პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტის პოსტზე მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურის წარმატების გარანტია მისი პიროვნული თვისებები იქნება. როგორც "იმედის" ეთერში კობახიძემ განაცხადა, "ის არის გამორჩეულად ღირსეული ადამიანი. ბოლო 8 წელიწადის განმავლობაში ის აქტიურად არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში და ყოველ ჯერზე ამტკიცებდა, რომ უყვარს ქვეყანა, აქვს ღირსება და ღირსებით აკეთებს ყველაფერს, რაც დაკავშირებული იყო პოლიტიკურ საქმიანობასთან. ის არის პატრიოტი ადამიანი".
ამასთან, როგორც კობახიძემ განაცხადა, მიხეილ ყაველაშვილმა ბრიფინგზე გამოსვლისას მთავარი აქცენტი გააკეთა იმაზე, რაც უკავშირდება ე.წ პოლარიზაციას და ამ კუთხით განიხილა მისი, როგორც პრეზიდენტის ფუნქცია სამომავლოდ, რაც პრემიერის თქმით, მნიშვნელოვანი აქცენტია.
„თუ პრეზიდენტი, რომელსაც კონსტიტუციით ევალება ზეპარტიულობა, არ მოქმედებს ზეპარტიულად, ის პირიქით, ხელს უწყობს პოლარიზაციის გაღვივებას, მით უმეტეს იმ ვითარებაში, რომელიც არის ჩვენს ქვეყანაში. გასული წლების განმავლობაში გვქონდა ხელოვნურად პოლარიზებული პოლიტიკური სივრცე და იმის ხარჯზე, რომ პრეზიდენტი 2021 წლიდან გახდა პარტიულად მიკერძოებული თანამდებობის პირი, ის დამატებით აღვივებდა ჩვენს ქვეყანაში ე.წ პოლარიზაციას. მთავარი გასაღები სწორედ ზეპარტიულობაშია. თუ პრეზიდენტი იქნება ზეპარტიული, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეუძლია მას, ხელი შეუწყოს ე.წ დეპოლარიზაციას, რადიკალიზმის შემცირებას და ეს იყო მთავარი დაპირება, რაც გასცა მიხეილ ყაველაშვილმა. მისი ზეპარტიულობა უკიდურესად მნიშვნელოვანი იქნება იმისთვის, რომ ჩვენ ხელი შევუშალოთ გარედან ხელოვნურად თავსმოხვეულ პოლარიზაციის ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.