"საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გამოქვეყნებული 2023 წლის „კორუფციის აღქმის ინდექსის“ მიხედვით, საქართველოს 53 ქულა აქვს, რაც წინა წელთან შედარებით 3 ქულით ნაკლებია. ორგანიზაციის თანახმად საქართველოს შედეგის გაუარესება ელიტური კორუფციის მასშტაბების ზრდით არის განპირობებული. საქართველოს ახალი შეფასება 2015 წლის შემდეგ არ ჰქონია, თუმცა ამის მიუხედავად ქვეყანა კორუფციის ნაკლებობით რეგიონში კვლავ პირველ ადგილზე რჩება.
კორუფციის აღქმის ინდექსის კვლევა 180 ქვეყანაში ტარდება. ქვეყნები ფასდება 100-ქულიანი სისტემით, სადაც 100 საუკეთესო, ხოლო 0 ყველაზე დაბალი შედეგია.
2023 წლის ინდექსით რეგიონის ქვეყნების შედეგებია - უკრაინა 36 ქულა, მოლდოვა 42 ქულა, სომხეთი 47 ქულა, რუსეთი - 26 ქულა, აზერბაიჯანი - 23 ქულა, თურქეთი - 34 ქულა.
ინდექსი აჩვენებს, რომ როგორც წესი კორუფციის დაბალი მაჩვენებელი განპირობებულია მყარი სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირებით, რაც თავის მხრივ უმეტეს შემთხვევაში ფუნქციონირებადი და ჯანსაღი დემოკრატიის თანამდევია. ამიტომაც ყველაზე არაკორუმპირებული ქვეყანაა დანია (90 ქულა); ფინეთი (87 ქულა); ახალი ზელანდია (85 ქულა).
ყველაზე დაბალი შედეგები კი აქვთ არადემოკრატიულ და დაბალშემოსავლიან ქვეყნებს, სადაც ხშირ შემთხვევაში სუსტი სახელმწიფო ინსტიტუტები, სისტემური პრობლემები - სამოქალაქო არეულობა, ჰიპერინფლაცია და ორგანიზებული კრიმინალი არის გავრცელებული.
ყველაზე კორუმპირებული ქვეყნების რეიტინგი:
- სომალი - 11 ქულა;
- ვენესუელა - 13 ქულა;
- სირია - 13 ქულა;
- სამხრეთ სუდანი - 13 ქულა;
- იემენი - 16 ქულა;
- ნიკარაგუა - 17 ქულა;
- ჩრდილოეთ კორეა - 17 ქულა;
- ჰაიტი - 17 ქულა;
- ეკვატორული გვინეა - 17 ქულა;
- თურქმენეთი - 18 ქულა.