დღევანდელი უმსხვილესი და ყველაზე ცნობილი კომპანიები, ბიზნესის ისტორიის კონტექსტში, ძირითადად "მოზარდებად" მიიჩნევიან - მათ შორის იმიტომაც, რომ მათი საქმიანობა მხოლოდ ინდუსტრიული რევოლუციის შემდეგ გახდა შესაძლებელი.
ცნობილია, რომ ხანგრძლივი კორპორაციული სიცოცხლისუნარიანობა საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. აშშ-ის 500 უმსხვილესი კორპორაციის 1970 წლის რეიტინგიდან კომპანიების მესამედი 1983 წლისთვის უკვე გამქრალი იყო - შერწყმის, შესყიდვის, გაკოტრების ან ლიკვიდაციის გამო.
რა თქმა უნდა, კომპანიების ზუსტი ასაკის გამოთვლა რთულია. თუმცა თუკი თარიღების რთულ გამოთვლებს გვერდზე გადავდებთ, შეგვიძლია განვიხილოთ ხუთი კომპანია, რომლებმაც დროს გაუძლეს როგორც საკუთარ ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ და უძველეს კომპანიებად არიან აღიარებული.
1. IBM - 1911 წელი
ხუთეულში შედარებით ახალგაზრდა კომპანია IBM-ია, რომელიც 1911 წლის 16 ივნისს ფინანსისტმა ჩარლზ ფლინტმა დააარსა. სახელი "International Business Machines" კომპანიამ 1924 წელს მიიღო. IBM-ის საუკუნოვანზე მეტი ისტორია საკმაოდ მრავალფეროვანია: კომპანია ამერიკის სოციალური პროგრამების ერთ-ერთი პიონერი იყო, თუმცა მას მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტური რეჟიმისთვის აღჭურვილობის მიწოდებაში სდებდნენ ბრალს. ათწლეულების განმავლობაში ის მსოფლიოში უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანია იყო, თუმცა 1980-იან წლებში კინაღამ კატასტროფა განიცადა, როდესაც ინოვაციებს ფეხი ვერ აუწყო. კომპანიის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა 1990-იან წლებში, ინტერნეტის განვითარების პარალელურად. დღეს IBM მსოფლიოში უმსხვილესი სამრეწველო კვლევითი ორგანიზაციაა, რომელიც ათზე მეტ ქვეყანაში 19 კვლევით ცენტრს ფლობს, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია კი 234 მილიარდ დოლარს შეადგენს.
2. Con Ed - 1823 წელი
Con Edison - ან უბრალოდ Con Ed, როგორც მას ნიუ-იორკელთა მრავალი თაობა უწოდებს - ჯერ კიდევ 1823 წელს დაარსდა. კომპანია, რომელიც თავდაპირველად New York Gas Light Company-ს სახელით იყო ცნობილი, სახელმწიფო ლიცენზიის საფუძველზე მანჰეტენზე ბუნებრივი აირის ხაზების გაყვანას შეუდგა. 1824 წელს New York Gas Light-ის აქციები ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე (NYSE) განთავსდა და იგი დღემდე ინარჩუნებს ყველაზე ხანგრძლივად დალისტული კომპანიის რეკორდს. მე-20 საუკუნის დასაწყისში ფირმამ საქმიანობა ელექტროენერგიის მიმართულებითაც გააფართოვა, ხოლო 1936 წელს სახელიც შეიცვალა. დღეს ConEdison-ი გაზითა და ელექტროენერგიით დაახლოებით 3.6 მილიონ მომხმარებელს უზრუნველყოფს, მისი საბაზრო ღირებულება კი 39 მილიარდია.
3. Lloyd's - 1688 წელი
დღეს Lloyd's მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი სადაზღვევო ბაზარია, თუმცა, მისი ისტორია გაცილებით მოკრძალებულ გარემოში, მე-17 საუკუნის ყავის სახლში დაიწყო. ლონდონის, როგორც გლობალური სავაჭრო ცენტრის მნიშვნელობა სულ უფრო იზრდებოდა, რამაც თავის მხრივ მოთხოვნა გემებისა და ტვირთების დაზღვევაზე გაზარდა. 1688 წელს ედუარდ ლოიდის ყავის სახლი იქცა ადგილად, სადაც საზღვაო დაზღვევის შეძენა იყო შესაძლებელი. ბოლო 338 წლის განმავლობაში Lloyd's გაიზარდა, გაფართოვდა, და სპეციალიზებული დაზღვევის წამყვან გლობალურ მოთამაშედ ჩამოყალიბდა. მისი კაპიტალიზაცია კი 60 მილიარდ დოლარს აღემატება.
4. ტატლის ფერმა - 1632 წელი
ნიუ-ჰემფშირში მდებარე "ტატლის ფერმა” ამერიკული საოჯახო ბიზნესის გამძლეობის უძველესი მაგალითია. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ის ოჯახის საკუთრებაში აღარ არის რადგან 2013 წელს მეურნეობა ტენდერკროპის ფერმამ შეისყიდა, გაყიდვამდე მას ტატლების ოჯახი უწყვეტად 381 წლის განმავლობაში მართავდა.
ბოლო პერიოდში ფერმას ოჯახის მე-11 თაობა მართავდა და ის მრავალი წლის განმავლობაში აშშ-ში ყველაზე ძველ, უწყვეტად მოქმედ საოჯახო მეურნეობად ითვლებოდა. ეს ყველაფერი კი 1632 წელს დაიწყო, როდესაც ჯონ ტატლი შტატებში ინგლისის მეფე ჩარლზ II-ის მიერ ბოძებული მიწის ნაკვეთის ფლობის უფლებით ჩავიდა. თავისი 381-წლიანი არსებობის მანძილზე ფერმამ მრავალი ცვლილება გამოიარა და მიუხედავად იმისა, რომ მრავალი წლის განმავლობაში წარმატებით ფუნქციონირებდა, 2010 წლისთვის ის გასაყიდად გამოვიდა და $1 მილიონ დოლარად გაიყიდა.
5. Kongo Gumi - 578
მიუხედავად იმისა, რომ დღეს საქმიანობა შეწყვეტილი აქვს, ისტორიულ ფირმებზე საუბრისას ყოველთვის გაიგებთ ტაძრების მშენებელი იაპონური კომპანიის, Kongo Gumi-ს შესახებ. ეს ბიზნესი 578 წლიდან 14 საუკუნის განმავლობაში ფუნქციონირებდა და 2006 წლამდე მსოფლიოში ყველაზე ძველ, უწყვეტად მოქმედ საოჯახო ბიზნესად მიიჩნეოდა.
Kongo Gumi-ს 1428-წლიანი არსებობის ერთ-ერთი საიდუმლო მისი მოქნილობა იყო. მაგალითად, როდესაც მეორე მსოფლიო ომის დროს ტაძრების მშენებლობის სექტორს გაუჭირდა, კომპანიამ დროულად მოახდინა რეაგირება და ომში დაღუპულთათვის სასახლეების წარმოებაზე გადავიდა.
Kongo Gumi-ს წარმატება იმაზეც მიუთითებს, რომ სტაბილურ სექტორში მუშაობა მოგებიანია. რთულია იპოვოთ ბუდისტური ტაძრების მშენებლობაზე უფრო ნაკლებად მერყევი სფერო, სადაც რწმენის სისტემა ათასობით წელია არსებობს და მილიონობით მიმდევარი ჰყავს.
სამწუხაროდ, ეს ისტორიული ფირმა იაპონიის ეკონომიკური რეცესიისგან ვერც ამ ფაქტორებმა დაიცვა. მას შემდეგ, რაც 2006 წლისთვის კომპანიის ვალებმა 343 მილიონ დოლარს მიაღწია, ის დიდმა იაპონურმა სამშენებლო კომპანია Takamatsu-მ შეიძინა და Kongo Gumi მის შვილობილად აქცია.
როგორია უძველესი კომპანიების მომავალი? - მენეჯმენტის განვითარების საერთაშორისო ინსტიტუტისა (IMD) და McKinsey-ის კვლევამ აჩვენა, რომ 1958 წელს S&P ინდექსში შემავალი კომპანიების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 61 წელი იყო. თითქმის 60 წლის შემდეგ კი ეს მაჩვენებელი 18 წლამდე შემცირდა. ისტორია მიგვანიშნებს, რომ ძველი კომპანიებისთვის განვითარების გაგრძელება შესაძლოა უფრო და უფრო გართულდეს, თუმცა ეს ყოველთვის ინდივიდუალურია.




























