მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიოს უდიდესი კრიპტობირჟების რეიტინგი

კრიპტო

გლობალური კრიპტობირჟის ზრდაში გადამწყვეტ როლს ცენტრალიზებული და დეცენტრალიზებული კრიპტობირჟები ასრულებენ, რომლებიც ადამიანებს ციფრული აქტივებით თავისუფლად და, რაც მთავარია, მარტივად ვაჭრობის საშუალებას აძლევენ, როგორც ფიატ ვალუტებით, ასევე სხვა კრიპტოვალუტებით. მსოფლიოს წამყვანი კრიპტობირჟები იმდენად ძლიერი ფინანსური ინსტიტუტები არიან, რომ კრიპტოვალუტებით ვაჭრობის უდიდესი ნაწილი, სწორედ მათზე მოდის.

მაშ, როგორ გამოიყურება მსოფლიოს უდიდესი კრიპტობირჟების რეიტინგი?

#1 - Binance (CoinMarketCap: 9.9 ქულა)

მსოფლიოს უდიდესი კრიპტობირჟების რეიტინგის სათავეში ერთპიროვნულ პირველ ადგილს ჩანგპენგ ჟაოს მიერ 2017 წელს დაფუძნებული Binance-ი იკავებს. ამ კრიპტობირჟაზე 420 კრიპტოვალუტა ივაჭრება, ხოლო თავად ბირჟაზე, გასულ 24 საათში, დაახლოებით $55 მილიარდის სპოტ- და დერივატიული ტრანზაქციები შესრულდა. ეს რიცხვები იმდენად შთამბეჭდავია, რომ Binance-თან ახლოს ვერც ერთი სხვა კრიპტობირჟა ვერ მიდის. თავად ამ ფაქტორს კი ის განაპირობებს, რომ Binance-ზე ფაქტობრივად ყველა ის ფინანსური ინსტრუმენტი არის წარმოდგენილი, რომელიც ტრეიდერსა თუ ინვესტორს სჭირდება. ამასთან, Binance-ი ამ ბაზრის ერთ-ერთი უძველესი მოთამაშეცაა, რომელმაც არაერთ კრიზისს გაუძლო.

#2 - Coinbase (CoinMarketCap: 8.2 ქულა)

აღნიშნულ რეიტინგში მეორე ადგილს ამერიკული Coinbase-ი იკავებს, რომელიც ერთადერთი კრიპტობირჟაა მსოფლიოში, რომლის აქციები საფონდო ბირჟაზე ივაჭრება. ეს გადაწყვეტილება ბრაიან არმსტრონგმა წლების წინ მიიღო, რათა Coinbase-ი ყველაზე გამჭვირვალე კრიპტობირჟა ყოფილიყო, ხოლო მკაცრ ამერიკელ კანონმდებლებსა და მარეგულირებლებს, რაც შეიძლება ნაკლები კითხვა გასჩენოდათ. ჯერ კიდევ არასრულად რეგულირებულ სფეროში ასეთი გამჭვირვალობა, ცხადია, კომპანიას მოგების გენერაციაზე გარკვეულ შეზღუდვებს უწესებს - ისეთ შეზღუდვებს, მაგალითად, რომლებზეც Binance-ი წლების განმავლობაში თვალს ხუჭავდა. დღეს, Coinbase-ზე 249 კრიპტოვალუტა არის დალისტული, ხოლო თავად ბირჟაზე, ყოველდღიურად, დაახლოებით $2.4 მილიარდის სპოტ-ტრანზაქციები ხორციელდება.

#3 - OKX (CoinMarketCap: 7.8 ქულა)

მსოფლიოს უდიდესი კრიპტობირჟების რეიტინგის მესამე ადგილს ბაჰამისა და სეიშელის კუნძულებზე რეგისტრირებული OKX-ი იკავებს, რომელიც, ამ დროისთვის, ჰონგ-კონგში, სინგაპურში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში და ბაჰამის კუნძულებზე ოპერირებს. საინტერესოა, რომ კომპანიას ოფისი აქვს სილიკონის ველზეც, მაგრამ ამ ბაზარზე კრიპტობირჟა მომხმარებლებს არ ემსახურება. OKX-ზე 329 კრიპტოვალუტა არის დალისტული, ხოლო გასულ 24 საათში კრიპტობირჟაზე დაახლოებით $17.6 მილიარდის სპოტ- და დერივატიული ტრანზაქციები შესრულდა.

#4 - ByBit (CoinMarketCap: 7.6 ქულა)

ამ რეიტინგში მეოთხე ადგილს ჩინური Bybit-ი იკავებს, რომელიც პენსილვანიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა, ბენ ჭოუმ 2018 წელს დააფუძნა. დღეს, Bybit-ს 10 მილიონ ადამიანზე და კომპანიაზე მეტი იყენებს, რომლებიც ბირჟაზე დალისტული 651 ციფრული აქტივით ვაჭრობენ. გასული ერთი დღის განმავლობაში, Bybit-ზე დაახლოებით $20 მილიარდის სპოტ- და დერივატიული ტრანზაქციები შესრულდა. საინტერესოა, რომ Bybit-ი სპორტული რეკლამების კუთხით ერთ-ერთი ყველაზე აქტიური კრიპტობირჟაა - კომპანია ასპონსორებს, როგორც Formula 1-ის ერთ-ერთ ლიდერ Oracle Red Bull Racing-ს, ასევე eSports-ის გუნდს, სახელწოდებით Virtus.pro.

#5 - UpBit (CoinMarketCap: 7.4 ქულა)

მსოფლიოს უდიდესი კრიპტობირჟების სიის მეხუთე ადგილზე სამხრეთ კორეის უდიდესი კრიპტობირჟა, UpBit-ი მოხვდა, რომელიც კომპიუტერულმა მეცნიერმა, სონგ ჩი-ჰიუნგმა 2017 წელს დააფუძნა. ამ დროისთვის, UpBit-ზე 200 კრიპტოვალუტა და ტოკენი არის დალისტული, ხოლო ტრეიდერებს ვაჭრობა 300-ზე მეტი სხვადასხვა წყვილის მიხედვით შეუძლიათ. გასულ 24 საათში, UpBit-ზე $990 მილიონის სპოტ-ტრანზაქციები შესრულდა, რაც გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ნებისმიერი ზემოხსენებული ბირჟის შემთხვევაში, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს კრიპტობირჟა მხოლოდ სამხრეთ კორეაში ფუნქციონირებს.

დროის გასვლასთან ერთად, ადამიანები კრიპტოვალუტების მიმართ უფრო გახსნილები ხდებიან, ხოლო პროდუქტისა თუ სერვისის გადახდის, ისევე, როგორც აქტივის ღირებულების შენახვის ეს ახალი, ალტერნატიული საშუალება მსოფლიოში მეტად პოპულარული ხდება. დღევანდელი მონაცემებით, გლობალური კრიპტობირჟის საბაზრო კაპიტალიზაცია $2.26 ტრილიონს აღემატება, ანუ გლობალური კრიპტობაზარი ქვეყანა რომ იყოს, რიგით მე-8 უდიდესი სახელმწიფო იქნებოდა და ისეთ სახელმწიფოებს გაუსწრებდა, როგორიცაა რუსეთი, კანადა, იტალია, ბრაზილია, ავსტრალია და სამხრეთ კორეა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები