მთაწმინდის რაიონში, ვასილ აბაშიძის ქუჩის N11-ში მდებარე საცხოვრებელ სახლს გარე კედელი ჩამოეშალა. შემთხვევას წინ უძღოდა 7 აპრილს შენობის შიდა ფრაგმენტის ღიობებს შორის არსებული კედლის ნგრევა. შემთხვევის გამო შენობიდან 12 ოჯახია გაყვანილი.
თბილისის მერიის წინასწარი ინფორმაციით, ნგრევა კერძო მესაკუთრის მიერ სარემონტო სამუშაოების არასწორად შესრულებამ გამოიწვია, რის შედეგადაც შენობის მზიდი კედელი დაზიანდა.
როგორც ირკვევა, აღნიშნული ფართის მესაკუთრემ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს ფართის გამიჯვნის მოთხოვნით 3 აპრილს მიმართა. თუმცა, უწყების განცხადებით, მესაკუთრემ სამუშაოები განხილვის დასრულებამდე, ყოველგვარი ნებართვის გარეშე დაიწყო.
მთაწმინდის რაიონის გამგეობის განმარტებით, აღნიშნული სახლი ავარიულად შეფასებული არ ყოფილიყო და მოსახლეობის მხრიდან გამგეობაში რაიმე სახის მომართვა არ ფიქსირდებოდა.
მერია წერს, რომ უსაფრთხოების მიზნით, 12 ოჯახი შენობიდან გუშინვე გამოიყვანეს. ისინი დროულად იქნენ დაბინავებული სასტუმროში. გამგეობის ინფორმაციით, მობინადრეებს შესთავაზეს ქირით უზრუნველყოფის პროგრამაში ჩართვაც.
დღეს დილით კი, დაზიანებული კონსტრუქციის მდგრადობის დარღვევის გამო, შენობის გარე კედელიც ჩამოიშალა..




























