მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა ბიზნესთან საკომუნიკაციოდ პლატფორმებს შექმნის

ფხაკაძე
01.03.24 11:59
300

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე კიდევ ერთხელ დააფიქსირა მზაობა ბიზნესთან მჭიდრო თანამშრომლობაზე. მისივე თქმით, გამოწვევების დასაძლევად მუშაობა აქტიური იქნება.

ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ ბიზნესთან საკომუნიკაციოდ ფორმალური ფორმატები შეიქმნება.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, სადაც საუბარია იმაზე, როგორ უნდა ითანამშრომლონ ხელისუფლებამ და ბიზნესმა, როგორ უნდა განვითარდეს ბიზნესი, როგორ უნდა იყოს უზრუნველყოფილი ბიზნესის ინტერესების დაცვა იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ ეკონომიკურ განვითარებას. მე კიდევ ერთხელ დავაფიქსირე დღეს ჩვენი ღიაობა, მზაობა იმასთან დაკავშირებით რომ გვექნება ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან ყველა საკითხზე. რა თქმა უნდა, გვაქვს ძალიან სერიოზული მიღწევები, წარმატებები, მაგრამ არის გამოწვევებიც. ბიზნესთან თანამშრომლობა მუდმივ რეჟიმში გვექნება. ამისთვის იარსებებს მათ შორის ფორმალური ფორმატები, რომლებიც ბიზნეს ასოციაციასთან ერთად შეიქმნება“,- განაცხადა კობახიძემ.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ბიზნესს კადრების დეფიციტი აწუხებს, ამ გამოწვევის დაძლევას კი განათლებაში ფუნდამენტური ცვლილებები სჭირდება.

„ბიზნესს აქვს სხვადასხვა ტიპის გამოწვევები, მათ შორის არის სამუშაო ძალის, სპეციალისტების დეფიციტი. მე პირადად საუბარი მქონდა იმაზე, როგორ უნდა დავძლიოთ გარკვეული გამოწვევები, რომლებსაც ჩვენ ვხედავთ, იგივე მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, რომლითაც ბიზნესი საჯარო სტრუქტურებისგან სარგებლობს. განათლების სფეროში გვჭირდება ფუნდამენტური ცვლილებები, რომ ხელი შევუწყოთ ბიზნესის აღჭურვას შესაბამისი სამუშაო ძალით და ა.შ. აქტიურად ვიმუშავებთ, რომ ყველა გამოწვევა იყოს დაძლეული“,- აღნიშნა კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები