საქართველოს მთავრობა რუსულ ენერგოგიგანტ Inter Rao-ს საერთაშორისო არბიტრაჟში დაკისრებულ კომპენსაციას გადაუხდის. 2025 წლის 24 დეკემბერს მთავრობასა და Inter Rao-ს შორის კომპენსაციის მომსახურების თაობაზე შეთანხმება შედგა. შეთანხმების თანახმად, საქართველო პირველ გადახდას 2025 წლის 31 დეკემბერს განახორციელებს, ბოლო, მეშვიდე გადახდას კი 2028 წლის 10 ივლისს.
საქმე უკავშირდება ორ პარალელურ საარბიტრაჟო დავას, რომლებიც საქართველომ Inter Rao-სთან წააგო. კერძოდ კი 2021 წლის 24 დეკემბერს სტოკჰოლმის საარბიტრაჟო პალატამ საქართველოს Inter Rao-ს სასარგებლოდ $111 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა, რასაც კომპენსაციის სრულ დაფარვამდე საპროცენტო განაკვეთი SOFR+2% დაერიცხებოდა. აღნიშნული განაჩენი საქართველომ აპელაციაში გაასაჩივრა, თუმცა წააგო. შესაბამისად, 2021 წლის შემდგომ აღნიშნული სარგებელი დაახლოებით 27 მილიონ დოლარს შეადგენს, შესაბამისად, ამჟამად განაჩენი $139-მილიონიან კომპენსაციას ითვალისწინებს.
მეორე საარბიტრაჟო დავა კი მსოფლიო ბანკთან არსებულ საინვესტიციო დავების ცენტრში (ICSID) მიმდინარეობდა, სადაც 2022 წლის 27 ოქტომბერს მიღებული განაჩენით საქართველოს $76-მილიონიანი კომპენსაციის გადახდა დაეკისრა, ამ შემთხვევაშიც გადასახდელ თანხას მის საბოლოო დაფარვამდე SOFR+2% განაკვეთი ერიცხება, რაც პროცენტის გათვალისწინებით ამჟამად დაახლოებით $94 მილიონს აღწევს. საქართველომ ეს განაჩენიც გაასაჩივრა, თუმცა 2025 წლის აგვისტოში აპელაცია წააგო.
განაჩენის სპეციფიკიდან და ფაქტობრივად იქიდან გამომდინარე რომ ერთი და იგივე საქმე ორ სხვადასხვა არბიტრაჟში განიხილებოდა, მითითებული იყო, რომ მოსარჩელეს შეეძლო აერჩია თუ რომელი საარბიტრაჟო განაჩენის აღსრულება მოხდებოდა. შესაბამისად, მოხდება უფრო მსხვილი კომპენსაციის გადახდა, რაც დღეს $139 მილიონს აღწევს.
ოქტომბერში ფინანსთა მინისტრის მოადგილემ კომპენსაციის თაობაზე დასმულ კითხვასთან დაკავშირებით განაცხადა , რომ მიმდინარეობდა მოლაპარაკება კომპენსაციის გადახდის გრაფიკზე. შესაბამისად, 2025 წლის 24 დეკემბერს მხარეთა შორის სწორედ გადახდის გრაფიკზე შედგა შეთანხმება.
- პირველი გადახდა: 2025 წლის 31 დეკემბერი.
- მეორე გადახდა: 2026 წლის 10 ივლისი.
- მესამე გადახდა: 2026 წლის 31 დეკემბერი.
- მეოთხე გადახდა: 2027 წლის 10 ივლისი.
- მეხუთე გადახდა: 2027 წლის 31 დეკემბერი.
- მეექვსე გადახდა: 2028 წლის 10 აპრილი.
- მეშვიდე გადახდა: 2028 წლის 10 ივლისი.
გადახდის გრაფიკზე შეთანხმებას ხელს საქართველოს მთავრობის მიერ დაქირავებული იურიდიული ფირმა White & Case-ის იურისტი ნიკოლ კონვაცკი და Inter Rao-ს მიერ დაქირავებული საერთაშორისო იურიდიული ფირმა Akrivis Law Group-ის იურისტი ამირ ტუუსი აწერენ.
რატომ წააგო საქართველომ ეს დავა?
გადაწყვეტილება წლების წინ დაწყებულ სატარიფო დავას უკავშირდება. Inter Rao საერთაშორისო არბიტრაჟში დავობდა, რომ საქართველოში მისი ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ტარიფში უნდა ასახულიყო ვალუტის გაუფასურებით მიყენებული ზარალი.
Inter Rao ფლობს თბილისის ენერგომომარაგებაზე პასუხისმგებელი კომპანიის, “თელასის” აქციათა 75%-ს. ამას გარდა, რუსულ ენერგოგიგანტს ჰოლანდიაში დაფუძნებული კომპანია Gardabani Holdings B.V.-ის მეშვეობით ეკუთვნის საქართველოში არსებული ორი ჰიდროელექტროსადგური, "ხრამჰესი 1" და "ხრამჰესი 2". ხოლო 2016 წლის დეკემბრამდე, მის საკუთრებაში იყო გარდაბნის ძველი თბოსადგურიც.
საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის არსებობს ორმხრივი ინვესტიციების დაცვის შეთანხმება, რომელიც იცავს უცხოელი ინვესტორის ინტერესებს საქართველოში. Gardabani Holdings B.V. და Inter Rao-ს საკუთრებაში არსებული კიდევ ერთი ჰოლანდიური ფირმა Silk Road Holdings B.V. საარბიტრაჟო პროცესში საკუთარი საინვესტიციო უფლებების დაცვისთვის სწორედ აღნიშნული შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების დაცვას ითხოვდნენ. ამასთანავე, ინვესტორის უფლებების დაცვის შესახებ ჩანაწერებს ითვალისწინებს ხელშეკრულებაც, რომელიც საქართველომ Inter Rao-ს ჰოლანდიურ შვილობილებთან აქტივების მიყიდვის დროს გააფორმა.
დავის ფარგლებში Inter Rao-ს მიერ მოთხოვნილი თანხა $200 მილიონი დოლარი იყო. კომპანია უთითებდა, რომ მან ამ მოცულობის შემოსავალი დაკარგა სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯების და კურსის გაუფასურების ელექტროენერგიის ტარიფში არ ასახვის გამო, რასაც 2013 წელს გაფორმებული მემორანდუმი ითვალისწინებდა.
Inter Rao-სა და საქართველოს მთავრობას შორის 2011 წლის 31 მარტს გაფორმდა მემორანდუმი, სადაც საქართველოს მთავრობა კომპანიას აძლევდა გარანტიას, რომ 15 წლის განმავლობაში ქვეყანაში დენის ტარიფი შემცირებისკენ არ გადაიხედებოდა.
“2011 წლის 31 მარტს ღსს „ინტერ რაო ეეს“ და საქართველოს მთავრობას შორის ხელი მოეწერა მემორანდუმს ენერგეტიკის დარგში თანამშრომლობისა და ადრე მიღწეული შეთანხმებების რეალიზაციის შესახებ. მემორანდუმი ითვალისწინებს კომპანიის მიერ 2011–2025 წლებში ქ. თბილისის ელექტროქსელების განვითარებაში, სულ მცირე, 376,4 მილიონი ლარის ინვესტირებას. საპასუხოდ კომპანიას მიეცა არსებული ტარიფების, აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, შეუმცირებლობის გარანტია,”- ნათქვამია 2012 წლის მმართველობით ანგარიშში.
Inter Rao-ს გრძელვადიანი იჯარით “ხრამი 1” და “ხრამი 2”-ის ჰესები 2000 წელს გადაეცა, 2008 წელს კი კომპანია ამ ჰესების მფლობელი გახდა, სადგურების გაყიდვას სახელმწიფო დათანხმდა, რადგან რუსულმა გიგანტმა მდინარე ხრამზე კიდევ 3 ჰესის აშენების ვალდებულება აიღო, რომლებიც 2016 წლამდე უნდა შესულიყო ექსპლოატაციაში და რომელთა საინვესტიციო მოცულობაც 193 მილიონი დოლარი უნდა ყოფილიყო, ამ სადგურების ჯამური გამომუშავება კი 85 მეგავატი უნდა ყოფილიყო.
თუმცა, უკვე 2013 წელს გადაწყდა, რომ კომპანია ამ ინვესტიციას აღარ განახორციელებდა და პროექტს შეაჩერებდა. ეს Inter Rao-ს მიერ ტარიფის შემცირებაზე დათმობის ერთ-ერთი მიზეზიც იყო. აღნიშნული ცვლილება მხარეთა შორის მემორანდუმშიც შევიდა.
2013 წლის 31 მარტს კი Inter Rao-სა და საქართველოს მთავრობას შორის ახალ მემორანდუმს მოეწერა ხელი, რაც ტარიფების შემცირებას შეეხებოდა. ტარიფების შემცირება მაშინ ქართული ოცნების ერთ-ერთი მთავარი საარჩევნო დაპირება იყო და ხელისუფლებისთვის ინვესტორის მიერ ტარიფების შესახებ დათმობაზე წასვლა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური გამარჯვება იყო. ამასთან, ეს მოხდა იმის ხარჯზე რომ Inter Rao-ს საქართველოში ახალი ჰესის აშენების ვალდებულებისგან გათავისუფლდა.
2013 წლის 31 მარტის მემორანდუმში განისაზღვრა რამდენიმე მნიშვნელოვანი მუხლი - დადგინდა, რომ 2025 წლის 31 დეკემბრამდე "თელასის" სამომხმარებლო და დისტრიბუციის ტარიფები დაექვემდებარებოდა შემდეგ ნორმებს:
ტარიფის გადახედვა მოხდებოდა მხოლოდ ზემოთ - ინფლაციის ინდექსაციის, გაცვლითი კურსის მერყეობით (ლარი დოლართან და დოლარი იაპონურ იენთან) გათვალისწინებითა და კაპიტალური აქტივების ცვეთის გათვალისწინებით.
თუმცა, 2014 წელს საქართველომ ელექტროენერგიის ბაზრის რეგულირებისთვის მიიღო ახალი სატარიფო მეთოდოლოგია; 2015 წელს სემეკმა ტარიფები, მათ შორის "თელასისთვის" დათვალა სწორედ ახალი სატარიფო მეთოდოლოგიით და მასში გაცვლითი კურსის გაუფასურების საკითხი არ გაითვალისწინა, რადგანაც ამას მეთოდოლოგია არ მოიცავდა. თუმცა, აღნიშნულით დაირღვა საქართველოს მთავრობასა და Inter Rao-ს შორის 2013 წლის 31 მარტს გაფორმებული მემორანდუმის პირობები, რომელიც მკაფიოდ ადგენდა, რომ 2025 წლის 31 დეკემბრამდე "თელასის" ტარიფების განსაზღვრა სწორედ მემორანდუმის პირობების შესაბამისად მოხდებოდა.
ასევე, სემეკმა ხრამჰესის ტარიფების განახლებისას 2015 და 2017 წლებში გენერაციის ტარიფი დაადგინა ეროვნული მეთოდოლოგიის შესაბამისად, თუმცა Inter Rao მიუთითებდა, რომ ტარიფი მემორანდუმის შესაბამისად უნდა დათვლილიყო და მასში კურსის გაუფასურების კომპონენტიც უნდა ასახულიყო. აღნიშნულის გამო, 2017 წლის 18 აგვისტოს Inter Rao-მ ტარიფების საკითხზე საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო დავები წამოიწყო და $200 მილიონის კომპენსაცია მოითხოვა.
შესაბამისად, 2013 წელს საქართველოს მთავრობამ და ენერგეტიკის სამინისტრომ Inter Rao-ს ტარიფის შემცირების სანაცვლოდ მისცა პირობა, რომ მომავალში მის ტარიფში ვალუტის კურსის შესაძლო ზარალს გაითვალისწინებდა, თუმცა ეს პირობა არ შეასრულა, აღნიშნულიდან გამომდინარე არბიტრაჟმა საქართველოს მხრიდან მემორანდუმის პირობების დარღვევა დაადგინა და Inter Rao-ს მიმართ კომპენსაციის გადახდა დააკისრა.
საქართველოს მთავრობამ ენერგეტიკის სექტორში ნამახვანჰესის საქმეც წააგო
აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი მსხვილი საარბიტრაჟო დავა საქართველომ 2024 წლის ბოლოსაც წააგო. კომპანია Enka Renewables-მა საქართველოს საერთაშორისო არბიტრაჟში 383.2 მილიონი დოლარი მოუგო, რაც მასზე დარიცხული პროცენტის ჩათვლით ამჟამად უკვე 450 მილიონ დოლარს აჭარბებს. "აღნიშნული დავის ფარგლებში მიღებული საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების მიზნით ქართულმა მხარემ მიმართა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანის ქვეყნის კომპეტენტურ სასამართლოს და ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები,"- BMG-ის ივლისში განუცხადეს იუსტიციის სამინისტროში.



























