მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მთავრობა დოქტორანტურისა და რეზიდენტურის მოდერნიზებაზე მუშაობს

განათლების სამინისტრო

მთავრობა დოქტორანტურისა და რეზიდენტურის მოდერნიზებაზე მუშაობს. ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ პარლამენტის განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია. მისივე თქმით, საუბარია მესამე საფეხურის როგორც შინაარსობრივ, ასევე დაფინანსების ნაწილში ცვლილებებზე.

ცნობისთვის, გაბისონიას შესაბამისი კითხვით დეპუტატმა ლადო კახაძემ მიმართა, რომელმაც აღნიშნა, რომ ხელისუფლებას უფასო რეზიდენტურის უზრუნველყოფის საკითხზე მუშაობა დაწყებული აქვს, თუმცა მას სურს, ეს განათლების მინისტრის მოადგილემაც კიდევ ერთხელ დაადასტუროს.

ლადო კახაძის საპასუხოდ ზვიად გაბისონიამ დაადასტურა, რომ ამაზე მუშაობა დაწყებულია.

"რაც შეეხება უფასო სწავლებასთან დაკავშირებით საკითხს, პრემიერ-მინისტრისგან სამინისტროს მიღებული გვაქვს დავალება, რომლის მიხედვითაც, უნდა ვიმუშაოთ და ვმუშაობთ მესამე საფეხურთან დაკავშირებულ მოდერნიზების საკითხზე. ვგულისხმობ დოქტორანტურას - ეს ეხება როგორც შინაარსობრივ ნაწილს, ასევე დაფინანსების ნაწილს და აქვე ვგულისხმობთ რეზიდენტურის ნაწილსაც, რადგან ეს არის ძალიან მტკივნეული საკითხი.

თქვენ იცით, რომ სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დროს ეს საკითხი დააყენა და სთხოვა მთავრობას, რომ იქნებ ამ ნაწილში ყოფილიყო მხარდაჭერა. თქვენ იცით, რომ რეზიდენტურის ნაწილი ძალიან ძვირად ღირებულია და რეზიდენტურის სტუდენტებს, პრაქტიკულად უწევთ, ასე ვთქვათ, სახლიდან თანხის გადახდა, ანუ ჯიბიდან, მშობლებიდან თანხის გადახდა, რადგან როგორც წესი ისინი არ მუშაობენ და შესაბამისად ძალიან დიდი ფინანსური წნეხია. ეს იწვევს ქვეყნიდან გადინებასაც და ამის სტატისტიკაც მოგეხსენებათ, რომ ჩვენ და ჯანდაცვის სამინისტროს გვაქვს.

ამიტომ გიდასტურებთ, რომ არის უმნიშვნელოვანესი და რთული საკითხი, შესაბამისად, პრემიერ-მინისტრისგან გვაქვს დავალება, რომ ზუსტი გამოთვლები გავაკეთოთ, რამდენად შეუძლია ქვეყანას და ბიუჯეტს დღეს, ან ეტაპობრივად ხომ არ გავაკეთოთ, ან ვთქვათ რომელი პერიოდიდან გავაკეთოთ, მაგრამ ეს დავალება ვადასტურებთ, რომ მიღებული გვაქვს და ამ საკითხზე ვმუშაობთ”, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

ცნობისთვის, ხვალ, 18 აპრილს 15:00 საათზე, თბილისში, ჯანდაცვის სამინისტროსთან რეზიდენტურის რეფორმის მოთხოვნით აქციაა დაანონსებული. აქცია სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების მიერაა დაგეგმილი, რომლის ფარგლებშიც მოითხოვენ რეზიდენტურის გადასახადის გაუქმებას და პოსტდიპლომური სწავლების პერიოდში ანაზღაურებად შრომას.

"ქვეყანაში, სადაც ხელისუფლება არასამართლიანად გასცემს საექიმო ლიცენზიებს, არ აკონტროლებს სარეზიდენტო კლინიკებში სწავლების პროცესს, არასდროს იქნება ხარისხიანი ჯანდაცვა. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, 18 აპრილს 15:00-ზე ვიკრიბებით ჯანდაცვის სამინისტროსთან, რათა გავაპროტესტოთ არსებული მანკიერი სისტემა, რომელიც ანადგურებს ჩვენს ჯანმრთელობას. ექიმებო, უმცროსო კოლეგებო და მოქალაქეებო დაუდექით გვერდით თქვენს ჯანმრთელობას", - წერია დაანონსებული აქციის აღწერაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები