მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU-ის მიერ სანქცირებული "ინტერ რაო" - 75%, ხვიჩა მაქაცარია - 25%|ვინ ფლობს "თელასის" ბიზნესჯგუფს?

ხვიჩა მაქაცარია

ევროკავშირის მიერ სანქცირებული რუსეთის სახელმწიფო ენერგოკომპანია Inter Rao "თელასის ჯგუფის” 75.47%-ის მფლობელია, კომპანიის 24,52%-ს კი ქართველი ბიზნესმენის ხვიჩა მაქაცარიას ბიზნესჰოლდინგი ფლობს.

რა აქტივებს ფლობს საქართველოში ევროკავშირის მიერ სანქცირებული Inter Rao?

უფრო კონკრეტულად, 2020 წელს ელექტროენერგიის ბაზრის რეფორმის შედეგად ორ კომპანიად ჩამოყალიბებული “თელასის” ჯგუფს (“თელასი” და “თელმიკო”) 75.47%-ს ფლობს ნიდერლანდებში რეგისტრირებული Silk Road Holdings B.V, რომლის მფლობელიც არის რუსული ენერგეტიკული კომპანია Inter RAO.

რაც შეეხება დანარჩენ 25%-ს, სს “თელასში” ხვიჩა მაქაცარია თავის წილს კომპანია „ბესტ ენერჯი ჯგუფით" ფლობს, ხოლო კომპანია “თელმიკოში” კი - შპს “ენერჯი კომპანით”.

შეგახსენებთ: 2020 წლის სექტემბრის ჩათვლით, მინორიტარული წილის მფლობელი იყო "საპარტნიორო ფონდი", რომელმაც აღნიშნული წილი აუქციონის გზით გაასხვისა, რომლის შედეგადაც "თელასის" ჯგუფის მინორიტარული მფლობელი 32 მილიონ ლარად ბიზნესმენ ხვიჩა მაქაცარიას მიერ დაფუძნებული ჰოლდინგი გახდა.

ცნობისთვის: 2025 წლის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგებების მიხედვით, "თელასმა" 76 მილიონი ლარის წმინდა მოგება მიიღო, ხოლო "თელმიკომ" 53.7 მილიონი ლარის წმინდა ზარალი დააფიქსირა.

ევროკავშირის მიერ Inter Rao-ს სანქცირების ფაქტთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, კომენტარი არც კომპანია “თელასში” გაუკეთებიათ და არც - ბიზნესმენ ხვიჩა კვარაცხელიას ჰოლდინგში.

BMG-მ კითხვებით მთავრობის ადმინისტრაციას და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსაც მიმართა და ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, მასალას განვაახლებთ.

საინტერესოა, Inter Rao-ს სანქცირების გამო, ამოქმედდება თუ არა ე.წ. “ბორჯომის მექანიზმი”, როდესაც რუსული „ალფა ჯგუფის“ ჯგუფის თანადამფუძნებლის, რუსი ოლიგარქის მიხაილ ფრიდმანის სანქცირების შემდეგ, „IDS Borjomi International-ის“ აქციონერებთან მოლაპარაკების შედეგად, კომპანიის თანამფლობელი საქართველოს სახელმწიფო გახდა. კერძოდ, 2022 წელს, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ეროვნული ბრენდის გადარჩენის მიზნით, უსასყიდლოდ შეესყიდა ჯგუფის აქციათა 7.73%-იანი წილი. შედეგად, ჯგუფის აქციათა წილები ასე გადანაწილდა:

  • Erasmony Limited (მიხაილ ფრიდმანი და პეტრ ავენი - “ალფა ჯგუფი”) - 49.99%
  • Black Waters Limited (პატარკაციშვილების ოჯახი) - 38.48%
  • საქართველოს სახელმწიფო - 7.73%
  • “ყოფილი თანამშრომელი და სხვადასხვა აქციონერი” - 3.79%.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები