მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მთავრობა განვადებით 3 მილიარდის ინფრასტრუქტურულ პროექტებს შეისყიდის - ღარიბაშვილი

625d127923a95
შოთა ტყეშელაშვილი
18.04.22 11:31
2198
მთავრობა ინფრასტრუქტურული პროექტების განვადებით მშენებლობის პროექტს იწყებს. ამის შესახებ დღევანდელ  სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. ეს პროექტი ბიუჯეტში ჯერ არ წერია, თუმცა მის ფარგლებში 2.5-3 მილიარდი ლარის დახარჯვა იგეგმება. 

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პროექტის ფარგლებში აშენდება მათ შორის "პოლიციის ქალაქი" და რეაბილიტაცია ჩაუტარდება 800 სკოლას. 

“დღეს ვიწყებთ განვადებით მშენებლობის მასშტაბურ პროგრამას. სამუშაოების დაწყება გვინდა წელსვე, 3 წელში გვინდა, რომ ეს პროექტები დასრულდეს. დაფინანსების მოცულობაა 2.5-3 მილიარდი ლარი, 2 მილიარდი ლარით დავიწყებთ და ეს იქნება ხელმისაწვდომი კომპანიებისთვის. პროგრამის ფარგლებში შეიქმნება 20,000 სამუშაო ადგილი.

ბიზნესს შევთავაზებთ მოიზიდონ გარანტირებული რესურსი და ეს იქნება ახალი სამშენებლო პროექტები.

მაგალითად, სკოლების მიმართულებით 8-9 წელში 160-ზე მეტი სკოლა ავაშენეთ და 240 სკოლას ჩაუტარდა რეაბილიტაცია. 800 სკოლაა გასარემონტებელი, 80 ახალი სკოლის აშენება და 240 სკოლის რეაბილიტაციაა გასაკეთებელი. მთლიანობაში 800 სკოლას შეეხება ეს პროექტი, რაც დაჯდება თითქმის მილიარდი ლარი. ესაა ჩვენი ამოცანა მომდევნო 3 წელში.

მთელი ქვეყნის მასშტაბით შევაფასეთ ბაღების მდგომარეობა, მძიმე მდგომარეობაა რეგიონებში განსაკუთრებით. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აშენდება 90 ახალი საბავშვო ბაღი და რეაბილიტირდება 412 ბაღი ქვეყნის მასშტაბით.

რაც შეეხება შსს-ს, ჩემი დიდი სურვილია, რომ ჩვენი გმირი პოლიციელებისთვის ავაშენებთ 1000-ბინიან პოლიციის ქალაქს. ამ პროექტსაც დავიწყებთ წელს, ადგილიც შერჩეულია, ჯიქიაზე, სადაც იყო პოლიციის სპეც დანიშნულების ბაზა,”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა სამშენებლო დარგის წახალისებისთვის ახალი  პროგრამის დაწყება 14 თებერვლის მთავრობის სხდომაზე დააანონსა, რომლის ფარგლებშიც მთავრობა ერთდროულად იქნება ახალი უძრავი ქონების მშენებლობის დამკვეთი და ამავდროულად სამშენებლო სექტორისთვის სესხების გარანტორი. მშენებლობის ფინანსირება სწორედ სამშენებლო კომპანიების მიერ მოზიდული საბანკო სესხებით მოხდება. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები