მსოფლიოს მასშტაბით ნავთობზე, გაზზე და ქვანახშირზე მოთხოვნა რეკორდულად იზრდება. წიაღისეული საწვავის მოხმარების გამო, გასულ წელს გამოყოფილი ემისიების მოცულობამ 40 მილიარდ მეტრიკულ ტონას მიაღწია, რაც მკვეთრად გაზრდილი მაჩვენებელია. წიაღისეული საწვავის მოხმარება განსაკუთრებით აქტიურია განვითარებად ეკონომიკებში. მაგალითად, ინდოეთში წიაღისეული საწვავის მოხმარება 8%-ით გაიზარდა.
შედარებისთვის, ინდოეთის ქვანახშირის მოხმარება აჭარბებს ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ერთობლივი მოხმარების მაჩვენებელს. გარდა ამისა, ჩინეთში წიაღისეული საწვავის მოხმარება 6%-ით გაიზარდა და ეს ტენდენცია დროსთან ერთად, უფრო მეტად ჩქარდება.
დაბინძურების მაჩვენებლის ზრდა გარემოსათვის უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს, რომლის შედეგსაც უკვე ვხედავთ. მოგეხსენებათ, გაუსაძლისი სიცხე ამჟამად პლანეტის დიდ ნაწილს აწუხებს. მსგავსი სიცხის ტალღა ათწლეულების განმავლობაში არ ყოფილა, ასევე გახშირებულია ტყის ხანძრები, შტორმები და ძლიერი წვიმები.
მიუხედავად იმისა, რომ განახლებადი ენერგიის განვითარების მიმართულებით დიდი ინვესტიციები იდება, გლობალური ენერგეტიკული მოთხოვნა იმდენად სწრაფად იზრდება, რომ განახლებადი ენერგია ვერ ახერხებს ბაზარზე არსებული მოთხოვნის სათანადოდ დაკმაყოფილებას, ამიტომ ქვეყნები უფრო მარტივ და იაფ გზას ირჩევენ - ნავთობს, გაზსა და ქვანახშირს.
მაგალითად, გასულ წელს განახლებადი ენერგიის წარმოება, როგორიცაა ქარი და მზის ენერგია, 13%-ით გაიზარდა, თუმცა ეს ზრდა საკმარისი არ იყო გლობალური მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.
როგორც ვთქვით, მსოფლიოში წიაღისეულ საწვავზე მოთხოვნის ზრდა რამდენიმე ძირითადი ფაქტორითაა გამოწვეული. მთავარი ისაა, ქვეყნები ეკონომიკურად განვითარებას განაგრძობენ, რაც, ცხადია, ენერგიას მოითხოვს. ინდუსტრიალიზაციის, ურბანიზაციისა და ინფრასტრუქტურული პროექტების გააქტიურება ენერგომოხმარებას ზრდის. მაგალითად, ჩინეთსა და ინდოეთში ეკონომიკური ზრდა ენერგიის მოთხოვნის მნიშვნელოვან ზრდას იწვევს, რაც წიაღისეული საწვავის მოხმარების ზრდაზე აისახება.
გარდა ამისა, დედამიწის მოსახლეობის მატება და ცხოვრების დონის გაუმჯობესება ენერგიაზე არსებულ მოთხოვნას ზრდის. მაგალითად, გასულ წელს გლობალური ენერგიის მოთხოვნა 2%-ით გაიზარდა, ეს მოთხოვნა კი უმთავრესად სწორედ წიაღისეული საწვავით იქნა დაკმაყოფილებული.
მიუხედავად იმისა, რომ არაერთი ქვეყანა ცდილობს განახლებადი ენერგიის განვითარებას, ეს პროცესი მაინც ნელი ტემპით მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურის დეფიციტი, ტექნოლოგიური სირთულეები და დაგვიანებული ინვესტიციები აფერხებს მზის, ქარისა და წყლის ენერგიის გამოყენების გაფართოებას. შედეგად, წიაღისეული საწვავი კვლავაც მთავარ ენერგიის წყაროდ რჩება, რაც გარემოსათვის ზიანის მომტანია.