მიხეილ ჭელიძის აზრით, რუსეთის ბაზარზე ექსპორტზე ბიზნესმა უარი არ უნდა თქვას, რადგან კერძო სექტორის კეთილდღეობა სახელმწიფოს კეთილდღეობას ნიშნავს. ამის შესახებ მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის ხელმძღვანელმა "ანალიტიკას" ეთერში, ექსპორტში რუსეთის წილის ზრდის შეფასებისას ისაუბრა.
მისი თქმით, გაყიდვებში რუსეთის წილი გაიზარდა, რადგან ნაკლები ბარიერები არსებობს ამ ქვეყანაში ექსპორტისთვის.
"ბიზნესმა მთავარია, პროდუქტი გაყიდოს. ყველა ოცნებობს, რომ დიდ ბაზარზე გავიდეს. ბიზნესი უნდა იყოს ძალიან ლავირული, ევროკავშირშიც უნდა გაყიდოს, ჩინეთშიც, რუსეთშიც და თურქეთში. კონტექსტიდან არ უნდა ამოვვარდეთ და ვთქვათ, რომ რუსეთში არ უნდა გავყიდოთ, იმიტომ რომ ამით მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ თავს დავაზარალებთ... რუსეთმა შეარბილა ჩვენი პროდუქციის შეტანა, არ არის ენობრივი ბარიერი, სტანდარტები ნაკლებია, ვიდრე EU-ს ბაზარზე და ბიზნესის ნაწილი აქეთ გადმოვიდა. მაინც ნიშურ პროდუქტზეა საუბარი, ღვინო და ა.შ.
რომ შევაფასოთ პოლიტიკურად, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს ქვეყნის დიდი ტერიტორია, რა თქმა უნდა, არ არის სასურველი, მაგრამ წმინდა ბიზნესურად რომ შევხედოთ, ეს ნორმალური კი არა კარგიც არის, იმიტომ, რომ მთავარია ბიზნესმა ნახოს მეტი კეთილდღეობა, ბიზნესის კეთილდღეობა ყოველი მოქალაქის და სახელმწიფოს კეთილდღეობას ნიშნავს", - განაცხადა ჭელიძემ.
რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულების ზრდის რისკების შეფასებისას, ასოციაციის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ ემბარგოსა და სანქციების საშიშროება არ უნდა იყოს მიზეზი, რის გამოც რუსეთში ექსპორტზე თავიდანვე უნდა თქვას უარი ბიზნესმა: "ემბარგოს საშიშროება ყოველთვის არის, შესაძლოა სანქციების გამოც შეიზღუდოს [ვაჭრობა], საშიშროება არის, რომ მიგვაჩვიოს ბაზარს და შემდეგ ჩაგვიკეტოს, ამის გამო უარის თქმა არ მიმაჩნია სწორი".
მიხეილ ჭელიძემ BMG-ის ეთერში "ქართულ-რუსული" ბიზნესასოციაციის შექმნის ინიციატივაც შეაფასა. მისი თქმით, როდესაც ქვეყანასთან "პრაქტიკულად, საომარი მდგომარეობა გაქვს", მსგავსი ასოციაციის ჩამოყალიბება კითხვის ნიშნებს აჩენს.
"არ მომწონს [ასოცაციის შექმნის იდეა], იქიდან გამომდინარე, რომ პოლიტიკურად, ქვეყანასთან, რომელთანაც, პრაქტიკულად, საომარი მდგომარეობა გაქვს, არ არის ეს თემები სასურველი. ჯობია, რომ რუსეთისგან მაქსიმალური სარგებელი ვნახოთ, მაგრამ პოლიტიკურად რომ გადავეჯაჭვოთ, არ მგონია სწორი. ბიზნეს ასოციაციის უკან კიდევ რა დგას, კაცმა არ იცის. რა თქმა უნდა, როცა უცხო ქვეყანა შემოდის, ეს კითხვები ყოველთვის არსებობს, ცუდი ინტერესები ხომ არ არის - უნდა იყოს ამის მოლოდინი და შიში ყოველთვის", - განაცხადა მიხეილ ჭელიძემ.