მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„დაიცავით ხორბლის ადგილობრივი მწარმოებლები ეკონომიკური ექსპანსიისგან“ - დეპუტატი მთავრობას მიმართავს

64636f053864f
ვიქტორია მღებრიშვილი
16.05.23 16:09
845
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „საქართველოსთვის“ წევრმა შალვა კერესელიძემ ხელისუფლებას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებების ფორმატში გამოსვლისას მიმართა და ხორბლის ადგილობრივი მწარმოებლების დაცვისკენ მოუწოდა.

„გამოიჩინეთ პოლიტიკური ნება, რათა შესაბამისი კანონმდებლობით გამყარდეს საქართველოში ხორბლის წარმოების ხელშეწყობა და დაიცავით ადგილობრივი ფერმერები ეკონომიკური ექსპანსიისგან“, - განაცხადა კერესელიძემ.

დეპუტატმა ხორბლის მწარმოებელი ქართველი ფერმერების წინაშე არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კახელი ფერმერების პროტესტი ხორბლის ფასთან დაკავშირებით სამართლიანი იყო.

„პრობლემა იმაშია, რომ ხორბლის მწარმოებელი ქართველი ფერმერები მათ მიერ წარმოებული პროდუქციის რეალიზებას 40 თეთრზე მეტად ვერ ახდენენ, მაშინ როდესაც საშუალო თვითღირებულება 60 თეთრს შეადგენს. ეს იმ მოცემულობაში, როდესაც ხორბალი სახელმწიფოს მიერ აღიარებულია როგორც სტრატეგიული კულტურა და საქართველოში წარმოებული ხორბლის რაოდენობა ვერ უზრუნველყოფს ქვეყნის მოთხოვნის 15 %-ზე მეტს. მალე დაიწყება ახალი მოსავლის აღებაც და ადგილობრივი ფერმერები კვლავ იმავე გამოწვევის წინაშე დადგებიან. დღის წესრიგში დადგება ახალი მოსავლის დასაწყობების პრობლემა“, - განაცხადა კერესელიძემ.

მისი თქმით, შექმნილი ვითარების მიზეზი რუსეთის ფედერაციიდან დაბალ ფასად შემოტანილი ხორბალია.

„მსოფლიოში არ მეგულება პრეცედენტი, როდესაც ხორბალი როგორც კულტურა სახელმწიფოს მიერ აღიარებულია სტრატეგიული მნიშვნელობის პროდუქტად, მისი წარმოება სახელმწიფოს შიდა ბაზრის მოთხოვნის მხოლოდ 15% აკმაყოფილებდეს და რეალურად ადგილობრივი ფერმერები წარმოებული ხორბლის რეალიზაციას ვერ ახერხებდნენ, იმიტომ რომ სახელმწიფო 90%-ით რუსეთიდან შემოტანილ მარცვლეულზე იყოს დამოკიდებული და ყველაზე სტრატეგიული პროდუქტი მთლიანად ოკუპანტი ქვეყნიდან შემოდიოდეს. შესაბამისი საბაჟო ტარიფების თუ სწორი დაბეგვრის რეჟიმების გამოყენებით, სამართლიანი, თანმიმდევრული, ეკონომიკური თუ ადმინისტრაციული პოლიტიკის დანერგვით, ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რათა სამართლიანი რეგულაციების გზით, დაიცვას ადგილობრივი ფერმერები და ადგილობრივი წარმოება რუსული ეკონომიკური ექსპანსიისგან“, - განაცხადა შალვა კერესელიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები