მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტის შეზღუდვას გეგმავს

644a76fb7f4e1
ელენე გოგბერაშვილი
27.04.23 17:21
1474
საქართველოს მთავრობა 2024 წლიდან ქვეყანაში 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტის შეზღუდვას აპირებს. ეს იყო ერთ-ერთი საკითხი, რაზეც მთავრობის ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე გასულ თვეში იმსჯელეს.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბარი შეეხება ავტომობილების ევრო 5-ის სტანდარტის სავალდებულო წესით დანერგვაზე, რომლის მიხედვითაც ევრო 5-ზე დაბალი სტანდარტის მანქანების შემოყვანა მომავალი წლიდან შეიზღუდება. მთავრობის ინფორმაციით, რეგულაცია 2013 წლამდე გამოშვებულ მანქანებს შეეხება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გადაცემა რედაქტ2-თან ინტერვიუში ამბობს, რომ ეს თემა სატრანსპორტო სექტორის რეგულირებას უკავშირდება, რათა ამ წყაროდან ჰაერის დაბინძურების ხარისხი შემცირდეს. ნინო თანდილაშვილის თქმით, შეზღუდვა არ შეეხება რეექსპორტისთვის განკუთვნილ ავტომობილებს.

„საუბარია შედარებით მოძველებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების იმპორტისთვის შეზღუდვების დაწესებაზე. ეს არ შეეხება ისეთ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, რომელიც ქვეყანაში შემოდის რეექსპორტის მიზნებისთვის. აქ არის საუბარი მხოლოდ ადგილზე, ქვეყანაში გამოსაყენებელ სატრანსპორტო საშუალებებზე და აქ ჩვენი ინიციატივა სწორედ ითვალისწინებს 2013 წლამდე გამოშვებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების იმპორტისთვის შეზღუდვის დაწესებას. ვმსჯელობთ კონკრეტულ ვადაზე, როდიდან ავამოქმედოთ ეს რეგულაცია, მაგრამ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ჩვენ ეტაპობრივად ქვეყანაში შევზღუდოთ მოძველებული, გაუმართავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების იმპორტი, რადგან მზარდია ავტოსატრანსპორტო საშუალებების იმპორტი, მათ შორის ადგილობრივი მოხმარებისთვის.

სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს მკაფიო მიდგომა. სატრანსპორტო სექტორიდან გამონაბოლქვი არის ერთ-ერთი მწვავე პრობლემა ჩვენთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის და აქ თუ არ ვიფიქრეთ მკაფიო და კომპლექსურ მიდგომებზე, ეს კიდევ უფრო მეტ უარყოფით შედეგებს მოიტანს ჰაერის ხარისხის მდგომარეობაზე მომდევნო წლებში, ამიტომ სახელმწიფო უნდა იყოს თანმიმდევრული და კომპლექსური მიდგომებში, მათ შორის არის სწორედ მოძველებული სატრანსპორტო საშუალებების იმპორტის შეზღუდვა“,-განმარტავს თანდილაშვილი.

მისი განმარტებით, რეგულაცია მომავალი წლიდან ამოქმედდება, თუმცა მომავალი წლის რა პერიოდიდან შევა ცვლილებები ძალაში, ამაზე მსჯელობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები