მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ნახატი — TOP 10

აუქციონი

10. ცი ბაიში — „Twelve Landscape Screens“ — $140.8 მილიონი

1925 წელს შექმნილი 12 პანელისგან შემდგარი ჩინური პეიზაჟების სერია. ნამუშევარი Poly Auction-ის აუქციონზე პეკინში გაიყიდა 2017 წლის 17 დეკემბერს. ლოტის საბოლოო ღირებულებამ $140.8 მილიონი შეადგინა. ისტორიაში ყველაზე ძვირად გაყიდული ნამუშევრების ათეულში მეათე ადგილს იკავებს და ერთადერთი აზიური წარმოშობის ტილოა, რომლის ფასმაც აუქციონზე $100 მილიონს გადააჭარბა.

9. ფრენსის ბეკონი — „Three Studies of Lucian Freud“ — $142.4 მილიონი

2013 წელს Christie's აუქციონზე $142.4 მილიონად გაყიდული Three Studies of Lucian Freud, სამნაწილიანი პორტრეტი, ბეკონმა 1969 წელს შექმნა. ნახატზე ბეკონის მეგობარი და ბრიტანელი მხატვარი ლუსიან ფროიდია გამოსახული სამ განსხვავებულ პოზაში.

8. ჟორჟ სერა — „Les Poseuses, Ensemble (Petite version)“ — $149.2 მილიონი

ჟორჟ სერას Les Poseuses, Ensemble (Petite version) 2022 წლის 9 ნოემბერს Christie's-ის ნიუ-იორკში გამართულ აუქციონზე $149.2 მილიონად გაიყიდა. პუანტილიზმის ერთ-ერთი გამორჩეული ნიმუში, ნამუშევარი სერას აუქციონზე გაყიდული დღემდე ყველაზე ძვირადღირებული ტილოა.

7. ამადეო მოდილიანი — „Nu couché (sur le côté gauche)“ — $157.2 მილიონი

მოდილიანის 1917 წელს შექმნილი Nu couché (sur le côté gauche) 2018 წელს Sotheby's-ის აუქციონზე $157.2 მილიონად გაიყიდა. საინტერესოა, რომ 1917 წელს, როდესაც მოდილიანიმ პარიზში თავისი ნამუშევრების გამოფენა მოაწყო, შიშველი ქალების სერია, რომელსაც Nu couché (sur le côté gauche) ეკუთვნის, აჟიოტაჟი და სკანდალი გამოიწვია. საბოლოოდ გამოფენა პოლიციამ დახურა, რადგან ნახატები “უხამსად მიიჩნია”, მოდილიანიმ გამოფენაზე მხოლოდ ორი ნახატი გაყიდა, თითო 30 ფრანკად.

6. ამადეო მოდილიანი — „Nu couché“ — $170.4 მილიონი

მოდილიანის 1917–18 წლის Nu couché, შიშველი ქალების სერიიდან კიდევ ერთი ნამუშევარი 2015 წელს Christie's-ს ნიუ-იორკში ჩატარებულ აუქციონზე $170.5 მილიონად გაიყიდა. ნამუშევრისთვის 9 წუთიანი ბრძოლის შემდეგ აუქციონი ჩინელმა მილიარდერმა და კოლექციონერმა ლიუ იციენმა მოიგო, რომელმაც ნამუშევარში ფული American Express Centurion ბარათით გადაიხადა.

5. პაბლო პიკასო — „Les Femmes d’Alger (Version O)“ — $179.4 მილიონი

1955 წელს შექმნილი „ალჟირელი ქალების“ სერიის ბოლო ვერსია, რომელიც დელაკრუას ნამუშევრით იყო შთაგონებული და პიკასოსთვის დამახასიათებელ კუბისტურ სტილშია შესრულებული Christie’s-ის აუქციონზე ნიუ-იორკში $179.4 მილიონად გაიყიდა.

4. ჯექსონ პოლოკი — „Number 7A, 1948“ — $181.2 მილიონი

მასიური, სამი მეტრის ზომის, “drip painting” ტექნიკით შესრულებული ტილო მიმდინარე წელს ნიუ-იორკში ჩატარებულ Christie’s-ის აუქციონზე თანამედროვე აბსტრაქტული ხელოვნებისთვის რეკორდულ $181.2 მილიონად გაიყიდა. ნამუშევარი ერთადერთია პოლოკის ამ ტექნიკით შესრულებული მსგავსი ზომის ნამუშევრებიდან, რომელიც ჯერ კიდევ კერძო კოლექციაში ინახება.

3. ენდი უორჰოლი — „Shot Sage Blue Marilyn“ — $195 მილიონი

1964 წელს შექმნილი მერლინ მონროს იკონური პორტრეტი 2022 წლის 9 მაისს Christie’s-ის ნიუ-იორკში გამართულ აუქციონზე $195 მილიონად გაიყიდა. ნამუშევარი უქციონზე გაყიდული ყველაზე ძვირადღირებული XX საუკუნის ნამუშევარი გახდა, თუმცა ეს რეკორდი გასულ წელს სიაში მომდევნო ნამუშევარმა მოხსნა.

2. გუსტავ კლიმტი — „Portrait of Elisabeth Lederer“ — $236.4 მილიონი

1914-1915 წლებში შესრულებული ელიზაბეტ ლედერერის პორტრეტი ნიუ-იორკში Sotheby’s-ის აუქციონზე რეკორდულ $236.4 მილიონად გაიყიდა, რითაც წლის მოვლენად იქცა. აუქციონზე 6 კოლექციონერს შორის 20-წუთიანი ბრძოლა გაიმართა. ფასი $150 მილიონიან მოლოდინს ბევრად ასცდა და კლიმტის არსებული რეკორდი თითქმის გააორმაგა(Dame mit Fächer (1918), $108.8 მილიონი).

1. ლეონარდო და ვინჩი — „Salvator Mundi“ — $450.3 მილიონი

ქრისტეს გამოსახულება, სადაც ის „მსოფლიოს მხსნელადაა” წარმოდგენილი — ნამუშევარი დაახლოებით 1500 წლით თარიღდება. ტილო Chrsitie’s-ის ნიუ-იორკში გამართულ აუქციონზე რეკორდულ $450.3 მილიონად გაიყიდა.

საინტერესოა, რომ ტილო 2005 წელს შეერთებულ შტატებში მცირე რეგიონალურ აუქციონზე იქნა შეძენილი და მისი ნამდვილობის დადასტურება მხოლოდ 5 წლის შემდეგ 2010 წელს მოხდა.

აუქციონზე ჯამში დაახლოებით 45 ბიდი დაფიქსირდა და ჩაქუჩის დარტყმამდე ბრძოლა 19 წუთს გაგრძელდა. აუქციონის ჩატარების შემდეგ ინტერესი ნამუშევრის ახალი მფლობელის მიმართ დიდი იყო, ცნობების თანახმად Salvator Mundi საუდის პრინცის ბადრ ბინ აბდულას შუამავლობით აბუ-დაბის კულტურისა და ტურიზმის დეპარტამენტმა შეიძინა, მისი გამოფენა აბუ-დაბის ლუვრში იგეგმებოდა, თუმცა საბოლოოდ ტილო საჯაროდ ჯერ არ გამოფენილა და კონკრეტულად სად ინახება დღეს ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული ტილო უცნობია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები