საქართველოს მთავრობა ანაკლიის პორტამდე მისასვლელი 18-კილომეტრიანი ხობი-ანაკლიას გზის და რკინიგზის მშენებლობისთვის მიწების გამოსყიდვას დაიწყებს. ამის შესახებ აღნიშნულია 2025 წლის 4 აგვისტოს განკარგულებაში, რომლითაც საავტომობილო გზების დეპარტამენტს და საქართველოს რკინიგზას პროექტის ბიუჯეტის და მისი ზეგავლენის ქვეშ მყოფი არეალის განსაზღვრა დაევალათ. მთავრობა მიუთითებს, რომ მიწების გამოსყიდვა აზიის განვითარების ბანკის სოციალური პოლიტიკის შესაბამისად მოხდება.
"ამ განკარგულებით გათვალისწინებული, ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის, რკინიგზისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის “შემოქმედების არეალში მოხვედრილი ქონების გამოსყიდვა, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის – აზიის განვითარების ბანკის სოციალური უსაფრთხოების პოლიტიკის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი განსახლების სამოქმედო გეგმისა და წესების შესაბამისად", - ნათქვამია განკარგულებაში.
ჯერჯერობით უცნობია რამდენი მილიონი ლარი დაჯდება პროექტისთვის მიწების გამოსყიდვა. თავად გზის და სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის სავარაუდო ღირებულება როგორც ეს წარსულში ითქვა 330 მილიონი ლარის ფარგლებში არის ნავარუდევი, თუმცა მისი ზუსტი მოცულობა 2026 წლის ბიუჯეტის წარდგენისას გახდება ცნობილი.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. 2024 წლის აგვისტოში მთავრობამ ბელგიურ ჰიდრო-საინჟინრო კომპანია Jan De Nul-თან გააფორმა ზღვის ფსკერის დაღრმავების, ტალღმჭრელისა და პორტის ინფრასტრუქტურის მოწყობის კონტრაქტი. პროექტის ფარგლებში სამუშაოებზე წელს 150 მილიონი ლარი იხარჯება.
თუმცა, პორტის პროექტს გენერალური ინვესტორი ამ დრომდე არ ჰყავს. ინვესტორის შესარჩევი საერთაშორისო კონკურსი ჯერ კიდევ 2024 წლის 29 მაისს დასრულდა და მაშინ უპირატეს მონაწილედ ჩინური კონსორციუმი CCCC დასახელდა. ყოფილმა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა კონკურსის შედეგების წარდგენისას განაცხადა, რომ კომპანია ოფიციალურად გამარჯვებულად "რამდენიმე დღეში" დასახელდებოდა, თუმცა ერთი წლისა და ორი თვის შემდეგ ამ კონკურსს ოფიციალური გამარჯვებული არ ჰყავს.





























