იურისტი გიორგი გოცირიძე "ანალიტიკას" ეთერში მეწარმეებისთვის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვის პრაქტიკულ მექანიზმებს ხსნის და მოსალოდნელ საფრთხეებზე, მათ შორის, ბიზნესში შიდა ცენზურის გაჩენასა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ადგილობრივი დაფინანსების შეზღუდვაზე საუბრობს.
ახალი კანონმდებლობით, პოლიტიკური აქტივობა იურიდიული პირის ძირითად სამეწარმეო საქმიანობას არ უნდა უკავშირდებოდეს. გიორგი გოცირიძის განმარტებით, დავის შემთხვევაში ეს ჩანაწერი დაცვის მხარის მთავარი სტრატეგია იქნება.
"ყურადღებას გავამახვილებდი ერთ ჩანაწერზე, რომ პოლიტიკური აქტივობა არ უნდა უკავშირდებოდეს იურიდიული პირის ძირითად სამეწარმეო საქმიანობას. ანუ აქედან შეიძლება ასეთი დასკვნა გამომდინარეობდეს, რომ ეს განცხადება, რომელიც კონკრეტულმა კომპანიამ გააკეთა, უკავშირდება მის ბიზნეს საქმიანობას და შესაბამისად დანაშაულს არ წარმოადგენს. მაგალითად, კონკრეტული შემთხვევა რომ მოვიშველიოთ: რომელიმე კომპანიამ გააკრიტიკა საგადასახადო პოლიტიკა, რასაც ხელისუფლება ახორციელებს. ანუ ის საგადასახადო ტვირთი, რაც კონკრეტული კომპანიის ან კონკრეტული საწარმოს მიმართ არის დადგენილი. ბუნებრივია, ასეთი კრიტიკა გავლენას ახდენს ხელისუფლებაზე ან საზოგადოებრივ აზრზე, მიზნად ისახავს საშინაო პოლიტიკის, ანუ საგადასახადო პოლიტიკის შეცვლას და ბუნებრივია, არის პოლიტიკური აქტივობა ამ თვალსაზრისით, თუმცა უკავშირდება იურიდიული პირის ძირითად საქმიანობას. ასეთიც შეიძლება იყოს ამ კონკრეტულ შემთხვევაში დაცვის მხარის პოზიცია", - ამბობს იურისტი.
გოცირიძის თქმით, შიში იმისა, თუ როგორ განმარტავს ნორმას პროკურატურა ან სასამართლო, მეწარმეებს აიძულებს, მიმართონ თვითცენზურას და თავი შეიკავონ იმ განცხადებებისგანაც კი, რაც კანონით ერთი შეხედვით ნებადართულია.
"თუმცა, აი პრობლემაც ამაში მდგომარეობს, თუ რა სახის განცხადება უკავშირდება იურიდიული პირის ძირითად საქმიანობას და რა სახის განცხადება არ უკავშირდება. ეს ზღვარი არ არის მკაფიოდ გავლებული ამ ორ შემთხვევას შორის და სწორედ ეს აჩენს მსუსხავ ეფექტს. რომ ნებისმიერი ტიპის განცხადებისგან, მათ შორის საგადასახადო პოლიტიკის კრიტიკისგან, ბიზნესმენმა შეიძლება თავი შეიკავოს, მათ შორის იმისგანაც, რაც თითქოს ამ ნორმის გონივრული განმარტებით ნებადართულია. და ეს პრობლემაა.
ბიზნესის განცხადება, რომ თუკი საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდება, ჩემს მიერ წარმოებული საქონელი თავისუფლად მოხვდება ამ ბაზარზე ყოველგვარი ტარიფის და საბაჟო გადასახადის გარეშე, ეს ბუნებრივია წარმოადგენს ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდაჭერას, მაგრამ უშუალოდ შეიძლება უკავშირდებოდეს ამ ბიზნესის ძირითად სამეწარმეო საქმიანობას. თუმცა მე არ მაქვს ძალიან დიდი წარმოდგენა იმაზე, როგორ განმარტავენ ამ ნორმებს პროკურატურა ან სასამართლო. შედეგად, ბიზნესი ძალიან დიდი სიფრთხილით მოეკიდება თუნდაც საგადასახადო პოლიტიკის კრიტიკას ან საგამოძიებო კომისიაზე სუპერმარკეტის "ქეშბექს" - ეს ამ საკანონმდებლო ცვლილებით არის დაშვებული, მაგრამ კონკრეტული მეწარმე ძალიან ფრთხილად იქნება, სანამ სახელმწიფოს ამ პოლიტიკას გააკრიტიკებს. ანუ ყველაზე მეტად პრობლემური ამ ნორმაში არის ეს მსუსხავი ეფექტი და თვითცენზურა", - განმარტავს გიორგი გოცირიძე.
კანონის კიდევ ერთი კრიტიკული ასპექტი არის ის, რომ ბიზნესს ფაქტობრივად ეკრძალება ადამიანის უფლებების დარღვევებზე საუბარი, თუ ეს უშუალოდ მის საქმიანობას არ ეხება. გოცირიძე ხაზს უსვამს, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონის მიღების შემდეგ, რომელმაც სამოქალაქო სექტორს დასავლური დაფინანსება შეუზღუდა, ახალი რეგულაცია არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის მეორე, ადგილობრივი "მაშველი რგოლის" გადაჭრას ემსახურება.
"თუ, მაგალითად, უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელი კომპანია დააფინანსებს ორგანიზაციას, რომელიც სასამართლოს მონიტორინგს ახორციელებს ან შეკრების დაშლის პროპორციულობას აფასებს, ეს აღიქმება პოლიტიკურ აქტივობად. სასამართლოზე საზოგადოებრივი აზრის ფორმირების დაფინანსება არ უკავშირდება სასმლის წარმოებას, შესაბამისად, ბიზნესი მოექცევა ამ მუხლის ზემოქმედების ქვეშ", - აცხადებს იურისტი.
გიორგი გოცირიძე "ანალიტიკას" ეთერში ასევე აცხადებს, რომ ირაკლი კობახიძის მთავარი არგუმენტი: "კომერციული იურიდიული პირი შექმნილია მოგების მისაღებად და არა პოლიტიკის საწარმოებლად" - საერთაშორისო პრაქტიკას ეწინააღმდეგება.
გოცირიძეს მაგალითად აშშ-ის უზენაესი სასამართლოს 2010 წლის ცნობილი საქმე (Citizens United) მოჰყავს, სადაც სასამართლომ მსგავსი აკრძალვა კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ ცნო და დაადგინა, რომ კორპორაციებს გამოხატვის თავისუფლება აქვთ.
"ტელევიზია შეიძლება იყოს რომელიმე ისეთი ჰოლდინგის წევრი, რომელიც სხვა სახის ბიზნესს ეწევა და თუკი ასეთ იურიდიულ პირს აქვს გამოხატვის თავისუფლება, რატომ არ შეიძლება გამოხატვის თავისუფლება ჰქონდეს იმ კომერციულ იურიდიულ პირს, რომელიც უშუალოდ მედია საქმიანობით არ არის დაკავებული. სასამართლომ ამ მოტივაციით ეს რეგულაცია ცნო არაკონსტიტუციურად", - განმარტავს გიორგი გოცირიძე.




























