მთა თავისუფლებისთვის! - Georgian mountain guides განცხადებას ავრცელებს, სადაც ყველა იმ ადამიანს, რომლებიც მთამსვლელობით არიან დაკავებული, მოუწოდებს შეუერთდნენ პროტესტს და გადაარჩინონ ქვეყნის ევროპული მომავალი. ამისთვის, გიდები 14 დეკემბერს, 15 საათზე ფილარმონიასთან, კერძოდ მუზას ქანდაკებასთან აქციას აანონსებს.
"მთამსვლელებო, მოთხილამურეებო, მოლაშქრეებო, გამყოლებო, სათავგადასავლო აქტივობების, ექსტრემალური სპორტის მიმდევრებო და ქომაგებო, შემოგვიერთდით - ჩვენი პროტესტით, ერთად დავიცვათ, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი!", - აცხადებენ მთის გიდები.
აღსანიშნავია, რომ 30 ნოემბერს, მთის გიდები, საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაციის გამგეობის განცხადებას ავრცელებენ, სადაც აღნიშნულია, რომ პროტესტის ნიშნად საწვრთნელი პროცესები შეჩერდება.
"ჩვენ ვწყვეტთ მიმდინარე საწვრთნელ პროცესს, ვაუქმებთ გენერალურ ასამბლეის შეხვედრას მესტიაში და მოვუწოდებთ ჩვენს ყველა წევრს, შემოუერთდეს ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობას!", - ვკითხულობთ განცხადებაში.




























