მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელები

60dbfa66a5aa1
თათია კაკიაშვილი
30.06.21 23:40
4380
COVID-პანდემიამ თითქმის ყველა სექტორზე უარყოფითი გავლენა მოახდინა, თუმცა სოციალური ქსელების შემოსავლებზე, როგორც ჩანს, დადებითად აისახა. მსოფლიოში დღითი დღე მატულობს facebook-ზე, Tiktok-სა თუ Instagram-ზე დამოკიდებული მომხმარებლების რაოდენობა და საინტერესოა ისიც, თუ როგორ შეიცვალა სოციალური ქსელების პოპულარობა.

გასაკვირი არაა, რომ ბაზრის ლიდერი Facebook-ია, რომლის რეგისტრირებული აქტიური მომხმარებლების რაოდენობა, ბოლო მონაცემებით, 2,79 მილიარდს შეადგენს. 2004 წლის თებერვალში, კოლეჯის სტუდენტის, მარკ ცუკერბერგის მიერ დაარსებულმა სოციალურმა ქსელმა მალევე მოიპოვა დიდი პოპულარობა და არც პირველი მომხმარებლების რაოდენობა იყო მცირე. Statista-ს ინფორმაციით, 2021 წლის პირველი კვარტალის მიხედვით, Facebook-ის მთლიანი შემოსავალი 9.4 მილიარდ დოლარს აჭარბებს.

ამჟამად კომპანია სოციალური მედიის ოთხ უდიდეს პლატფორმას ფლობს, რომელთაგან თითოეულს ერთ მილიარდზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს. ესენია: Facebook-ი, როგორც ძირითადი პლატფორმა; WhatsApp-ი, Facebook Messenger-ი და Instagram-ი.

ყველაზე რეიტინგული სოციალური ქსელები, რომლებსაც მინიმუმ 100 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავთ, უმეტესად აშშ-იდან იღებს სათავეებს. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სხვადასხვა კონტინენტის სერვისებმაც წარმატებით მოახერხა საკუთარი ნიშების დამკვირდება.

მაგალითად, რუსული - VK (ვკონტაქტე); იაპონური პლატფორმა Line; ჩინური სოციალური ქსელი WeChat-ი, QQ და ვიდეოს გაზიარების აპლიკაცია Douyin (დოუინი) - ეს ის კომპანიებია, რომლებმაც საკმაო პოპულარობა მოიპოვა შესაბამის რეგიონებში ადგილობრივი კონტექსტის და, ზოგადად, შინაარსის გამო.

Douyin-ის პოპულარობამ კიდევ ერთი მსგავსი ქსელის საერთაშორისო ვერსიის გამოშვება გამოიწვია - TikTok-ის, რომელიც ბოლოს დროს ყველაზე ცნობადი და მიმზიდველი სოციალური ვიდეოპლატფორმაა, განსაკუთებული მოწონებით კი თინეიჯერებსა და ახალგაზრდებში სარგებლობს.

ძირითადი მიზეზი, რის გამოც სოციალური მედია მსოფლიო მასშტაბით წარმატებულად ოპერირებს, ისაა, რომ წამყვანი სოციალური ქსელები, როგორც წესი, მრავალ ენაზეა ხელმისაწვდომი და თან მომხმარებლებს საშუალება აქვთ, ერთმანეთს გეოგრაფიული საზღვრების, პოლიტიკური თუ ეკონომიკური შეხედულებების და საერთო ინტერესების მიხედვით დაუმეგობრდნენ.

და მთავარი კითხვა - რამდენი აქტიური მომხმარებელი ჰყავს სოციალურ ქსელებს გლობალურად? ბოლო მონაცემებით, ეს რიცხვი 3.78 მილიარდია და, რაც მთავარია, ეს მაჩვენებელი მზარდია, რადგან დღითიდღე იზრდება სმარტფონების და, ზოგადად, ელექტრონული მოწყობილობების რაოდენობა. სოციალურ ქსელებს კი დღეს უკვე ნებისმიერი ასაკის თუ პროფესიის ადამიანი იყენებს.

დაბოლოს, ყველაზე ხშირად გამოყენებადი სოციალური ქსელების ტოპ-ათეული ასე გამოყურება:

Facebook - 2.79 მილიარდი აქტიური მომხმარებელი
Youtube - 2.29 მილიარდი აქტიური მომხმარებელი
Whatsapp - 2 მილიარდი აქტიური მომხმარებელი
Facebook Messenger - 1.3 მილიარდი აქტიური მომხმარებელი
Instagram - 1.3 მილიარდი აქტიური მომხმარებელი
WeChat - 1.2 მილიარდი აქტიური მომხმარებელი
TikTok - 732 მილიონი აქტიური მომხმარებელი
Douyin - 600 მილიონი აქტიური მომხმარებელი
QQ - 595 მილიონი აქტიური მომხმარებელი
Telegram - 550 მილიონი აქტიური მომხმარებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები