საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საქართველოს ფინტექ სექტორის განვითარების სტრატეგია გამოაქვეყნა, რომელშიც შეფასებულია სხვადასხვა ფაქტორები, რომლებიც ქვეყანაში ფინტექ ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ახდენს გავლენას. საუბარია ინსტიტუციურ მზაობაზე, საკანონმდებლო და უსაფრთხოების პოლიტიკისა თუ ბაზრის შესაძლებლობებზე, რომლებიც ფინტექ ბიზნესების განვითარებაზე მოქმედებენ.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მათ შეისწავლეს ბიზნესმოდელები, რომლებიც ფინტექ ინდუსტრიაში არის ყველაზე გავრცელებული, სებ-ის თანახმად, ამ ბიზნესმოდელების 25%-ის საქართველოში განვითარება ვერ მოხდება, რაც საკანონმდებლო და სებ-ის შიდა რეგულაციებს უკავშირდება, სხვა სერვისები კი პოტენციურად ქართულ ბაზარზეც შეიძლება იყოს ხელმისაწვდომი.
"საქართველოს ფინტექ ინოვაციების დანერგვისთვის ხელსაყრელი სამართლებრივი და მარეგულირებელი ეკოსისტემა აქვს. ეროვნულმა ბანკმა შეისწავლა 36 ყველაზე გავრცელებული უცხოური ფინტექ ბიზნეს მოდელი, რათა შეეფასებინა ფინანსური ინოვაციების დანერგვისთვის საქართველოში არსებული საკანონმდებლო ბარიერები სხვა ქვეყნებთან შედარებით. კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოს კანონმდებლობისა და ეროვნული ბანკის დადგენილებების ფარგლებში ბიზნეს მოდელების 25% ნაწილობრივ ან სრულად შეზღუდულია, ხოლო 75% განხორციელებადია,"- ნათქვამია სებ-ის მიერ გამოქვეყნებულ სტრატეგიაში.
სავარაუდოდ, ის ფინტექ ბიზნესმოდელები, რომლებიც საქართველოში რეგულაციების გამო ვერ გაამართლებს, არის სუპერაპები, რომელთა მეშვეობითაც ფიზიკურ პირებზე შემოსავლების დადასტურების გარეშე სამომხმარებლო ონლაინსესხები გაიცემა, ასევე ბიზნესმოდელები, როდესაც აპლიკაცია ერთდროულად არის სავაჭრო პლატფორმაც და მას შემოსავლების დადასტურების გარეშე სამომხმარებლო ონლაინსესხების გაცემაც შეუძლია და სხვა მოდელები, რომლებიც საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ არის შეზღუდული.