საქართველოს მთავრობამ პარლამენტს 2026 წლის ბიუჯეტთან ერთად 2025 წლის ბიუჯეტის კორექტირების პროექტიც წარუდგინა, რომელიც საგადასახადო შემოსავლების ცვლილებასაც ითვალისწინებს. მთლიანობაში საგადასახადო გეგმა 55 მილიონი ლარით იზრდება და ის 21.94 მილიარდ ლარს მიაღწევს. მატება ძირითადად საშემოსავლო გადასახადის გეგმის ზრდას უკავშირდება, მოგების გადასახადის მიმართულებით კი პირიქით შემცირებაა.
2025 წლის საგადასახადო შემოსავლების განახლებული გეგმა
- საგადასახადო შემოსავლები შეადგენს 21 940,0 მლნ ლარს, რაც დამტკიცებულ გეგმასთან მიმართებაში გაზრდილია 55,0 მლნ ლარით, მათ შორის:
- საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრება 7 549,0 მლნ ლარით (იზრდება 180,0 მლნ ლარით);
- მოგების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 2 880,0 მლნ ლარით. აღნიშნული მაჩვენებელი თავდაპირველ გეგმასთან შედარებით შემცირებულია 190,0 მლნ ლარის ოდენობით. შემცირება ძირითადად გამოწვეულია საბანკო სექტორის 2024 წლის მოგების პროგნოზირებულთან შედარებით ნაკლები მოცულობით;
- დამატებული ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 8 136,0 მლნ ლარით (არ იცვლება თავდაპირველი პროგნოზი);
- აქციზის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 2 650.0 მლნ ლარის ოდენობით (უცვლელია თავდაპირველ გეგმასთან მიმართებაში);
- იმპორტის გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 145.0 მლნ ლარით (მცირდება 5,0 მლნ ლარით);
- სხვა გადასახადების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 580,0 მლნ ლარის ოდენობით (იზრდება 70,0 მლნ ლარით).
განმარტებითი ბარათის თანახმად, მიმდინარე წლის ბიუჯეტი თუკი თავდაპირველად 6%-იან ეკონომიკურ ზრდაზე იყო დაგეგმილი, კორექტირებული პროექტით ის 7.2%-იან ზრდაზე არის დაგეგმილი.




























