მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მთავარი საექსპორტო ბაზარი არაბეთის ქვეყნებია, ყველა დიდ მაღაზიაში ვართ წარმოდგენილი" - "დალოოდი"

dalood

ქართული მოდის ბრენდი "დალოოდი" ერთ-ერთია იმ ბრენდებს შორის, რომლებიც უკვე წლებია, ქვეყნის ფარგლებს გარეთ საკმაოდ წარმატებით ოპერირებენ და ქართულ ნაწარმს მსოფლიოს არაერთ ქვეყანას აცნობენ. ამჟამად ბრენდის გაყიდვების 70%-ი ექსპორტზე მოდის, დარჩენილი 30%-ი კი ადგილობრივ ბაზარზე რეალიზდება.

როგორც "დალოოდის" დამფუძნებელმა და კრეატიულმა დირექტორმა, მაკა კვიციანმა BMGtv-ის გადაცემა "ქალების ნარატივში" აღნიშნა, ბრენდი ამჟამად 15-მდე ქვეყანაში არის წარმოდგენილი, განსაკუთრებით წარმატებით კი აზიურ ბაზარზე ოპერირებს. მისი თქმით, მთავარი საექსპორტო ბაზარი არაბეთის ქვეყნებია, სადაც ყოველწლიურად როგორც მოთხოვნა, ისე გაყიდვების მაჩვენებელი ზრდის დინამიკას აჩვენებს.

"არაბულ ქვეყნებში ძალიან ძლიერები ვართ, როგორც არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, ისე კატარში, საუდის არაბეთში და ა.შ. გვყავს უამრავი მომხმარებელი და ამ ქვეყნებში არსებულ ფაქტობრივად ყველა დიდ მაღაზიაში ვართ წარმოდგენილები. ვფიქრობ, ჩვენი სწორი პოლიტიკის შედეგია ის, რომ ამ ბაზარზე საკმაოდ მყარი პოზიცია გვიკავია. ძალიან აქტიურად ვეწევით ამ რეგიონში სარეკლამო კამპანიასაც.

ძალიან კარგი დინამიკა გვაქვს ჩინეთშიც, უბრალოდ ეს ბაზარი ძალიან სპეციფიკურია და სათანადო მორგება სჭირდება", - ამბობს მაკა კვიციანი.

რაც შეეხება სხვა კონტინენტებს. "დალოოდი" ასევე წარმოდგენილია აშშ-შიც, სადაც ამჟამად ორ ფილიალს ფლობს. ევროპის ქვეყნებში კი, ბრენდი პანდემიის შემდეგ შექმნილი რეალობიდან გამომდინარე აღარ ოპერირებს.

"ამ კრიზისებმა ევროპაზე ძალიან იმოქმედა და ახალი ბრენდების შეყვანას ძალიან ერიდებიან. ჩვენი სამიზნე იქ არა ფიზიკური სივრცე, არამედ ონლაინ მაღაზიაა და მუდმივად ვმუშაობთ მათთან, რომ იქნებ ონლაინ მაღაზიაში მაინც შეგვიშვან", - განმარტავს "დალოოდის" კრეატიული დირექტორი.

რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვების მაჩვენებელს, მაკა კვიციანის თქმით, საქართველოში რეალიზებული პროდუქციის გარკვეული ნაწილი უცხოელ ვიზიტორებზე მოდის, თუმცა დიდი წილი მაინც ქართველი მომხმარებელია.

"ძალიან აქტიურად ყიდულობს ქართველი მომხმარებელი ჩვენს პროდუქციას და ძალიან მიხარია, რომ მოსწონთ. ამ პერიოდის განმავლობაში მომხმარებლის ქცევაც შეცვლილია. ადრე ხშირად საუბრობდნენ, თუ რატომ უნდა ჰქონოდა კონკრეტული ფასი საქართველოში შეკერილ პროდუქციას და ამის გადალახვასაც დრო დასჭირდა. ქართველი მომხმარებელი ჩვენს [ქართველი დიზაინერების] მიმართ ორმაგად კრიტიკულია", - აღნიშნა კვიციანმა.

"დალოოდის" კრეატიულმა დირექტორმა "ქალების ნარატივში" საფასო პოლიტიკაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნედლეულისა და გადაზიდვის გაძვირების გამო, საერთაშორისო ბაზარზე პროდუქციის ღირებულება ერთწლიან ჭრილში 15-20%-ით გაზარდეს, თუმცა ადგილობრივ ბაზარზე ფასები არ დაკორექტირებულა.

ცნობისთვის: "დალოოდი" ქართულ ბაზარზე 2001 წლიდან არის წარმოდგენილი, სულ ცოტა ხნის წინ კი ბრენდი გაფართოვდა და გახსნა სივრცე, რომელიც შოურუმ-მაღაზიასთან ერთად კაფეს კონცეფციასაც აერთიანებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები