მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა - საპენსიო სისტემაში დარჩა უფრო მეტი ადამიანი, ვიდრე ველოდით

5d88f31569b38
შოთა ტყეშელაშვილი
23.09.19 20:34
1807
საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ დაგროვებით საპენსიო სისტემაში უფრო მეტი მოქალაქე დარჩა, ვიდრე ეს თავდაპირველად იყო პროგნოზირებული - ამის შესახებ მთავრობის მიერ პარლამენტში გაგზავნილი 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ კანონპროექტიდან ხდება ცნობილი.

საქართველოს მთავრობა 2019 წლის ბიუჯეტის კორექტირებას გეგმავს. მთავრობა პარლამენტს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის 221 მილიონი ლარით გაზრდის დამტკიცებას თხოვს. იცვლება გადანაწილება საგადასახადო და სავალო შემოსავლებს შორისაც. აქციზის გადასახადის პროგნოზი 170 მილიონი ლარით მცირდება, ხოლო შიდა ვალის აღება კი, 500 მილიონი ლარით, 900 მილიონ ლარამდე იზრდება. 

ცვლილება შედის საშემოსავლო გადასახადის პროგნოზშიც. აღნიშნული გადასახადის საპროგნოზო მოცულობა 16 მილიონით მცირდება, რაც დაგროვებით საპენსიო სისტემას უკავშირდება.

"საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრება 3 150.0 მლნ ლარით (მცირდება 16 მლნ ლარით). საშემოსავლო გადასახადის პროგნოზის შემცირება ძირითადად უკავშირდება დაგროვებითი საპენსიო სქემის ამოქმედებას და სისტემაში პროგნოზირებულზე მეტი ადამიანის დარჩენას.

დაგროვებითი საპენსიო სქემის თანადაფინანსებისთვის გათვალისწინებული ასიგნება იზრდება 20.0 მლნ ლარით და შეადგენს 110.0 მლნ ლარს. აღნიშნული ზრდა გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ საპენსიო სქემაში უფრო მეტი პირი დარჩა, ვიდრე პროგნოზირებული იყო სქემის ამოქმედებამდე", - ნათქვამია ბიუჯეტის განმარტებით ბარათში. 

საქართველოს საპენსიო სააგენტოს მონაცემებით, საპენსიო ფონდის მოცულობა დღეისთვის 340 მილიონ ლარს შეადგენს. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები