მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა ბიზნესს სათვალთვალო კამერების მონტაჟს ავალდებულებს - ვის ეხება ახალი რეგულაცია

6246d96d8a701
მარიამ ვარადაშვილი
01.04.22 15:00
9786
მთავრობამ გასულ თვეში დადგენილება მიიღო, რომლითაც ბიზნესის სხვადასხვა სექტორი, მათ შორის სავაჭრო ობიექტები ვალდებულები არიან სათვალთვალო კამერები დაამონტაჟონ. 

როგორც დადგენილებაშია მითითებული, ეს ცვლილება უსაფრთხოების მიზნებს ემსახურება. ვიდეომეთვალყურეობის სისტემის განთავსება სავალდებულოა პირის საკუთრებაში ან/და მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ იმ შენობა-ნაგებობაზე, სადაც შემდეგი სახის საქმიანობები ხორციელდება: საბითუმო ვაჭრობა; საცალო ვაჭრობა; განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფა [სასტუმრო] და საკვებით და სასმელებით მომსახურება მათ შორის, რესტორნები, ბარები და ა.შ.

ვალდებულება ჩნდება მაშინ, როცა ამ ბიზნეს სუბიექტების დღგ-ს დასაბეგრი ბრუნვა წინა წელს 500 ათას ლარს აღემატებოდა. ამასთან, ვიდეომეთვალყურეობის სისტემის განთავსება სავალდებულოა შემდეგი ობიექტების მიერ, მიუხედავად აღნიშნული საქმიანობის დღგ-თი დასაბეგრი ბრუნვისა:

ა) სტაციონარული სამედიცინო დაწესებულება;
ბ) სიგარაბარი;
გ) ბაზარი/ბაზრობა;
დ) სავაჭრო ცენტრი.

ვიდეომეთვალყურეობის სისტემის განთავსება წლიური ბრუნვის მიუხედავად მოუწევთ აზარტული თამაშების მიმწოდებელ კომპანიებს, ასევე ავტოგასამართ სადგურებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, ვალუტის გადამცვლელ ჯიხურსა და სხვა.

პრემიერ-მინისტრის დადგენილებით ასევე განსაზღვრულია ვიდეომეთვალყურეობის სისტემის ტექნიკური პარამეტრებიც:

ა) ვიდეოკამერა: ქსელური (IP);
ბ) კამერის გარჩევადობა: არანაკლებ 3 მეგაპიქსელი (2048X1536 QXGA);
გ) მგრძნობელობა: 0 ლუქსი აქტიური განათების შემთხვევაში (0.1 აქტიური განათების გარეშე);
დ) დაფარვის ზონა: შესაძლებელი უნდა იყოს შენობა-ნაგებობის მთავარი და სათადარიგო შესასვლელების 20-მეტრიანი რადიუსის ფართობის ვიზუალურად დანახვა;
ე) ჩანაწერის გარჩევადობა: არანაკლებ 3 მეგაპიქსელი (2048X1536 QXGA), არანაკლებ 5 კადრი წამში. დღე-ღამის რეჟიმში განხორციელებული ჩანაწერი უნდა იძლეოდეს ადამიანის (ობიექტის) ზუსტი იდენტიფიკაციის საშუალებას;
ვ) სერტიფიკატი: აპარატურას უნდა გააჩნდეს ISO სერტიფიკატი

ეს ნიშნავს, რომ ფოტო-ვიდეოტექნიკამ მაღალი გარჩევადობა უზრუნველყოს, რასაც სჭირდება, განათება და სხვა ტექნიკური მახასიათებლები.

კერძოდ, ვიდეოკამერა უნდა იყოს ქსელური, უნდა ფარავდეს 20-მეტრინ რადიუსს, დღე-ღამის რეჟიმში განხორციელებული ჩანაწერი უნდა იძლეოდეს ადამიანის (ობიექტის) ზუსტი იდენტიფიკაციის საშუალებას და ასევე, უნდა ჰქონდეს ISO სერთიფიკატი. სხვათაშორის, დადგენილებაში მითითებულია, რომ კამერის გარჩევადობა უნდა იყოს არანაკლებ 3 მეგაპიქსელისა.

BMG-მ მოთხოვნილი ტექნიკის მიახლოებითი ღირებულება დაითვალა. ჩვენს მიერ მოძიებული ინფორმაციით, ბაზარზე 3 მეგაპიქსელიანი კამერები აღარ იყიდება, ამიტომ 4 მეგაპიქსელის ხარჯები დავთვალეთ. კამერის ღირებულებაა 361 ლარი. დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, მას აუცილებლად დასჭირდება 4 არხიანი ჩამწერის მოწყობილობა, რაც თავის მხრივ 437 ლარი ღირს. ამას ემატება მეხსიერების მყარი დისკი, რომელიც 2 ტერაბაიტიანი მაინც უნდა იყოს, რადგან ობიექტებმა ჩანაწერი 1 თვის განმავლობაში უნდა შეინახონ - 2 ტერაბაიტი დაახლოებით თვენახევრის მეხსიერებაა და საშუალოდ 260 ლარი დაჯდება.

ამ ძირითადი კომპონენტების გარდა, კიდევ არის დამხმარე კომპონენტები, რომლებიც ასევე საჭიროა, თუმცა მათი თანხები ჯერ ერთი ბაზარზე საკმაოდ მერყევია და მეორეც - ჩამოთვლილ თანხებთან შედარებით დიდი ხარჯი არ არის, ამიტომ ჩვენ მათ - მაგალითად, სპეციფიკურ კაბელებს და ა.შ. არ ვითვალისწინებთ. რაც შეეხება კამერის მონტაჟს, ფასი საშუალოდ 100-150 ლარია გადასახადების გარეშე. ანუ ჯამში - 1 კამერა სულ მცირე 1200 ლარი ჯდება.

მთავრობის მიერ მიღებული დადგენილებით, ვიდეოკონტროლი ობიექტებმა მუდმივად და უწყვეტად უნდა აწარმოონ, ხოლო მიღებული ინფორმაცია 1-6 თვემდე შეინახონ. “დასაბუთებული მოთხოვნისთანავე შესამოწმებლად უნდა წარედგინოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის უფლებამოსილ პირს”,-წერია დადგენილებაში.

ამ დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნების აღსრულებას საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ განახორციელებს. ბიზნესმა დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულება, კერძოდ კი ფოტო-ვიდეოტექნიკის განთავსება/დამონტაჟება 2023 წლის 1 ივნისამდე უნდა უზრუნველყოს. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები