მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მსოფლიოში ღვინის მოხმარება იკლებს — წარმოება 1961 წლის დონემდე შემცირდა

ღვინო

ბოლო წლებში, მსოფლიოში ღვინის მოხმარების მაჩვენებელი იკლებს, რაც ღვინის მწარმოებელ კომპანიებს და საოჯახო მარნებს აიძულებს, საბაზრო დინამიკას მხარი აუბან. “ღვინის და ვაზის საერთაშორისო ორგანიზაციის” პროგნოზით, ღვინის წამყვანი მწარმოებელი ქვეყნები წელს 231 მილიონ ჰექტოლიტრ ღვინოს აწარმოებენ, რაც წლიურად 2%-ით ნაკლებია, ათწლეულის ჭრილში კი 13%-ითაა შემცირებული. ღვინის წარმოების ტენდენცია უფრო თვალსაჩინოა გრძელვადიან პერიოდში, რადგან მოცულობა, რომელსაც წამყვანი სახელმწიფოები წელს აწარმოებენ, ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, რომელიც 1961 წლის შემდეგ დაფიქსირდა.

“ღვინის და ვაზის საერთაშორისო ორგანიზაციის” შეფასებით, ღვინის მიწოდების შემცირებას რამდენიმე ძირეული მიზეზი აქვს. მათ შორისაა გლობალურად შემცირებული მოთხოვნა და კლიმატის ცვლილება, რომელიც, ყველაზე მეტად, საფრანგეთში ჩანს და შესაბამისად, ღვინის ჯამურ წარმოებაზე მნიშვნელოვნად მოქმედებს. თავად მოთხოვნის შემცირება აიხსნება, როგორც ბოლო წლებში, მსოფლიოში მაღალ დონეზე შენარჩუნებული ინფლაციით, ანუ ეკონომიკური მიზეზით, ასევე სოციალური ცვლილებებით, რადგან ახალგაზრდა თაობაში ალკოჰოლის მიღება სულ უფრო ნაკლებად მოდურ საქმიანობად მიიჩნევა.

როგორც კვლევით ორგანიზაცია IWSR-ში ამბობენ, ბოლო წლებში, მომხმარებელი ღვინოს აღიქვამს არა ყოველდღიურ სასმელად, როგორც ეს უწინ იყო, არამედ სასმელად, რომელსაც ის განსაკუთრებულ შემთხვევაში იღებს, როგორც ეს კონიაკის და ვისკის შემთხვევაშია. ამიტომაცაა, რომ ბოლო წლებში, ღვინის მწარმოებლებისგან სულ უფრო მეტ მარკეტინგულ აქტივობას ვხვდებით და ღვინის ქილაში ან ჭიქაში ჩამოსხმა, ისევე, როგორც ღვინის ბუნებრივი, ორგანული და ქარვისფერი ნაისახეობების წარმოება, სწორედ ამ ტენდენციას ასახავს.

მეღვინეების ეს მიდგომა, გარკვეულწილად, ამართლებს, მაგრამ ზრდას მხოლოდ ნიშური ღვინის შემთხვევაში ვხედავთ. ბოლო წლებში, ღვინის მოხმარება იზრდება, როგორც ორგანული, ასევე ქარვისფერი ღვინის შემთხვევაში, რაც მომხმარებლის ხასიათის ცვლილებას და ღვინის ისტორიით და წარმოების მეთოდებით დაინტერესებით აიხსნება. როგორც Hedonism Wines-ის დირექტორი, ტატიანა ფოკინა CNBC-სთან ამბობს, ღვინის მომხმარებლის გემოვნება დაიხვეწა, რის გამოც ისინი მეტად კომპლექსურ ღვინოს ითხოვენ.

განსაკუთრებით საინტერესო ტენდენცია იკვეთება GenZ-თაობაში, რომელზედაც დღეს ალკოჰოლის მიმღებთა ბაზრის 45% მოდის. როგორც კვლევებიდან ირკვევა, შანსი იმისა, რომ 20-24 წლის ადამიანმა ალკოჰოლური სასმელი მიირთვას ორჯერ ნაკლებია, ვიდრე უფროს თაობებში, რაც ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის, ვარჯიშის, ნუტრიციოლოგიის და ველნესის კონცეფციების პოპულარობას უკავშირდება. თან, ახალგაზრდები სულ უფრო და უფრო ხშირად ირჩევენ უალკოჰოლო სასმელებს, რაც ბაზარს წლიურად 12%-ით ზრდის, როცა ლუდის და სიდრის ბაზარი, მაგალითად, წლიურად მხოლოდ 2%-ით იზრდება.

იმ დროს, როცა გლობალურად ღვინის წარმოება მკვეთრად იკლებს, საქართველოში წარმოება რეკორდული ტემპით იზრდება, რაც, სავარაუდოდ, საქართველოში წარმოებული ნიშური ღვინის სახეობების პოპულარობის ზრდით აიხსნება. “ღვინის და ვაზის საერთაშორისო ორგანიზაციის” პროგნოზით 2024 წელს საქართველო 2.4 მილიონ ჰექტალიტრ ღვინოს აწარმოებს, რაც წლიურად 27%-ით, ხუთი წლის ჭრილში კი 20%-ით მეტია და, რეალურად, რეკორდული მაჩვენებელია, რომელიც საუკუნის დასაწყისიდან დაფიქსირდა. ექსპერტების შეფასებით, ზრდა ქვეყანაში არსებულ კარგ ამინდს უკავშირდება.

რაც შეეხება საქართველოდან ღვინის ექსპორტს, ის ასევე მდგრადად იზრდება. გასულ წელს, საქართველოდან ექსპორტზე $276 მილიონის ღირებულების 95,000 ტონა ღვინო გავიდა, ანუ თანხობრივად ექსპორტი 6.5%-ით, რაოდენობრივად კი არასრული 6%-ითაა გაზრდილი. გასულ წელს, ყველაზე დიდი ღირებულებით ქართული ღვინო კვლავ რუსეთის ფედერაციაში გაიყიდა, რომელზედაც ქართული ღვინის ბაზრის 66% მოდის. რუსეთში შარშან $182.6 მილიონის ღვინო გაიყიდა, რაც თითქმის 12-ჯერ მეტია, ვიდრე ექსპორტი, რომელიც მეორეადგილოსან პოლონეთში განხორციელდა. ხუთეულში კი, ასევე ვხვდებით უკრაინას, ყაზახეთს და ჩინეთს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები