მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის წლევანდელი ბიუჯეტიდან 20 მლნ-ს გამოყოფს

ანაკლიის პორტის მშენებლობა

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განმარტებით, ეკონომიკის სამინისტროს  2023 წლის ბიუჯეტი 23 მლნ-ით გაიზარდა, საიდანაც დიდი ნაწილი ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყებას მოხმარდება.

“ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტი იზრდება 23 მლნ ლარით, საიდანაც 20 მლნ ლარი გათვალისწინებულია ანაკლიის პორტის საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობის დაწყებისთვის, რომელიც მიმდინარე წელს დაიხარჯება. 3 მლნ ლარი კი მიემართება ინოვაციისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფრასტრუქტურის განვითარებას”, - აცხადებს ფინანსთა მინისტრი.

BMG-ს კითხვაზე, როდის დაიწყება ანაკლიის პორტის სამშენებლო სამუშაოები, ხუციშვილმა უპასუხა, რომ მოსამზადებელი ეტაპი, სავარაუდოდ, მომდევნო თვიდან დაიწყება.

“ჩემი ვარაუდით, ეს იქნება მომდევნო თვეში, სამუშაოების დაწყების პროცესი. ბუნებრივია, დღეს წარვადგინეთ ბიუჯეტი, რაც ითვალისწინებს პარლამენტში გაგზავნას, დამტკიცებას, მიღებას, რასაც რამდენიმე კვირა დასჭირდება და შემდეგ ეს დაფინანსება იქნება ხელმისაწვდომი.

ეს სამუშაოები უფრო მეტად იქნება მოსამზადებელი სამუშაოები, იმისთვის, რომ უფრო ინტენსიურად დაიწყოს და გაგრძელდეს მომდევნო წელს პორტის ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის ხარჯების გაწევა”, - უპასუხა ფინანსთა მინისტრმა.

რაც შეეხება კომპანიებს, რომლებიც პორტის ინფრასტრუქტურის განვითარებაში მიიღებენ მონაწილეობას, მინისტრის განმარტებით, ტენდერის გამარჯვებულების გამოვლენა შესაბამისს ვადებში ხორციელდება.

“პროექტზე მუშაობის ინტერესი, ჩემი ინფორმაციით, რამდენიმე კომპანიას აქვს გამოხატული. ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში უფრო მეტი დეტალი გახდება ეკონომიკის სამინისტროსგან ცნობილი, თუ რამდენი კომპანია გადავა შემდეგ ეტაპზე და რა ვადებში გამოვლინდება გამარჯვებული კომპანია, რომელიც უშუალოდ პორტის მშენებლობაში იქნება ჩართული.

კონკურსის შემდეგი ეტაპები კი დეტალური ინფორმაციის მოწოდებასა და მშენებლობის ბიზნესმოდელზე შეჯერებას ითვალისწინებს. ამიტომ, დაველოდოთ გამარჯვებული კომპანიების გამოვლენას და მათ მიერ წარმოდგენილ წინადადებებს. ეს ყველაფერი გეგმითაა გაწერილი და შესაბამისი ვადების მიხედვით ხორციელდება”, - აცხადებს ლაშა ხუციშვილი.

ცნობისთვის, დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი ₾500 მლნ-ით გაიზრდება.

2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი ₾500 მილიონით იზრდება - პრემიერი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები