მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიები X-ში რეკლამების განთავსებაზე უარს ამბობენ, მიზეზი - მასკის ანტისემიტიზმია

ილონ მასკი

მსოფლიოს უდიდესი კომპანიები, მათ შორის Apple-ი, Disney-ი, Comcast-ი, Warner Bros Discovery-ი, Lionsgate-ი და Paramount Global-ი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, ილონ მასკის საკუთრებაში არსებულ სოციალურ ქსელში, X-ში (ყოფილი Twitter-ი) რეკლამების განთავსებას დროებით წყვეტენ. ამ, შეიძლება ითქვას, რადიკალური გადაწყვეტილების მიზეზი ილონ მასკის ანტისემიტური განცხადება გახდა, რომლითაც ის დაეთანხმა სოციალურ მედიაში გავრცელებულ პოსტს, რომელიც ამტკიცებდა, რომ გარკვეული ებრაული ჯგუფები თეთრკანიანი ადამიანების წინააღმდეგ სიძულვილის ნარატივის გაღვივებას ცდილობენ.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების გარდა, ილონ მასკის განცხადებას თავად ებრაელი ლიდერებიც გამოესარჩლნენ და Disney-ის, Apple-ისა და Amazon-ის მსგავს კომპანიებს მოუწოდეს, რეკლამების განთავსებაში თანხის გადახდით X-ის საქმიანობისთვის მხარი აღარ დაეჭირათ. ამ ტიპის ნარატივი პირველად ჯერ კიდევ სექტემბერში გამოჩნდა, ხოლო ბოლო დროს, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის განცხადებებს ვაშინგტონიდანაც უპასუხეს.

როგორც თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ენდრიუ ბეიტსმა განაცხადა, “ამერიკის ისტორიაში ანტისემიტიზმის ყველაზე საშინელი გამოვლინების უკან არსებული ტყუილის გამეორება დაუშვებელია”. ამ შემთხვევაში, ბეიტსი, სავარაუდოდ, პიტსბურგის ერთ-ერთ სინაგოგაში 2018 წელს მომხდარ მასობრივ მკვლელობას გულისხმობს, რომელსაც 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გავრცელებული ინფორმაციით, ადამიანი, რომელმაც ეს დანაშაული ჩაიდინა, სწორედაც რომ “თეთრკანიანი ადამიანების გენოციდის” იდეას იზიარებდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები