მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიოს უმდიდრესი ოჯახები $1.5 ტრილიონით გამდიდრდნენ - ვინ ლიდერობს რეიტინგს?

უმდიდრესი ოჯახები

გასულ ერთ წელიწადში, მსოფლიოს უმდიდრესი ოჯახების ქონების ჯამური შეფასება $1.5 ტრილიონით გაიზარდა - ამ მაჩვენებელს ამერიკული Bloomberg-ი აქვეყნებს, რომელიც მსოფლიოს ყველაზე მდიდარი დინასტიების ყოველწლიური რეიტინგს ადგენს.

ამ რეიტინგში ისეთ გვარებს შეხვდებით, რომელთა შესახებ, დარწმუნებული ვარ, ბევრი რამ ამ დრომდეც გსმენიათ. სწორედ ამ რეიტინგში არიან დიდი ამერიკული ბიზნესდინასტიების შთამომავალი უოლტონები, მარსები და ქარგილები, მაგრამ მათ გვერდით მდიდარი არაბული ოჯახებიც არიან, რომელთა შემთხვევაში, როგორც წესი, ქონების ღირებულების შეფასება ფაქტობრივად წარმოუდგენელია, რადგან კომპანიებთან ერთად, ისინი, ხშირ შემთხვევაში, ქვეყნებსაც ფლობენ.

აი, სწორედ ამ კატეგორიის სიმდიდრეს ფლობს კატარის სახელმწიფოს მმართველების, ალ-თანების დინასტია, რაც გასაკვირი არ არის, თუ გავითვალისწინებთ, რომ სწორედ ამ ოჯახის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, მუჰამედ ბინ თანიმ მიპოვა ბრიტანეთის იმპერიისგან კატარის მმართველის წოდება, ჯერ კიდევ შორეული 1868 წელს, რითაც საკუთარი ოჯახის ჰეგემონიას ჩაუყარა სათავე. იმ დროს, ცხადია, ნავთობი რა იყო არავინ იცოდა, მაგრამ 1940-იან წლებში, შავი ოქრო კატარშიც იპოვეს, თანაც უხვად რამაც ალ-თანების დინასტია მილიარდერების თანრიგში აიყვანა და 1971 წელს, დამოუკიდებლობა მოუტანა.

ალ-თანების ოჯახის სიმდიდრის მთავარი წყარო, ცხადია, დღესაც ნავთობია, მაგრამ კატარელი შეიხები ჭკვიანურად იქცევიან და შავი ოქროს რეალიზებით მიღებულ მოგებას სხვადასხვა ფინანსურ ინსტრუმენტებში აბანდებენ, რის გამოც, ალ-თანების ოჯახის ქონებას, ამერიკული Bloomberg-ი, ჯამურად, $133 მილიარდად აფასებს.

აი, რადიკალურად განსხვავებული ისტორია აქვს მე-4 ადგილზე მყოფ მარსების ოჯახს, რომელიც, გარკვეულ წილად, წარმოაჩენს, რომ ამერიკაში ყველაფერი შესაძლებელია. ამ დინასტიის სათავესთან ამერიკელ ფრენკ მარსს ვხედავთ, რომელმაც კანფეტების გაყიდვა ჯერ კიდეც 19 წლის ასაკში დაიწყო, შორეულ 1902 წელს. თავად მარსის შოკოლადის კომპანია მან რამდენიმე წლის შემდეგ, 1911 წელს დააფუძნა და თავდაპირველად ტკბილეულს ბითუმად ყიდდა, მაგრამ ბიზნესი ჩაუვარდა. აი, ამ მომენტში, ფრენკის შვილ ფორესტს ლეგენდარული შოკოლადის, Milky Way-ის შექმნის იდეა გაუჩნდა. მამამ შვილს დაუჯერა, ხოლო ამ ბატონმა მარსების ოჯახს უკიდეგანო წარმატება მოუტანა, რომელიც, დღეს, მარსების ხუთი თაობის ხელში გამოვლის შემდეგ, Bloomberg-ის მიერ $142 მილიარდადაა შეფასებული.

გამდიდრების მსგავსი ისტორია აქვთ, სხვათა შორის, ერმეების ოჯახსაც, რომელთა ისტორია სათავეს 1837 წელს იღებს, როცა ტიერი ერმემ ფრანგი დიდგვაროვნებისთვის საჯირითო ტანსაცმლის კერვა დაიწყო - იმ დროს, მოგეხსენებათ, ჯირითობაზე დიდი გასართობი არაფერი იყო. მოგვიანებით, საოჯახო ბიზნესი ტიერის შთამომავლების ხუთმა თაობამ გადაიბარა და დღეს, მათი ქონება, ჯამურად, $151 მილიარდითაა შეფასებული, ხოლო თავად კონგლომერატი, ცხადია, მაღალი მოდის ყველა პროდუქტს კერავს, მათ შორის ბირკინის ჩანთებს, რომლებიც აუქციონებზე ასობით ათასად და ხშირად, მილიონებადაც კი იყიდება.

