მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა დეველოპერებისგან 52.7 მილიონი ლარის ბინებს შეისყიდის

60705c48bb2b1
შოთა ტყეშელაშვილი
09.04.21 18:30
5992
საქართველოს მთავრობამ ორ დეველოპერულ კომპანიასთან - "m2"-ის ჯგუფში შემავალ  “ოპტიმასთან” და შპს "ევროლუქსთან" 52.7 მილიონი ლარის მოცულობის ბინების შესყიდვის ოფციის ხელშეკრულება გააფორმა - ამის შესახებ BMG-ის მიერ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციიდან ხდება ცნობილი. აქედან 38.5 მილიონი ლარის შესყიდვის შეთანხმება გაფორმდა კომპანია “ოპტიმასთან”, ხოლო 14.2 მილიონი ლარის ბინების ოფციის შესყიდვის შეთანხმება კი შპს “ევროლუქსთან”.

სახელმწიფომ შესაბამისი ხელშეკრულება 2020 წლის ბოლოს, სამშენებლო სექტორის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გააფორმა. პროგრამა იპოთეკური სესხების სუბსიდირებასთან ერთად უძრავი ქონების სექტორის მხარდაჭერას ისახავდა მიზნად. მთავრობის განცხადებით, სამშენებლო სექტორის მხარდაჭერის პროგრამა იყო სექტორისთვის ერთგვარი დაზღვევის მიცემა, იმასთან დაკავშირებით, რომ მათ მიერ აშენებული პროექტები გაუყიდავი არ დარჩებოდა. მთავრობის დადგენილების მიხედვით, დეველოპერებს კონკურსში შეეძლოთ წარედგინათ მათი ნებისმიერი მშენებარე კორპუსი, საიდანაც სახელმწიფო საცხოვრებელი ფართის არაუმეტეს 30%-ზე გააფორმებდა შესყიდვის ხელშეკრულებას.  

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მთავრობის გაცხადებული მიზანი იყო 100 მილიონი ლარის ღირებულების ბინების ოფციის შესყიდვა, თუმცა როგორც სახელმწიფო ქონების სააგენტოს წერილობითი განმარტებიდან ირკვევა, 100 მილიონის ნაცვლად ხელშეკრულებები 52.7 მილიონი ლარის ბინებზე გაფორმდა.

პროგრამის ფარგლებში შეძენილ ბინებს მთავრობა სხვადასხვა საჭიროების მქონე პირებს დაურიგებს. თუმცა, ვინ იქნებიან ამ ბინების ბენეფიციარები ამ დროისთვის უცნობია. 

ხელშეკრულებების გაფორმებისთვის კომპანიების შერჩევა კონკურსის გზით მოხდა. კონკრუსის პირობების თანახმად, მონაწილე კომპანიების მხრიდან დაფიქსირებული შეთავაზებები თბილისის შემთხვევაში ერთ კვადრატულ მეტრ ფართზე არაუმეტეს 1700 ლარი; ბათუმის შემთხვევაში 1530 ლარი უნდა ყოფილიყო. კონკურსის შედეგების თანახმად, საქართველოს მთავრობა სწორედ ამ ორ ქალაქში მშენებარე უძრავ ქონებას შეისყიდის.

m2”-ის შვილობილ კომპანია “ოპტიმასთან” გაფორმებული ოფციის ხელშეკრულების პირობები და ფართობები ასეთია:

● შპს „ოპტიმასთან“ ოფციის ხელშეკრულებები გაფორმდა ქალაქ თბილისში, მირცხულავას ქ. N9-11/ა.მიცხულავას ქ. N11ა-ში (IX-X ბლოკი) მდებარე უძრავ ქონებაში არსებულ არაუმეტეს 14,324.73 კვ.მ. საცხოვრებელ ფართზე. ოფციის შეთავაზებული ფასი არის 24,352,041 ლარი, ერთი კვადრატული მეტრის შესასყიდი ღირებულებაა 1700 ლარი;
● თბილისში, გ.ჭყონდიდელის ქ.N40-ში მდებარე უძრავ ქონებაში არსებულ არაუმეტეს 3,492.52 კვ.მ საცხოვრებელ ფართზე, რომლის შეთავაზებული ფასი არის 5,762,641 ლარი, ერთი კვადრატული მეტრის შესასყიდი ოფციის ღირებულებაა 1650 ლარი;
● გ.ჭყონდიდელის ქ.N34, 34ა, 34ბ და 34გ-ში მდებარე უძრავ ქონებაში არსებულ არაუმეტეს 5092.59 კვ.მ საცხოვრებელ ფართზე, რომლის შეთავაზებული ფასი არის 8,402,773 ლარი, ერთი კვადრატული მეტრის შესასყიდი ოფციის ღირებულებაა 1650 ლარი.

შპს “ევროლუქსთან გაფორმებული ოფციის ხელშეკრულების პირობები და ფართობები ასეთია:

● “ევროლუქსთან“ ოფციის ხელშეკრულება გაფორმდა ქალაქ ბათუმში, ბაგრატონის ქ. № 113-ში მდებარე უძრავ ქონებაში არსებულ არაუმეტეს 10,300 კვ.მ საცხოვრებელ ფართზე, რომლის შეთავაზებული ფასი არის 14,214,000 ლარი. ერთი კვადრატული მეტრის ოფციის ღირებულებაა 1380 ლარი.

“კონკურსში გამარჯვებულ კომპანიებთან, შპს “ოპტიმასთან” და შპს “ევროლუქსთან” გაფორმებული ოფციის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული შეთავაზებული ფასების ჯამური ოდენობაა 52,731,456 ლარი, რასთან დაკავშირებითაც აღსანიშნავია, რომ კონკურსში გამარჯვებულებისათვის საცხოვრებელი ფართების ნასყიდობის ფასის გადახდა განხორციელდება პროგრამით გათვალისწინებული წესებისა და პირობების დაცვით, კონკურსში გამარჯვებულის მიერ გაყიდვის ოფციის უფლებით სარგებლობისა და შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების შემთხვევაში, აღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე,”- ნათქვამია სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ BMG-ისთვის გაკეთებულ წერილობით განმარტებაში.

სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს არ დაუკონკრეტებია, უშუალოდ რამდენი ბინის შესყიდვის ოფციის შეთანხმება გაფორმდა. მთლიანობაში შესასყიდი ფართობის მოცულობაა 33,210 კვადრატული მეტრი. იმ დაშვებით რომ პროექტის ფარგლებში საშუალოდ 60 კვადრატული მეტრის ფართობის ბინების შეთავაზება მოხდა, მაშინ გაფორმებული ოფციები დაახლოებით 550 ბინის შესყიდვას ითვალისწინებს.

როდის მიიღებენ კონკურსში გამარჯვებული კომპანიები სახელმწიფოსგან თანხებს?

მთავრობის დადგენილების თანახმად, კონკურსში გამარჯვებულ დეველოპერებს შესაბამისი ოფციების გამოყენების უფლება ექნებათ მას შემდგომ, რაც კონკრეტულ საცხოვრებელ კორპუსებს დაასრულებენ და თითოეულ პროექტში საცხოვრებელი ფართის მინიმუმ 20%-ს თავად გაყიდიან. ამ პირობების დაკმაყოფილების შემდეგ, მათ სახელმწიფოსთვის ბინების მიყიდვა შეეძლებათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები