იუსტიციის სამინისტრო პარლამენტში “ხანდაზმულ პირთა უფლებების შესახებ” კანონპროექტის ინიცირებას გეგმავს - ამის შესახებ მთავრობის განკარგულებაში ვკითხულობთ, რომლის თანახმადაც, კანონპროექტი პარლამენტს საშემოდგომო სესიის ფარგლებში წარედგინება.
დადგენილების თანახმად, “ხანდაზმულ პირთა უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მიღება ხანდაზმულთა უფლებების დაცვას უზრუნველყოფს და მათი ღირსეულად დაბერების სამართლებრივ გარანტიებს გააჩენს, თუმცა, რა ფორმითა და მექანიზმებით, დადგენილებაში საუბარი არ არის.
ხანდაზმულ პირთა უფლებების ეფექტიანი დაცვისა და ხელშეწყობის სტრატეგიაზე საუბარი 2022-2030 წლებისთვის “საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის” დადგენილებაშიცაა, რომელიც მიზნად “ხანდაზმულთა უფლებების დაცვის და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის გაძლიერებას” ისახავს.
სტრატეგიის ამოცანად დოკუმენტში ექვსი პუნქტია გამოყოფილი:
- საზოგადოებრივ ცხოვრებაში ხანდაზმულთა აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა; სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სერვისებით უზრუნველყოფა დემოგრაფიული და სოციალურ-ეკონომიკური ცვლილების შედეგების გათვალისწინებით;
- ხანდაზმულთა დაცვა მათ მიმართ ძალადობის ეფექტიანი გამოვლენის, რეაგირებისა და პრევენციის გზით;
- დაბერების საკითხზე სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფციის ახალი სამოქმედო გეგმის შემუშავება;
- მენტალური ჯანმრთელობისა და ფსიქოსოციალური მხარდაჭერის სერვისების უზრუნველყოფა ხანდაზმული პირებისთვის, რომლებზეც განსაკუთრებული გავლენა მოახდინა COVID-19-ის პანდემიის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა;
- ხანდაზმული პირებისთვის ციფრულ ტექნოლოგიებზე წვდომის ხელშეწყობა და მათი გამოყენებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების სწავლება გარე სამყაროსთან კონტაქტის შენარჩუნებისა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად;
- სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში მყოფი ხანდაზმული პირებისთვის სერვისების უწყვეტობის უზრუნველყოფა, როგორიცაა ფსიქიატრიული მომსახურება, პალიატიური და გერიატრიული ზრუნვა.