ერმეების შემდეგ, უოლტონებზე უნდა მოგიყვეთ, რომლებიც პლანეტის ყველაზე მდიდარი ოჯახის ტიტულს წლების განმავლობაში არ თმობდნენ, რაც გასაკვირიც არ არის, რადგან ისინი მსოფლიოს უდიდესი საცალო სავაჭრო ქსელის, Walmart-ის მფლობელები არიან. ამ კომპანიის მასშტაბი რომ აღიქვათ, გეტყვით, რომ შარშან, Walmart-მა, რომელსაც მსოფლიოში 10,500 მაღაზია აქვს $611 მილიარდის შემოსავალი მიიღო - ეს რიცხვი, 20-ჯერ მეტია, ვიდრე საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი. ამასთან, Walmart-ი მსოფლიოს უდიდესი დამსაქმებელიცაა, რადგან ამ კომპანიაში ორი მილიონ ასი ათასი ადამიანი მუშაობს, ანუ საქართველოს მოსახლეობის 57%. აი, ასეთ რიცხვებთან გვაქვს საქმე, როცა უოლტონებზე ვსაუბრობთ, რომლებიც Walmart-ის 46%-იან წილს ფლობენ, რითაც მათი ქონების ჯამური შეფასება $260 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ახლა კი, დროა მსოფლიოს უმდიდრეს ოჯახზე მოგიყვეთ, რომელიც, არც მეტი, არც ნაკლები, ნავთობითაა გამდიდრებული. ეს ოჯახი ალ-ნაჰიანების გვარს ატარებს და მისი მმართველი აბუ-დაბის მმართველი შეიხ მუჰამედ ბინ ზაიედ ალ-ნაჰიანია. ეს ადამიანი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში შემავალი შვიდი საამიროდან ყველაზე დიდ და მთავარს - აბუ-დაბის მართავს, მაგრამ ამ ოჯახის როლი მნიშვნელოვანია უშუალოდ ქვეყნის ჩამოყალიბებაშიც, რადგან ის ქვეყნის ამჟამინდელი მმართველის მამამ - შეიხ ზაიედ ბინ სულთან ალ-ნაჰიანმა დააფუძნა, ჯერ კიდევ 1971 წელს. მას შემდეგ, ცხადია, ეს ოჯახიც ნავთობით გამდიდრდა და დღეს ლამის $1.5 ტრილიონის პირად და სახელმწიფო აქტივებს აკონტროლებს. Bloomberg-ის შეფასებით, ალ-ნაჰიანების დინასტია $305 მილიარდი დოლარის ქონებას ფლობს, მაგრამ რეალურად, ეს რიცხვი, სავარაუდოდ, გაცილებით უფრო დიდია.

მოკლედ, ასეთია Bloomberg-ის რეიტინგი, რომლის ხუთეულშიც ვერ მოხვდა ერთი საინტერესო და ძალიან მნიშვნელოვანი ოჯახი. ცხადია, საუდის არაბეთის მმართველ ოჯახს, ალ-საუდებს ვგულისხმობთ, რომლებიც ამერიკული გამოცემის შეფასებით, $112 მილიარდი დოლარის ქონებას ფლობენ და შესაბამისად, რეიტინგში მხოლოდ მე-7 ადგილს იკავებენ. ეს საკითხი, თავიდან ბოლომდე საკამათოა, რადგან თუ უოლტონების შემთხვევაში, მაგალითად, ყველაფერი ნათელია, რადგან კომპანია - საჯაროა, იმ ადამიანების შემთხვევაში, რომლებიც პირდაპირი გაგებით მთელ ქვეყანას ფლობენ, რომელიც, თავის წინ, დედამიწაზე არსებული ნავთობის მეხუთედს ფლობს მსოფლიოს რიგით მე-3 უმსხვილესი კომპანიის, Saudi Aramco-ს გავლით, ქონების შეფასება, საკმაოდ რთულება.

ამგვარად, თეორიულად, ალ-საუდების დინასტია, წესით და რიგით, მსოფლიოს უმდიდრესი ოჯახების სათავეში უნდა იყოს და არა მე-7 ადგილზე. ამის ფონზე კი, საუდის არაბეთის დე ფაქტო მმართველი და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანი, მუჰამედ ბინ სალმანი, პლანეტის უმდიდრეს ადამიანად უნდა მივიჩნიოთ, რომლის ქონება იზომება არა მილიარდებში, არამედ ტრილიონებში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები