მთავრობის ინფორმაციით, საჯარო სამსახურის ბიურო უქმდება. მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ გაუქმების მიზეზი მართვის რაციონალიზაცია და ხარჯების ოპტიმიზაციაა.
"აღსანიშნავია, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს არაერთი ფუნქცია გამოაკლდა. მათ შორის თანამდებობის პირთა დეკლარაციებისა და საჯარო სამსახურში ეთიკისა და კეთილსინდისიერების კონტროლის ფუნქციები, რომლებიც ანტიკორუფციული ბიუროს რეგულირების სფეროში გადავიდა.
ამ ეტაპზე საჯარო სამსახურის ბიუროს ფუნქციები არსებითად შემოიფარგლება საჯარო ადმინისტრირების რეფორმაზე მუშაობით, რაც მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამის დეპარტამენტთან მჭიდრო კოორდინაციით ხორციელდება და საჯარო სამსახურში არსებულ ვაკანსიებზე კონკურსების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებით, რაც მეტწილად ტექნიკურ ფუნქციას წარმოადგენს.
შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ საჯარო სამსახურის ბიურო თავდაპირველი ფუნქციების ერთ მესამედს უკვე აღარ ფლობს, სსიპ-ის ფორმით მისი არსებობა მიზანშეუწონელია", - წერია განცხადებაში.
მთავრობის გადაწყვეტილებით, 2025 წლის 1-ელი აპრილიდან საჯარო სამსახურის ბიურო სსიპ-ის ფორმით აღარ იფუნქციონირებს და მის უფლებამოსილებაში დარჩენილ ფუნქციებს მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი დეპარტამენტები განახორციელებენ.
ბიუროს გაუქმების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად Facebook-ზე ერთ-ერთმა თანამშრომელმა ნინო ცუხიშვილმა გაავრცელა.
„10 წელზე მეტია სსიპ საჯარო სამსახურის ბიურო ემსახურება პროფესიული, პოლიტიკურად ნეიტრალური, კეთილსინდისიერი და ანგარიშვალდებული საჯარო სამსახურის შექმნას, რაც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ერთ-ერთი წინაპირობა იყო.
ამ ღირებულების დასაცავად, ბიუროს თანამშრომლების ნაწილმა ხელი მოაწერა 2024 წლის ნოემბერში საჯარო მოსამსახურეთა ერთობლივ პეტიციას, ხოლო „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში შესულ რეპრესიულ ცვლილებებზე საპასუხოდ - დამოუკიდებლად გაავრცელა კრიტიკული განცხადება", - წერს ის.




























