარქივო ჩანაწერებს ქვეყნის დაარსებიდან.

3.

ნიუ-იორკის საჯარო ბიბლიოთეკა (ნიუ-იორკი, აშშ)

ნიუ-იორკის საჯარო ბიბლიოთეკა მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი საჯარო ბიბლიოთეკაა, რომლის კოლექციაც დაახლოებით 55 მილიონ ნივთს ითვლის. მისი მთავარი ლოკაცია - სტივენ შვარცმანის შენობა, განთქმულია თავისი გრანდიოზული არქიტექტურითა და ისტორიული მნიშვნელობით. ბიბლიოთეკაში დაცულია იშვიათი ხელნაწერები, ფოტოები, რუკები და როუზების ოჯახის ცნობილი სამკითხველო დარბაზი. ნიუ-იორკის მასშტაბით 90-ზე მეტი ფილიალით, საჯარო ბიბლიოთეკა ყოველწლიურად მილიონობით დამთვალიერებელს ემსახურება და რესურსებს თითქმის ნებისმიერ თემაზე გასცემს.

2.

ბრიტანეთის ბიბლიოთეკა (ლონდონი, დიდი ბრიტანეთი)

გაერთიანებული სამეფოს ეროვნული ბიბლიოთეკა მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესია, 170 მილიონზე მეტი ნივთით. ის 1973 წელს დაარსდა და წიგნებს, ხელნაწერებს, რუკებსა და მუსიკალურ პარტიტურებს იცავს. ყველაზე გამორჩეულ კოლექციებს შორისაა „თავისუფლების დიდი ქარტია“, ორიგინალი ხელნაწერი ლუის კეროლის წიგნისა „ალისი საოცრებათა ქვეყანაში“ და გუტენბერგის ბიბლია. ბრიტანეთის ბიბლიოთეკა ცნობილია თავისი სპეციალური გამოფენებით, კვლევითი ობიექტებითა და ვრცელი ციფრული არქივებით, რაც მას ლიტერატურული და აკადემიური კვლევების გლობალურ ცენტრად აქცევს.

1.

კონგრესის ბიბლიოთეკა (ვაშინგტონი, აშშ)

კონგრესის ბიბლიოთეკა მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურია და მისი კოლექცია 173 მილიონზე მეტ ნივთს აერთიანებს. 1800 წელს დაარსებული ბიბლიოთეკა წარმოადგენს აშშ-ის კონგრესის კვლევით განყოფილებას და მასალების ფართო სპექტრს ინახავს, მათ შორის წიგნებს, ფოტოებს, ხელნაწერებსა და ისეთ იშვიათ ნივთებსაც კი, როგორიცაა მესამე პრეზიდენტის, ტომას ჯეფერსონის პირადი ბიბლიოთეკა. 450-ზე მეტ ენაზე არსებული კოლექციებით, კონგრესის ბიბლიოთეკა ასევე უზრუნველყოფს ციფრულ რესურსებს, გამოფენებსა და წვდომას აშშ-ის ისტორიულ დოკუმენტებზე, რაც მას უმნიშვნელოვანეს რესურსად აქცევს მკვლევრებისთვის მთელ მსოფლიოში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები