მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა გამარტივებული შესყიდვების ლიმიტის გაორმაგების ინიციატივით გამოდის

63fdbb7bd0466
შოთა ტყეშელაშვილი
28.02.23 12:27
943
საქართველოს მთავრობამ პარლამენტს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი წარუდგინა. ცვლილების მიხედვით, გაორმაგდება და 10,000 ლარი გახდება ის ლიმიტი, რომლის ფარგლებშიც ორგანიზაციებს შესყიდვების ტენდერის გვერდის ავლით განხორციელება შეეძლებათ.

მთავრობის განმარტებით, მნიშვნელოვანია ეს კანონი დაჩქარებული წესით იყოს მიღებული. მთავრობის მიერ მომზადებული განმარტებითი ბარათის თანახმად, კანონის მიღება შემსყიდველი ორგანიზაციების საოპერაციო მოქნილობას გაზრდის.

“შემსყიდველ ორგანიზაციებს ეძლევათ შესაძლებლობა 10 000 ლარამდე ღირებულების ერთგვაროვანი საქონლის ან მომსახურების, ხოლო, სამუშაოს შესყიდვის შემთხვევაში – 20 000 ლარამდე ღირებულების ერთგვაროვანი სამუშაოს (ნაცვლად 5 000 ლარამდე ღირებულების ერთგვაროვანი ობიექტებისა), სახელმწიფო შესყიდვა განახორციელონ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

გასათვალისწინებელია, აგრეთვე, რომ ქვეყანაში ამჟამად მოქმედი 4537 შემსყიდველი ორგანიზაციიდან, უმეტესობა მათგანი წარმოადგენს მცირე ზომის საგანმანათლებლო დაწესებულებას, ან სოციალურ და მომსახურეობის თემატიკაზე ორიენტირებულ ორგანიზაციას ან საწარმოს, რომლებსაც, ერთი მხრივ, უჭირთ რთული სატენდერო პროცედურების განხორციელებისას ადამიანური რესურსების კომპეტენციის მხრივ, ხოლო, მეორე მხრივ, ესაჭიროებათ სწრაფი და მყისიერი რეაგირება ბავშვების, ასევე მოსახლეობის სხვა ფენების საჭიროებებზე და, შესაბამისად, სხვადასხვა სახეობის საქონლისა თუ სერვისების შეუფერხებელი შეძენა.

ინიციატორის მიერ მოთხოვნილია კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა, იმისათვის, რომ დროულად განხორციელდეს შესაბამისი ცვლილებების ასახვა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში, რათა უზრუნველყოფილ იქნეს შემსყიდველი ორგანიზაციებისათვის კანონით დაკისრებული უფლებამოსილების დროულად და შეუფერხებლად განხორციელება. შედეგად, შემსყიდველი ორგანიზაციები მოკლე ვადებში შეძლებენ თავიანთი საჭიროებების დაკმაყოფილებას, რაც ხელს შეუწყობს მათ შეუფერხებელ ფუნქციონირებას, გაზრდის საქმიანობის ეფექტიანობას და დაზოგავს მათსავე ადამიანურ და დროით რესურსს,”- ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები