მსოფლიოში თხილის წარმოება მზარდია. უმსხვილესი მწარმოებელია ქვეყანა კი თურქეთია. მისი წილი მსოფლიო თხილის წარმოების 71%-ია - ამის შესახებ Galt & Taggart-ის მიერ გამოქვეყნებულ მიმოხილვაშია აღნიშნული, რომელი საქართველოში კაკლოვანი კულტურების ბაზარზე არსებულ ტენდენციებს ასახავს.
მიმოხილვის ავტორები აღნიშნავენ, რომ საქართველო მსოფლიო თხილის წარმოების 2.5%-იანი წილით მე-6 ადგილზეა და ამასთან თხილი ქვეყნისთვის საექსპორტო პროდუქტია.
“2016-22 წლებში მსოფლიოში თხილის წარმოება CAGR 6.6%-ით გაიზარდა და 2022 წელს 585 მლნ კგ-ს მიაღწია. ეს ზრდა ძირითადად განპირობებულია თურქეთში, აშშ-სა და სხვა ქვეყნებში წარმოების ზრდით. ამასთან, 2022 წელს წარმოება საგრძნობლად გაიზარდა ყველა ტოპ-მწარმოებელ ქვეყანაში. თურქეთი ლიდერია და მსოფლიოში თხილის 71%-ს აწარმოებს. მას მოჰყვებიან იტალია, აშშ, აზერბაიჯანი, ჩილე და 2.5%-იანი წილით საქართველო“, - ნათქვამია მიმოხილვაში.
მიმოხილვის ავტორები აღნიშნავენ, რომ თხილის უდიდესი მომხმარებლები ძირითადად ევროპის ქვეყნები გერმანია, იტალია და საფრანგეთი არიან, რომლებიც ჯამურად 42.9%-ს მოიხმარენ. „ეს უკავშირდება ევროპაში შოკოლადის წარმოებას, სადაც თხილი ერთ-ერთი უმთავრესი ინგრედიენტია“, - განმარტებულია მიმოხილვაში.
2021 წლის მონაცემებით, ხილის მოხმარება მსოფლიოში 1 სულ მოსახლეზე სტაბილურია და საშუალოდ ყოველწლიურად 0.08 კილოგრამია. ამასთან, ქვეყნების მიხედვით ეს მაჩვენებელი არარელევანტურია, რადგან ბევრ ქვეყანაში მოხმარების მაღალი დონე შოკოლადის წარმოებაში თხილის გამოყენებას უკავშირდება.
უნდა აღინიშნოს, რომ 2017-21 წლებში თხილის ექსპორტი მსოფლიოში მზარდი იყო, თუმცა 2022 წელს საგრძნობლად, წლიურად 25.1%-ით $1.8 მლრდ-მდე შემცირდა.
Galt & Taggart-ში თხილის ექსპორტის კლების მიზეზებს განმარტავენ და ამბობენ: „ეს გამოწვეული იყო ფასის მკვეთრი ვარდნით, რაც მოთხოვნის შემცირებას უკავშირდებოდა. თხილის უდიდესი იმპორტიორია ევროპა. 2022 წელს ენერგო კრიზისმა და გაზრდილმა ინფლაციამ ნეგატიურად იმოქმედა როგორც წარმოებაზე, ისე მოთხოვნაზე. ასევე, თხილი და ნუში ნაწილობრივ შემცვლელები არიან და ნუშის ფასის კლებამაც თხილის ფასის ვარდნაში თავისი წვლილი შეიტანა“. მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ 1 კგ თხილის საექსპორტო ფასი 2022 წელს 5.82 დოლარი იყო, მაშინ როდესაც 2021 წელს 6.94 დოლარი იყო.
ამასთან, მსოფლიო ბაზარზე თხილის უმსხვილესი მიმწოდებელი და ექსპორტიორი თურქეთია, რომელიც ფასზეც დიდ გავლენას ახდენს. ექსპორტში საქართველო 5,4%-იანი წილით მეექვსე ადგილს იკავებს.