სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო თბილისში, დიღმის ჭალების მიმდებარედ, 11,629 კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობას ელექტრონულ აუქციონზე ყიდის.
საპრივატიზაციო ობიექტი მდებარეობს გრიგოლ ფერაძის ქუჩის N9-ში. ქონება ორი საკადასტრო ერთეულისგან შედგება - 01.72.14.236.005 და 01.72.14.236.004. აუქციონის საწყისი ფასი 11.7 მილიონი ლარია.
მიწის ნაკვეთის საერთო ფართობი 11,629 კვადრატული მეტრია - აქედან ძირითადი ნაწილი 11,229 კვადრატულ მეტრს მოიცავს, ხოლო დამატებითი ნაკვეთის ფართობი 400 კვადრატული მეტრია. ობიექტზე განთავსებულია N1 შენობა-ნაგებობაც.
შესაბამისად, ერთი კვადრატული მეტრის ფასი 1006 ლარს, ანუ 383 დოლარს შეადგენს.
აუქციონი 20 ივლისს 11:00 საათზე დაიწყო და განაცხადების მიღება 3 აგვისტოს 17:00 საათამდე გაგრძელდება. ვაჭრობის ბიჯი 10 ათასი ლარია, ხოლო მონაწილეობის საგარანტიო თანხა 1.17 მილიონ ლარს შეადგენს.
ქონების აღწერაში აღნიშნულია, რომ ნაკვეთს კვეთს შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ საკუთრებაში არსებული ხაზოვანი ნაგებობა მილსადენი.
აუქციონის პირობების მიხედვით, გამარჯვებულმა საპრივატიზაციო თანხა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში უნდა გადაიხადოს. თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში აუქციონის შედეგები გაუქმდება.






























