თანამედროვე მსოფლიოში ყველაზე წარმატებულ კომპანიებად ტექნოლოგიური გიგანტები იქცნენ, რომელთა საქმიანობის შედეგებსაც ყოველდღიურად ვხედავთ. არ არსებობს სახელმწიფო, სადაც მათ მიერ შექმნილ პროდუქტებს ერთი ადამიანი მაინც არ იყენებდეს. სწორედ ამ მასშტაბმა აქცია Google-ი და Meta, Facebook-ის შემქმნელი, მსოფლიოში ყველაზე დიდი კაპიტალიზაციის მქონე კომპანიებად სხვა არაერთ ტექ-გიგანტთან ერთად. ამ სტატიაში დავასახელებთ საბაზრო შეფასების მოცულობით 10 უდიდეს კომპანიას.
პირველ ადგილს, გრაფიკული ბარათების მწარმოებელი ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი, Nvidia იკავებს, რომლის კაპიტალიზაციაც ამჟამად $4.5 ტრილიონს აჭარბებს. საუბარია ტაივანური წარმოშობის ამერიკელი ინოვატორის, ჯენსენ ჰუანგის კომპანიაზე, რომლის გარეშეც თითქმის ვერცერთი მონაცემთა ცენტრი ვერ იმუშავებდა. მონაცემთა ცენტრები, რომელთა გარეშეც ChatGPT-ს სერვისს მომხმარებლები ვერ მიიღებდნენ. Nvidia-ს გრაფიკული ბარათები სწორედ ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვისაა განკუთვნილი. სწორედ ამ საჭიროებამ აქცია Nvidia 2025 წელს $5.5 ტრილიონიან კომპანიად, თუმცა ამჟამად შეფასება $1 ტრილიონითაა შემცირებული. აღსანიშნავია, რომ Nvidia მხოლოდ AI ჩიპებზე არ მუშაობს და მას ისეთი სტანდარტული გრაფიკული ბარათებიც აქვს, რომლებსაც გეიმერები აქტიურად ყიდულობენ და თანამედროვე, გრაფიკულად დატვირთული თამაშების უმაღლეს ხარისხში თამაშისთვის იყენებენ.
მეორე ადგილზე კიდევ ერთი ტექნოლოგიური გიგანტი, Google-ია, თუმცა ის ამჟამად საფონდო ბირჟაზე Alphabet-ის სახელითაა წარმოდგენილი. მისი შეფასება $4.16 ტრილიონს შეადგენს. განსხვავებით Nvidia-სგან, Google-ი გაცილებით ფართო სერვისებს სთავაზობს მომხმარებელს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ის #1 არჩევანია ყველა ადამიანისთვის, რომელსაც ინტერენტის საძიებო სისტემის გამოყენება სურს. სერგეი ბრინისა და ლარი პეიჯის ერთობლივი ძალისხმევით ჩამოყალიბებული კომპანია დღეს მხოლოდ ინტერნეტში მასალის მოძიებისა და ვებ-გვერდებზე შესვლისთვის არ გამოიყენება. ის ავითარებს ChatGPT-ს კონკურენტ ხელოვნური ინტელექტის მოდელ Gemini-ს, რომელიც სემ ოლტმენის სტარტაპს მნიშვნელოვნად სჯობნის და მომხმარებელს უფრო სრულყოფილ, დაზუსტებულ და დაცულ ინფორმაციას აწვდის. აღსანიშნავია, რომ Google-ი თავისი მონაცემთა ცენტრების ინდუსტრიას, ასევე ხელოვნურ ინტელექტს Broadcom-ის ჩიპების გამოყენებით ავითარებს. ამ ნაბიჯით ის ცდილობს, თავი აარიდოს Nvidia-ს გრაფიკულ ბარათებზე დამოკიდებულებას.
სიაში მესამე ადგილზე Apple-ია. მსოფლიოს ერთ-ერთი რევოლუციური ინოვატორის, სტივ ჯობსის მიერ დაფუძნებული კომპანია, რომლის ტელეფონებს, კომპიუტერებს, ყურსასმენებსა თუ სხვა მოწყობილობებს მსოფლიოში 2.5 მილიარდი ადამიანი იყენებს. კომპანიის კაპიტალიზაცია $3.96 ტრილიონია და წლების განმავლობაში უსწრებდა Google-ს. თუმცა ხელოვნური ინტელექტის კუთხით მკვეთრი ჩამორჩენის გამო მისი კაპიტალიზაცია, ისევე როგორც კომპანიისადმი ნდობა მნიშვნელოვნად შემცირდა. Apple-ის უპირატესობა სრულიად დამოუკიდებელი ეკოსისტემის არსებობაა, რომელიც მომხმარებელს Android-ის მოწყობილობებზე მეტ უსაფრთხოებას სთავაზობს. ამასთან, ის მაქსიმალურადაა ადაპტირებული ერთიანი სისტემის სხვა მოწყობილობებთან, რაც ღრუბლოვანი ტექნოლოგიის მაღალი დონითაა განპირობებული. Apple-ი ჩიპებს არც Broadcom-ისა და არც Nvidia-სგან არ ყიდულობს. მას დამოუკიდებელი ინფრასტრუქტურა აქვს შექმნილი, რომელიც ტაივანური TSMC-ის მიერ მიწოდებულ ნახევარგამტარებზეა დამოკიდებული.
კაპიტალიზაციის კუთხით მსოფლიოში მე-4 უდიდესი კომპანია Windows-ის შემქმნელი Microsoft-ია, რომელიც ბილ გეიტსმა დააფუძნა. მისი საბაზრო შეფასება ამჟამად $3.14 ტრილიონია. გარდა იმ ოპერაციული სისტემის შექმნისა, რომელიც Apple-ის პროდუქტების გარდა მსოფლიოს თითქმის ყველა კომპიუტერშია ჩაშენებული, Microsoft-ი საკუთარ საოფისე პროგრამებსაც წლებია ავითარებს. მათ შორის, Word-სა და Power Points-ს. ბოლო წლების განმავლობაში ტექ-გიგანტმა განსაკუთრებული ყურადღება ხელოვნური ინტელექტის განვითარებას მიაპყრო. ის 27%-იან წილს ფლობს ChatGPT-ს შემქმნელ მსხვილ ტექნოლოგიურ სტარტაპ OpenAI-ში და, პარალელურად, საკუთარ AI ასისტენტ Copilot-საც ავითარებს. კომპანია სიის სათავეებთან არაერთხელ აღმოჩენილა, თუმცა Google-ის მიერ Gemini-ს უახლესი ვერსიის გამოშვებამ და ChatGPT-ზე მოთხოვნის შემცირებამ ინტერესი მის მიმართაც შეამცირა. ტექ-გიგანტის შემოსავლის ერთ-ერთ მთავარ წყაროდ კვლავ Windows-ის გაყიდვები რჩება. როგორც ცნობილია, ამჟამად კომპანია მე-11 თაობის ოპერაციულ სისტემას აწვდის მომხმარებელს და ის ყველა ახალ კომპიუტერში ავტომატურადაა ჩაყენებული.
სიაში მე-5 ადგილს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ონლაინ ვაჭრობის პლატფორმა, Amazon-ი იკავებს. საუბარია თანამედროვეობის ერთ-ერთ უდიდეს ტექნოლოგიურ კომპანიაზე, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში საკმაოდ გასცდა ციფრულ გაყიდვებს და მონაცემთა ცენტრების გიგანტად ჩამოყალიბდა. მულტიმილიარდერისა და ერთ დროს მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანის, ჯეფ ბეზოსის მიერ დაარსებული Amazon-ის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად $2.59 ტრილიონს შეადგენს. ის მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანს აკავშირებს ერთმანეთთან და ეხმარება, ეკონომიკური კავშირების დამყარებაში. აღსანიშნავია, რომ Amazon-ზე საკუთარ პროდუქციას Apple-იც კი ათავსებს. ხელოვნური ინტელექტის განვითარების კუთხით ეს კომპანიაც აქტიურადაა დაინტერესებული, თუმცა უპირატესობას ინვესტიციების სხვა სტარტაპებში ჩადებას ანიჭებს. ყველაზე ბოლოს ცნობილი გახდა, რომ OpenAI-ს ახალი დაფინანსების რაუნდში ჯეფ ბეზოსის კომპანიამ $50 მილიარდის ინვესტირება გადაწყვიტა.
კაპიტალიზაციის მიხედვით მსოფლიოს უდიდესი კომპანიების ათეული დღეს ასე გამოიყურება:
1. Nvidia - $4.519 ტრილიონი | აშშ | ტექნოლოგიები
2. Alphabet (Google) - $4.163 ტრილიონი | აშშ | ტექნოლოგიები
3. Apple - $3.968 ტრილიონი | აშშ | ტექნოლოგიები
4. Microsoft - $3.143 ტრილიონი | აშშ | ტექნოლოგიები
5. Amazon - $2.597 ტრილიონი | აშშ | ვაჭრობა და ტექნოლოგიები
6. Meta Platforms (Facebook) - $1.786 ტრილიონი | აშშ | ტექნოლოგიები
7. TSMC - $1.770 ტრილიონი | ტაივანი | ტექნოლოგიები
8. Saudi Aramco - $1.649 ტრილიონი | საუდის არაბეთი | ენერგეტიკა
9. Tesla - $1.582 ტრილიონი | აშშ | ავტოინდუსტრია და ტექნოლოგიები
10. Broadcom - $1.569 ტრილიონი | აშშ | ტექნოლოგიები




























