საავტომობილო ტრანსპორტის საერთაშორისო კავშირის (IRU) გლობალური ანგარიშის თანახმად, მთელ მსოფლიოში სატრანსპორტო კომპანიები მძღოლების აყვანის კუთხით მზარდ სირთულეებზე მიუთითებენ. გამოკითხული ბაზრების უმრავლესობაში მძღოლების დეფიციტი ოპერატორების მთავარ გამოწვევად იქცა.
IRU-ის მკვლევრებმა დაადგინეს, რომ მძღოლების დეფიციტი ევროპაში ოპერატორების 65%-ისთვის ყველაზე აქტუალური პრობლემაა. ამ გამოწვევის პარალელურად, კომპანიები მალე ყველაზე გამოცდილი კადრების დაკარგვას დაიწყებენ, რადგან მოსალოდნელია, რომ ევროპაში მძღოლების დაახლოებით 20%, ხოლო ავსტრალიაში 24% მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში პენსიაზე გავა.
სხვადასხვა რეგიონის ქვეყნების მონაცემების შეჯამებით, IRU-ის 2025 წლის კვლევამ აჩვენა, რომ 18 შესწავლილ ბაზარზე სატვირთო ავტომობილის მძღოლის დაახლოებით 2.9 მილიონი ვაკანსია (სამუშაო ძალის 11%) შეუვსებელი რჩება.
ევროპაში დეფიციტის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - 13% ფიქსირდება, რაც დაახლოებით 502,000 ვაკანტურ ადგილს ნიშნავს. ამასთან, თითქმის ყველა გამოკითხულ ბაზარზე 2025 წლის დეფიციტის დონე 2021 წლის საწყის მაჩვენებელს აჭარბებს.
აღნიშნული დეფიციტი აღარ არის მჭიდროდ დაკავშირებული მოკლევადიან ეკონომიკურ ციკლებთან. ამის ნაცვლად, წამყვან როლს ოთხი ფაქტორი ასრულებს: სამუშაო ძალის დაბერება, პროფესიაში შესვლის ბარიერები, შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობა და სამუშაოს მიმართ შეცვლილი მოლოდინები. კერძოდ, ახალი თაობებისთვის შორ მანძილზე მგზავრობა და მუშაობა სულ უფრო ნაკლებად მიმზიდველი ხდება.
ამ ტენდენციის მიზეზები გეოგრაფიის მიხედვით განსხვავდება. ევროპასა და ავსტრალიაში მთავარ პრობლემას დემოგრაფია წარმოადგენს. მექსიკასა და ბრაზილიაში დეფიციტის მაღალ დონეს შრომის სტრუქტურული შეზღუდვები და არასათანადოდ განვითარებული მომზადების პროგრამები განაპირობებს. ხოლო უზბეკეთსა და ჩინეთში ტვირთების გადაზიდვაზე მოთხოვნა ბევრად სწრაფად იზრდება, ვიდრე ხელმისაწვდომი მძღოლების რაოდენობა.
ეს წნეხი განსაკუთრებით მძიმეა შორ მანძილზე გადამყვანი ოპერატორებისა და მცირე კომპანიებისთვის. ოპერატორებმა, რომლებსაც 50-ზე ნაკლები თანამშრომელი ჰყავთ, 6 პროცენტული პუნქტით უფრო მაღალი დეფიციტი დააფიქსირეს, ვიდრე მსხვილმა კომპანიებმა. ამის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ მცირე ოპერატორებს (10-ზე ნაკლები თანამშრომლით), რომლებიც ევროკავშირის საგზაო ტვირთების გადაზიდვის საწარმოების 98%-სა და სამუშაო ძალის 79%-ს შეადგენენ, ხშირად არ აქვთ საკმარისი რესურსები კადრების მოსაძიებლად, მოსამზადებლად ან უცხოელი მძღოლების დასაქირავებლად.
ანგარიშში ასევე მოცემულია პრობლემის გადაჭრის შესაძლო გზები:
- ქალები და ახალგაზრდები კვლავ ნაკლებად არიან წარმოდგენილნი ამ სფეროში. სწავლების ბარიერების მოხსნამ, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებამ და პროფესიის იმიჯის მოდერნიზაციამ შესაძლოა გზა პოტენციურ მძღოლთა ბევრად ფართო წრეს გაუხსნას.
- ანაზღაურება კვლავ მნიშვნელოვანია, თუმცა ოპერატორები სულ უფრო ხშირად საუბრობენ "ხელფასის ზღვარზე". მხოლოდ მაღალი ხელფასი აღარ არის საკმარისი მძღოლების მოსაზიდად ან შესანარჩუნებლად. გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა სალონისა და მისაბმელის მდგომარეობა, უსაფრთხო პარკინგი, სახლში გატარებული დრო, პროგნოზირებადი გრაფიკი და სამუშაოსა და პირადი ცხოვრების ბალანსი.
- ცალკეული კომპანიების ძალისხმევა, სავარაუდოდ, საკმარისი არ იქნება. ანგარიშში მოყვანილია ფინეთის, ნიდერლანდებისა და თურქეთის მაგალითები, სადაც ოპერატორების, ასოციაციებისა და საჯარო უწყებების თანამშრომლობამ ხელი შეუწყო კადრების მოზიდვის უფრო ეფექტური სისტემების ჩამოყალიბებას.
"IRU მოუწოდებს მთავრობებსა და ინდუსტრიას კოორდინირებული მოქმედებისკენ. დეფიციტის აღმოფხვრა მხოლოდ სარეკლამო კამპანიებით შეუძლებელია. სექტორმა უნდა გააუმჯობესოს სამუშაო პირობების ხარისხი და პროფესიონალური მართვა აქციოს კარიერად, სადაც ადამიანებს შეეძლებათ მისვლა, განვითარება და დარჩენა", - განაცხადა IRU-ს გენერალურმა მდივანმა უმბერტო დე პრეტომ.




























