მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა დაახლოებით ერთ თვეში უმაღლესი განათლების ახალი კონცეფციის წარდგენას აპირებს

უმაღლესი განათლება

"ოცნების" პრემიერის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობა დაახლოებით ერთ თვეში წარადგენს დეტალურ კონცეფციას, რომელიც ითვალისწინებს საუნივერსიტეტო სფეროში განათლების ხარისხის ფუნდამენტურად ამაღლებას ქვეყანაში. ამის შესახებ კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

"ჩვენ დავაანონსეთ საუნივერსიტეტო რეფორმა, გვინდა ამბიციური რეფორმის გატარება, შეიქმნა შესაბამისი სახელმწიფო კომისია, რომელიც ამზადებს კონცეფციას საუნივერსიტეტო რეფორმისთვის", - აღნიშნა კობახიძემ.

როგორც მან განაცხადა, იგეგმება ახალი კამპუსების მშენებლობაც, როგორც ქუთაისში, ასევე თბილისში.

„ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ მხოლოდ, თუნდაც, სისტემის გადაწყობის საფუძველზე, უმაღლესი განათლების ხარისხი ქვეყანაში მნიშვნელოვნად ავამაღლოთ. უახლოეს მომავალში, დაახლოებით ერთ თვეში წარმოგიდგენთ დეტალურ კონცეფციას, რომელიც ითვალისწინებს საუნივერსიტეტო სფეროში განათლების ხარისხის ფუნდამენტურად ამაღლებას ჩვენს ქვეყანაში. ეს კონცეფცია მოიცავს მრავალ მიმართულებას - დაწყებული ინფრასტრუქტურით, დამთავრებული სასწავლო პროგრამების გადახედვით, უკეთესი პირობების შექმნით პროფესორ-მასწავლებლებისთვის. იქნება, მართლაც, ამბიციური რეფორმა, რომელიც მომდევნო სამი წლის განმავლობაში განხორციელდება. მათ შორის, ვფიქრობთ ახალი კამპუსების მშენებლობას ქუთაისსა და თბილისში. თბილისში რუსთავის მიმდებარედ. დეტალურ კონცეფციას უახლოეს მომავალში წარვუდგენთ საზოგადოებას", - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, მთავრობის ერთ-ერთი ამოცანაა, რეგიონული უნივერსიტეტების ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად განისაზღვროს აგრარული განათლება.

„საქართველოში მოქმედებდა საკმაოდ დიდი მასშტაბის აგრარული უნივერსიტეტი, რომელიც წინა ხელისუფლებამ გაასხვისა სხვა სტრატეგიულ ობიექტებთან ერთად და აგრარულ განათლებას მინიმალური ყურადღება ექცეოდა, თუ საერთოდ ექცეოდა. შესაბამისად, ამ თვალსაზრისით რთული მდგომარეობა გვაქვს. ჩვენი ერთ-ერთი ამოცანაა, რეგიონული უნივერსიტეტების ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად განვსაზღვროთ სწორედ აგრარული განათლება. ეს შეეხება იგივე თელავის უნივერსიტეტს, ისე სხვა რეგიონულ უნივერსიტეტებს. ამისთვის დაგვჭირდება შესაბამისი რესურსების გაძლიერება, შეიძლება დაგვჭირდეს მჭიდრო თანამშრომლობა უცხოურ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან. ამ მიმართულებით გეგმას დეტალურად წარმოგიდგენთ მოგვიანებით, როდესაც გაგაცნობთ საუნივერსიტეტო რეფორმის კონცეფციას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ზოგადი განათლების სფეროში რეფორმების განხორციელებაც, ამიტომაც 2-3 წელიწადში უნდა გვქონდეს ფუნდამენტურად განსხვავებული ვითარება - როგორც სასკოლო, ისე უმაღლესი განათლების სფეროში

"ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადი განათლების სფეროში რეფორმების განხორციელება. ამ მიმართულებით, არაერთი არასწორი ნაბიჯი გადაიდგა წინა ხელისუფლების პირობებში, რასაც ჰქონდა მკაცრად იდეოლოგიური, ძალიან მანკიერი იდეოლოგიური მიზნები. ჩვენი ერთ-ერთი ამოცანაა, რადიკალური ცვლილებები შევიტანოთ ამ სფეროში, მათ შორის, ფუნდამენტურად უნდა გადავხედოთ ეროვნულ სასწავლო გეგმას, სასწავლო პროგრამას, სასწავლო სახელმძღვანელოებს, ამ მიმართულებითაც ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებები განხორციელდება შემდეგი წლების განმავლობაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები