მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა 2025 წელს მეტი გადასახადის აკრეფას გეგმავს - როგორია საგადასახადო შემოსავლების პროგნოზი?

გადასახადი

2025 წლის განახლებული პროგნოზით ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები 24.4 მლრდ ლარს შეადგენს, რაც 2024 წლის განახლებულ პროგნოზთან შედარებით 1.5 მლრდ ლარით მეტია.

მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსიის თანახმად, რომელიც პარლამენტს უკვე წარედგინა, მშპ-სთან მიმართებით 2025 წელს საგადასახადო შემოსავლები 25,1%-ს შეადგენს, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში შენარჩუნებულია მშპ-ს 25%-ის ფარგლებში.

საგადასახადო შემოსავლების პროგნოზი გადასახადების სახეების მიხედვით შემდეგია:

  • საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 7,8 მლრდ ლარით, მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტის წილი შეადგენს 7 მლრდ 175.5 მლნ ლარს, ხოლო ავტონომიური რესპუბლიკების წილი 624,5 მლნ ლარს. მშპ-სთან მიმართებით საშემოსავლო გადასახადი შენარჩუნებულია 2024 წლის დონეზე და 8%-ს შეადგენს;
  • მოგების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 2,9 მლრდ ლარით. მისი მოცულობა მშპ-სთან მიმართებით მცირედით შემცირებულია და 3%-ს შეადგენს. განმარტებითი ბარათის მიხედვით, შემცირება დაკავშირებულია იმ გარემოებასთან, რომ 2022 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად, კომერციული ბანკების მიერ 2024 წელს ერთდროულად აისახა 2023 წლის გაზრდილი მოგების გადასახადი და 2024 წელს გადასახდელი საავანსო გადახდები, რაც ერთჯერადი ფაქტორი იყო და მისი შემოსვლა აღარ არის პროგნოზირებული 2025 წლის განმავლობაში;
  • დამატებული ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 9,95 მლრდ ლარით, მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტის წილი შეადგენს 8 მლრდ 59,5 მლნ ლარს, ხოლო 6 მუნიციპალიტეტების წილი - 1 მლრდ 890,5 მლნ ლარს. მშპ-სთან მიმართებით დღგ-ს წილი შენარჩუნებულია 2024 წლის დონეზე და შეადგენს 10,2%-ს;
  • აქციზის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 2,52 მლნ ლარის ოდენობით. მშპ-სთან მიმართებით აქციზის მოცულობა ოდნავ შემცირებულია 2024 წელთან შედარებით და შეადგენს 2,6%-ს. განმარტებითი ბარათის თანახმად, შემცირება გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ აქციზში უმეტესი ნაწილი დადგენილია ნომინალურ გამოხატულებაში და მასზე ეკონომიკის ნომინალური ზრდა მთლიანად არ აისახება, ძირითადად აისახება ეკონომიკის რეალური ზრდის ტენდენციები;
  • იმპორტის გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 150 მლნ ლარით;
  • ქონების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი შეადგენს 700 მლნ ლარს;
  • სხვა გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 380 მლნ ლარით.

ამასთან, ნაერთი ბიუჯეტის პრივატიზაციის საპროგნოზო მაჩვენებელი შეადგენს 350 მლნ ლარს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები