ბიზნესმენმა თამაზ დაუშვილმა BMGTV-ის გადაცემაში 'ანალიტიკა' მიგრაციის საკითხზე ისაუბრა. მან განმარტა, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს გაზრდილმა ემიგრაციამ საქართველოში უცხოელი ინვესტორების შემოსვლაზე.
“უამრავი ადამიანი მიდის ქვეყნიდან. ეს არის მთავარი კაპიტალი, რომელსაც ქვეყანა კარგავს. ჩვენ რომ ინვესტიცია მოვიზიდოთ, იმ ინვესტიციას თან უნდა მოჰყვეს ადამიანები, რომლებიც აქ უნდა მუშაობდნენ და აღარ რჩებიან ადამიანები, ვინც იმუშავებენ. თუ ინვესტორი ჩამოვა და აქ საკუთარ კადრებს ჩამოიყვანს - ეს არ ვიცი, რამდენად კარგია ეს საქართველოსთვის.
მთავარი მიზანია, რომ მაქსიმალურად შეჩერდეს ემიგრაცია, ბიზნესები იმდენად მყარად იყვნენ, რომ კარგი ხელფასები გადაიხადონ და პირიქით, დაბრუნდნენ ქვეყნიდან წასული ადამიანები, ახალი ცოდნით და დაგროვებული კაპიტალით, და არა იმისთვის, რომ სხვადასხვა უბნებში მშენებარე ბინები იყიდონ, რომ პენსიამდე რაღაც შემოსავალი ჰქონდეთ - ჩვენი ეკონომიკა ახლა ამაზე დგას ძირითადად”, - ამბობს თამაზ დაუშვილი.
“დიოს” დამფუძნებელი იმასაც აღნიშნავს, რომ ქვეყნიდან ადამიანების მასობრივი გადინება ინვესტორებისთვის, ქართულ საინვესტიციო გარემოსთან დაკავშირებით, არაერთ კითხვას აჩენს.
“ჩვენი ეკონომიკა დგას გარკვეულ საექსპორტო პროდუქციაზე და მშენებლობაზე - ვაშენებთ, ვაშენებთ, ვაშენებთ, მაგრამ არ ვაშენებთ ახალ ქარხნებს, უნივერსიტეტებს, სამეცნიერო ცენტრებს - რომ ნამდვილ ლიდერ ქვეყნად გადავიქცეთ, სადაც პროდუქცია უბრალოდ კი არ იწარმოება, არამედ სიახლეები, ახალი ტექნოლოგიები იქმნება და ადამიანებს, უცხოელებსაც კი, უხარიათ აქ ცხოვრება.
როგორ შეიძლება, როცა ქვეყნიდან 80 000 ადამიანი წავა, ინვესტორს უთხრა, რომ აქ კარგია. გკითხავს მაშინ, ვინ უნდა იმუშაოს, რატომ გარბის ამდენი ადამიანი ქვეყნიდან და რა აძლევთ ამის მოტივაციას”, - აცხადებს თამაზ დაუშვილი.
ცნობისთვის, საქსტატის ინფორმაციით, გასულ 2022 წელს საქართველოდან ემიგრაციაში 125 269 ადამიანი წავიდა, საიდანაც 100 802 ადამიანი საქართველოს მოქალაქე იყო.