"მთას ნამდვილად აქვს იმის პოტენციალი, რომ ჩამოკიდებული არ იყოს არაფრის მომცემ სოციალურ დახმარებებზე და ღირსებით სავსე მთის კაცს სახელმწიფო უსაქმოდ ყოფნაში კი არ უხდიდეს ფულს და ამით კიდევ უფრო აღრმავებდეს მთაში სიღარიბის დონეს, არამედ სწორი სახელმწიფო პროგრამების გატარებით და გონივრული პოლიტიკის განხორციელებით, შესაძლებელი გახდეს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებმა ადამიანებმა იცხოვრონ ნორმალურად და როგორც ყოველთვის, ღირსეული წვლილი შეიტანონ ქვეყნის აღმშენებლობაში“, - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფ „საქართველოსთვის“ წევრმა შალვა კერესელიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძის პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლის შემდეგ.
პარლამენტის პრესსამსახურის თანახმად, შალვა კერესელიძემ ისაუბრა პოლიტიკური ჯგუფის ხედვებზე საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში არსებულ პრობლემებზე და სახელმწიფოს მიერ გადასადგმელ იმ სისტემურ, კომპლექსურ ღონისძიებებზე, რომლებმაც მისი შეფასებით, შესაძლებლობა უნდა მოგვცეს, რომ მაღალმთიან რეგიონებში კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს ეკონომიკური აქტივობა.
„კანონის მიღების რვაწლიანმა პერიოდმა ცალსახად დაგვანახა, რომ ეკონომიკური, დემოგრაფიული, სოციალური პრობლემების მოგვარებისთვის გატარებულმა ღონისძიებებმა სასურველი შედეგი ვერ გამოიღო. კვლავ მწვავედ დგას დემოგრაფიული პრობლემები, გრძელდება მოსახლეობის შემცირების ტენდენცია, სიკვდილიანობის მაჩვენებელმა მნიშვნელოვნად გადააჭარბა შობადობის მაჩვენებელს, გაზრდილია მიგრაციის დონე, მოუგვარებელ პრობლემად რჩება უმუშევრობა და სოციალური სიდუხჭირე. ეს ცხადყოფს, რომ არსებული კანონმდებლობა ვეღარ პასუხობს რეალურ გამოწვევებს და საჭიროა შეიქმნას სახელმწიფო მხარდაჭერის ერთიანი სისტემა, რომელიც შესაძლებელს გახდის მთასა და ბარს შორის არსებულ დისპროპორციის აღმოფხვრას და მათ უსაფრთხო განვითარებას“, - განაცხადა შალვა კერესელიძემ.
მისი შეფასებით, მთას რეალური სახელმწიფო მხარდაჭერა და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა სჭირდება სხვა შემთხვევაში შედეგად მივიღებთ ქართული გენოფონდისგან დაცლილ მთას.
შალვა კერესელიძემ დეტალურად ისაუბრა მთიანი რეგიონებისთვის სახელმწიფო მხარდაჭერის კომპლექსურ სისტემაზე და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს ფინანსების მობილიზება პრიორიტეტული ამოცანების შესასრულებლად უნდა მოხდეს.
"ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მთამ არ დაკარგოს თავისი ისტორიული სასაზღვრო, აგრარული, ეკონომიკური და დემოგრაფიული ფუნქცია“, - განაცხადა პოლიტიკურ ჯგუფ „საქართველოსთვის“ წევრმა.